დუბაის ტურიზმისა და ეკონომიკური ზრდის შტურმანი

დუბაის ტურიზმისა და ეკონომიკური ზრდის შტურმანი

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის CEO-მ, ისამ კაზიმმა Forbes Georgia-სთან ქალაქის, როგორც საერთაშორისო დანიშნულების პუნქტის სტრატეგიებსა და ინიციატივებზე ისაუბრა. ისამ კაზიმმა არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქის ხედვა, მდგრადობისკენ გადადგმული ნაბიჯები, ინოვაციები და დუბაის საცხოვრებელ ჰაბად ქცევის სურვილი გაგვიზიარა.

ბა­ტო­ნო ისამ, რა არის დუ­ბა­ის, რო­გორც ქალა­ქის, კონ­ცეფ­ცი­ა?

ჩვენი ხედვა, რომელსაც ქალაქის დინამიკური მართვისკენ მისწრაფება განაპირობებს, მიზნად ისახავს, ბიზნესისა და დასვენების კუთხით მსოფლიოს სამ საუკეთესო ქალაქს შორის დუბაის პოზიცია განუმტკიცოს და მოსანახულებლად, ცხოვრებისა და მუშაობისთვის საუკეთესო ადგილად აქციოს. ეს სრულად შეესაბამება დუბაის ეკონომიკურ დღის წესრიგს, D33-ს, რომელიც ფართო ეკონომიკური განვითარების გზამკვლევია მთელი ათწლეულის განმავლობაში, 2033 წლამდე. D33-ის ფარგლებში მოქცეული ინოვაციური სტრატეგიების, პროექტებისა და ინიციატივების წყობა მდგრად ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს და დუბაის მსოფლიოში უსწრაფეს, ყველაზე უსაფრთხო ქალაქად აქცევს.

მოხარული ვარ, გითხრათ, რომ 2023 წელს დუბაიმ რეკორდული რაოდენობის, 17.15 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც წლიურად 19,42%-ით გაზრ­დილი მაჩვენებელია და პანდემიამდელ 2019 წელს დაფიქსირებულ 16.73 მილიონსაც კი აჭარბებს. ტურიზმის ინდუსტრიის აღმასვლის ხარჯზე დუბაიმ ზედიზედ მესამედ დაიკავა პირველი ადგილი Tripadvisor Travelers’ Choice Awards 2024-ში, რაც უპრეცედენტო, უნიკალური შემთხვევაა და ამ ინდუსტრიის ისტორიაში პირველად მოხდა. ტურიზმის გარდა, დუბაის რეპუტაციას განსაზღვრავს ისიც, რომ ქალაქი მთელი მსოფლიოს ტალანტებისა და ინვესტორების ეკონომიკური ჰაბია და ფინანსური სერვისების პროვაიდერის, Remitly-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვაში დასახელდა ნომერ პირველ გლობალურ ქალაქად, სადაც 2023 წელს ყველაზე მეტი ადამიანი გადასახლდა.

რა ძი­რი­თად სტრა­ტე­გი­ებ­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვებს მი­მართავთ ამ ხედ­ვის სის­რუ­ლე­ში მო­საყ­ვა­ნად?

D33-ის დღის წესრიგის შუაგულში დუბაის ეკონომიკის გაორმაგებაა 2033 წლამდე, რაშიც დიდი წვლილი უნდა შეიტანოს 100-ზე მეტმა ტრანსფორმაციულმა პროექტმა. 2024 წლისთვის წარმატებას დავაფუძნებთ იმ ძირითად ელემენტებზე, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენი წინსვლის განუყოფელი ნაწილი იყო. ეს მოიცავს დივერსიფიცირებულ მულტიგეოგრაფიულ სტრატეგიას საერთაშორისო ბაზრებისთვის, რასაც თან ერთვის დაინტერესებულ მხარეებსა და პარტნიორებთან უწყვეტი თანამშრომლობა. ვქმნით ხარისხს და სტუმრებს საუკეთესო გამოცდილებას ვთავაზობთ, ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს ინოვაციურ მარკეტინგულ კამპანიებში, რათა დუბაი ყოველთვის ერთი ნაბიჯით სხვებზე წინ იყოს და კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. რაც მთავარია, ვიზიტორებისა და ადგილობრივების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ყოველთვის წინ ვაყენებთ, რათა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილის სტატუსი შევინარჩუნოთ.

ინოვაციების ხელშეწყობისადმი დუბაის ერთგულება ასევე განვითარებისთვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს, იზიდავს მულტინაციონალურ კორპორაციებს, მეწარმეებს, სტარტაპებსა და ტალანტებს, რომლებიც ჩვენი დინამიკური ეკოსისტემის მნიშვნელობას ითავისებენ. მეტი კომპანიის, ინვესტიციებისა და ტალანტების მოზიდვისთვის მთავარ საფეხურებს შორისაა ბიზნესღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს ვიზიტორების რაოდენობის ზრდასაც. დუბაი უკვე ჩამოყალიბდა საერთაშორისო კონფერენციების, კონგრესების, შეხვედრებისა და გამოფენების მსოფლიო დონის მასპინძელ ქალაქად და დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობით ყოველთვის ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ქალაქში მეტი საერთაშორისო თუ რეგიონული ღონისძიების ჩატარებისთვის და, ამავდროულად, ადგილობრივი ღონისძიებების განვითარების ხელშეწყობისთვის.

აღსანიშნავია, რომ დუბაის 2040 Urban Master Plan-ის ფარგლებში ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები მთელი ქალაქის მასშტაბით ხორციელდება და ტურიზმის საჭიროებები კმაყოფილდება, რაც საერთაშორისო მოგზაურისთვის ყოველთვის რაღაც ახლისა და უნიკალურის შეთავაზებას, ამავე დროს, დუბაის ტალანტების თავშეყრის ადგილად გარდაქმნას გულისხმობს.

რად­გან დუ­ბაი ბიზ­ნე­სი­სა და ტუ­რიზ­მის გლო­ბა­ლურ ჰა­ბად ქცე­ვას ისა­ხავს მიზ­ნად, რო­გორ აბა­ლან­სებთ ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­სა და მდგრა­დო­ბას გრძელ­ვა­დი­ანი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად? გა­მო­არ­ჩევთ თუ არა ტუ­რიზ­მ­თან მი­მარ­თე­ბით მდგრა­დო­ბის კონ­კ­რე­ტულ პრაქ­ტი­კებს ან პრო­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც სი­ა­მა­ყის გან­ც­დას გგვრით?

არაბთა გაერთიანებული საამიროების „მდგრადობის წელი“ 2024-შიც გრძელდება და მდგრადობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ნათლად ჩანს სხვადასხვა ძირითადი ინიციატივის აქსელერაციითა და გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის, გარდამტეხი მნიშვნელობის COP28-ის მასპინძლობით Expo City Dubai-ში 2023 წლის ბოლოს. COP28-ის დროს ათიათასობით დელეგატი და მონაწილე ჩამოვიდა დუბაიში და ისინი მხოლოდ მასშტაბური ღონისძიებების წარმატებით მასპინძლობისთვის აშენებულ ქალაქს კი არ ეწვივნენ, არამედ ადგილს, რომელიც მოქმედებაშია და ამბიციებს მიღწევებით უმაგრებს ზურგს. მსოფლიოში უდიდესი მზის პარკის განვითარება და ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯები უკვე მიღწეული პროგრესის ხელშესახები მტკიცებულებაა.

მდგრადობისთვის ქალაქის ზოგად მიდგომას არაბთა გაერთიანებული საამიროების Net Zero 2050-სტრატეგია განაპირობებს, კონკრეტულად ტურიზმის სექტორში კი ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად პრაქტიკებს შორის ბალანსის დაცვას დუბაის მდგრადი ტურიზმის (DST) ინიციატივით ვცდილობთ.

DST-ის ერთ-ერთი მთავარი წარმატება იყო მოძრაობა Dubai Can-ი, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო და მთელ ქალაქს მოედო. ის მიზნად ისახავს საზოგადოების წახალისებას, შეამცირონ ერთჯერადი წყლის ბოთლების მოხმარება სხვადასხვა სტრატეგიულ ადგილას დამონტაჟებული 50 საზოგადოებრივი წყლის სადგურის გამოყენებით. დღეის მდგომარეობით, Dubai Can-ის „შეავსე სიცოცხლისთვის“-კამპანიის შედეგად, 18 მილიონზე მეტი 500 მლ-იანი ერთჯერადი პლასტმასის წყლის ბოთლი დაიზოგა.

კიდევ ერთი ინიციატივა არის „ნახშირბადის კალკულატორი“, რომელიც სასტუმროებს ხარჯების დაზოგვასა და მდგრად პრაქტიკებზე გადასვლაში უწყობს ხელს. მდგრადობის მისაღწევად ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთი მტკიცებულებაა „დუბაის მდგრადი ტურიზმის მარკა“, რომელიც ინდუსტრიასთან თანამშრომლობით შემუშავდა, რათა გამოირჩეს ის სასტუმროები, რომლებიც უმაღლეს მწვანე სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

რო­გო­რია დუ­ბა­ის პო­ზი­ცია გლო­ბა­ლურ ეკო­ნო­მი­კა­სა და ტუ­რიზ­მ­ში? რა ნა­ბი­ჯებს დგამთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მასშ­ტა­ბით კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გა­საზ­რ­დე­ლად? რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა დუ­ბაი სხვა მთა­ვა­რი ტუ­რის­ტუ­ლი და­ნიშნუ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პუნ­ქ­ტე­ბის­გან?

დუბაის, სწრაფად მზარდ და პროგრესულ მეტროპოლიას, სხვა ადგილებისგან გამოარჩევს სრულყოფილი სერვისებისადმი ურყევი ერთგულება. გვჯერა, რომ ყოველი ურთიერთქმედება, ჩამოსვ­ლიდან გამგზავრებამდე, ვიზიტორების საერთო გამოცდილებაზე დიდ გავლენას ახდენს. სრულქმნისკენ სწრაფვაა იმის გარანტი, რომ საერთაშორისო ვიზიტორებს დუბაიმ მოლოდინი არამხოლოდ გაუმართლოს, არამედ გადააჭარბოს კიდევაც.

უფრო მეტიც, ჩვენ მუდმივად ვეძებთ დამატებით შესაძლებლობებს ზრდისთვის, ვიზიდავთ ტალანტებს, მეწარმეებსა და ინვესტორებს. დუბაის, როგორც ბიზნესცენტრის მიმზიდველობა მის გეოგრაფიულ უპირატესობებს სცილდება. ქალაქი გთავაზობთ პრობიზნესგარემოს, რის საფუძველსაც საკანონმდებლო, მარეგულირებელი რეფორმები წარმოადგენს და ხელს უწყობს ინოვაციას, მეწარმეობასა და ბიზნესის კეთების გამარტივებას.

D33-ის დღის წესრიგის შესაბამისად, ვიზების სხვადასხვა კატეგორიაც შემოვიღეთ, რაც განსხვავებული უნარებისა და მიზნების მქონე პირებს დუბაიში გადმოსვლას გაუმარტივებს. ჩვენი ვიზები განკუთვნილია გლობალური აუდიტორიის სხვადასხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად, იქნება ეს მუშაობა, ინვესტირება თუ დასვენება და დასასახლებლად მსოფლიოში საუკეთესო ქალაქის სტატუსის გაძლიერებას ემსახურება.

ცნობადობის ამაღლებასა და საერთაშორისო მოგზაურებისთვის მიმზიდველ ქალაქად შენარჩუნებაზე რეგულარული გლობალური კამპანიებით ვაგრძელებთ მუშაობას. ეს კამპანიები წამყვან როლს თამაშობს ვიზიტორებისთვის დუბაის მრავალფეროვანი შეთავაზებების საჩვენებლად და აუცილებლად სანახავი ქალაქის სტატუსის გასამყარებლად.

გარდა ინფრასტრუქტურისა, რომელიც ნებისმიერი მასშტაბის შეხვედრებზე, კონფერენციებსა და გამოფენებზეა მორგებული, ბიზნესღონისძიებებისთვის დამგეგმავებს დუბაის უნიკალური ეკონომიკური ცოდნითაც შეუძლიათ ისარგებლონ და გააერთიანონ კულტურული გამოცდილებები, რითაც ქალაქი სხვებისგან გამორჩეულია.

დუბაის მზაობა, განვითარების პროცესში ყოველთვის ახალი, უნიკალური და მსოფლიო კლასის სერვისი შესთავაზოს საერთაშორისო მოგზაურებს, გამოიხატება იმგვარ საკულტო პროექტებში, როგორიცაა Ciel Tower-ი, რომელიც, დასრულების შემდეგ, ყველაზე მაღალი სასტუმრო იქნება მსოფლიოში. გამოსარჩევია One Za’abeel-ი – მსოფლიოში ყველაზე დიდი და გასაოცარი 360-გრადუსიანი, პანორამული ხედით ქალაქზე, ასევე The Link-ი, რომელიც არქიტექტურული ინოვაციისა და საზღვრების გადაკვეთისკენ დუბაის მისწრაფებას აჩვენებს.

რა რო­ლი აქვს ტექ­ნო­ლო­გი­ა­სა და ინო­ვა­ცი­ას დუ­ბა­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი და ტუ­რის­ტუ­ლი ლან­დ­შაფ­ტის­თ­ვის? რომე­ლია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ციფ­რუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვები და პრო­ექ­ტე­ბი ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ის პრო­ცეს­ში? რო­გორ ფიქ­რობთ, რა გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბად ტექ­ნოლო­გი­ებს, ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს, ბლოკ­ჩე­ინ­სა და ვირტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბას ქა­ლა­ქის ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ზე?

ვაჭრობისა და ტურიზმის ეკოსისტემაში სტანდარტის ასამაღლებლად ინიციატივებს მუდმივად ვახორციელებთ, რათა დუბაი გლობალურ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სათავეში მყოფ ქალაქად პოზიციონირდეს. სწორედ ამ ევოლუციის მამოძრავებელია დუბაის ეკონომიკური დღის წესრიგი (D33) და დუბაის 2040 წლის ურბანული გენერალური გეგმა – პროექტი, რომელიც ქალაქს განვითარების ახალ გზებზე აყენებს.

დუბაის 2040 წლის ურბანული გენერალური გეგმა არის ქვაკუთხედი ქალაქის მომავლის ხელახლა განსაზღვრისთვის, ის არა მხოლოდ 100%-ით გააფართოებს სასტუმროებისა და ტურისტული აქტივობებისთვის განკუთვნილ მთლიან სივრცეს, არამედ შექმნის მომავალს, რომელშიც მდგრადობა, ინოვაცია, ტექნოლოგია და ინკლუზიურობა ურბანულ ქსოვილშია ჩაქსოვილი.

ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ინოვაციების სფეროში Intelak Hub-ს, Emirates Group-ს, DET-ს, Accenture-სა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობა ცხადყოფს დუბაის მზადყოფნას, წამოიწყოს, ხელი შეუწყოს და გააფართოოს სტარტაპები, რომლებიც ტრანსფორმაციულ გამოცდილებებს უზრუნველყოფენ და ტურიზმის, საავიაციო ინდუსტრიისთვის ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მუშაობენ. ამასთან, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის აპლიკაციების შესწავლაში წინა პლანზე მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესება, რუტინული მოთხოვნების გამარტივება, დაჯავშნის პროცესის ოპტიმიზაცია და ინდივიდუალურ პრეფერენციებზე დაფუძნებული, პერსონალიზებული სამოგზაურო რეკომენდაციების მიწოდებაა.

ქალაქის ხედვა, სათავეში ჩაუდგეს საზოგადოებისა და გლობალური ეკონომიკის გარდამქმნელი ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, ხელოვნური ინტელექტის, ბლოკჩეინისა და ვირტუალური რეალობის ჩათვლით, პირდაპირ გავლენას ახდენს დუბაის, როგორც ღონისძიებების მასპინძლის მიმზიდველობაზე. ბიზნესებს, ასოციაციებსა და სხვა ორგანიზაციებს საშუალება აქვთ, ჩვენი გამოცდილება საკუთარი კონფერენციებისა და შეხვედრების დასაგეგმად გამოიყენონ.

დუ­ბაი ცნო­ბი­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით, იქ­ნე­ბა ეს მდიდ­რუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი თუ კულ­ტუ­რუ­ლი გამოც­დი­ლე­ბე­ბი. რო­გორ ახერ­ხებთ ბა­ლან­სის დაც­ვას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე ტუ­რის­ტე­ბის მასპინ­ძ­ლო­ბი­სას?

ყოველთვის მზად ვართ, განსხვავებული ბიუჯეტისა და პრიორიტეტის მოგზაურთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად კიდევ უფრო ავამაღლოთ სტანდარტები და ინოვაციური, გამორჩეული გამოცდილება შევთავაზოთ მათ. შეთავაზებების ფართო და მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ასევე მუდმივი ფოკუსირება ქალაქის უსაფრთხო, ინკლუზიურ და ხელმისაწვდომ დანიშნულების ადგილად გარდაქმნაზე, ხელს უწყობს მიზნის მიღწევას, დუბაი ვიზიტებისთვის, საცხოვრებლად და სამუშაოდ საუკეთესო ქალაქად იქცეს. მომხმარებლის წინ დაყენებით უზრუნველვყოფთ იმასაც, რომ ქალაქი გლობალურ ტენდენციებს, მაგალითად, გამოცდილებაზე დაფუძნებულ ტურიზმსა და მდგრადობაში, წინ უსწრებს, ქმნის შესაძლებლობებსა და დასამახსოვრებელ მომენტებს ყველა დამთვალიერებლისთვის.

თანამედროვე ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებული სერვისების, მთავრობასა და კერძო სექტორს, დაინტერესებულ მხარეებსა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხარჯზე, დუბაი პირველ ტურისტულ მიმართულებად იქცა ვიზიტორებისთვის როგორც ტრადიციული, ისე ახალი ბაზრებიდან. უკვე 80-ზე მეტ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი და დივერსიფიცირებულ მიდგომას დუბაი მომავალშიც შეინარჩუნებს, გააგრძელებს თანამშრომლობას ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან და 3,000-ზე მეტ გლობალურ პარტნიორთან.

საჯარო-კერძო პარტნიორობის უნიკალური მოდელი გადამწყვეტ როლს ასრულებს აუცილებლად სანახავ ქალაქად დუბაის პოზიციონირებაში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, სტუმრებმა მიიღონ დამატებითი ღირებულება და დაუვიწყარი გამოცდილებები, რაც ვიზიტების განმეორების საწინდარია. გლობალური მარკეტინგული კამპანიები კიდევ უფრო გაზრდის ვიზიტორების ნდობას, თავდაჯერებულობასა და მიზიდულობას დუბაისადმი.

კო­ვიდ­-­1­9­-ის პან­დე­მი­ამ გლო­ბა­ლურ ტუ­რიზ­მ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იმოქ­მე­და. 2023 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში დუ­ბა­ი­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტებ­მა პან­დე­მი­ამ­დელ ნიშ­ნულ­საც კი გა­და­ა­ჭარ­ბა. რამ გა­ნა­პი­რო­ბა ეს წარ­მატე­ბა და რა სტრა­ტე­გი­ებს მი­მარ­თეთ ტუ­რიზ­მის სექ­ტორის აღ­დ­გე­ნის და­საჩ­ქა­რებ­ლად?

ყოველთვის, მათ შორის, პანდემიის დაწყებისასაც დუბაის მიდგომა მზადყოფნას, სისწრაფესა და თანამიმდევრულობას მოიცავდა. მართალია, ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელიც პანდემიის საპასუხოდ ვიზიტორებისთვის დაიხურა, მაგრამ ასევე ერთ-ერთმა პირველმა გავხსენით საზღვრები საერთაშორისო ტურისტებისთვის 2020 წლის ივლისში და მას შემდეგ მნიშვნელოვანი შეფერხებები არც ყოფილა. მკაცრი ჰიგიენისა და უსაფრთხოების პროტოკოლების დანერგვის მცდელობებმა, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანამ განაპირობა ის, რომ მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოსგან ქალაქმა „უსაფრთხო მოგზაურობის“ მარკა მიიღო. მას შემდეგ დუბაი ძლიერდება და სტაბილურად აგრძელებს დასვენების მსურველი თუ საერთაშორისო ბიზნესმოგზაურების ნაკადის მიღებას. აქტიურად ვავითარებთ ტურიზმის ლანდშაფტს, რომელიც არა მხოლოდ მყარი, არამედ მომავალზე გათვლილია და უზრუნველყოფს, რომ დუბაი ტურიზმის გლობალური აღდგენის მაგალითი იყოს.

მომდევნო ათი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური კომპასის ფუნქციას D33 შეასრულებს და, შესაბამისად, მზად ვართ, გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი, გავზარდოთ აქტივები, გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდის ტემპი. ეს ყოვლისმომცველი მიდგომა უზრუნველყოფს, ტურიზმი ტანდემში განვითარდეს ჩვენს მიზნებთან, რომლებიც ტალანტების მოზიდვას, ბიზნესაქსელერაციასა და მთავრობის ინოვაციურობას მოიცავს, რათა დუბაი ზრდისა და განვითარების ეპიცენტრი იყოს.

ვი­სა­უბ­როთ გლო­ბა­ლურ საცხოვ­რე­ბელ ჰა­ბად ქცე­ვის პო­ტენ­ცი­ალ­ზე. რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს დუ­ბა­ის და რას სთა­ვა­ზობს ის ტა­ლან­ტებს?

გვაქვს ურყევი მისწრაფება, ბიზნესის კეთებისა და დასვენების კუთხით სამ საუკეთესო ქალაქს შორის დუბაის პოზიცია გავამყაროთ და, ასევე, ვაქციოთ ის საუკეთესო ქალაქად ვიზიტებისთვის, საცხოვრებლად და სწავლისთვის. ვამაყობთ, რომ დუბაიში ცხოვრების სტილი გარანტირებულად უნიკალურია.

საცხოვრებელ გლობალურ ცენტრად პოზიციონირებისთვის ვაგრძელებთ წინსვლას იმ ინიციატივებით, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში შემოსვლის გამარტივებას და ქალაქის ცხოვრებაში მდგრად ჩართულობას. ტალანტების მოზიდვისადმი ჩვენი მზაობის მაგალითია „ოქროს ვიზები“, განკუთვნილი მეწარმეებისთვის, ქონების ინვესტორებისთვის, ბიზნესლიდერებისა და მაღალი მოსწრების სტუდენტებისთვის, ხუთწლიანი მრავალჯერადი ვიზა და ვირტუალური სამუშაო პროგრამა კი უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს საერთაშორისო პროფესიონალებს აქ საცხოვრებლად და სამუშაოდ.

აღსანიშნავია, რომ ქონების საკონსულტაციო კომპანია Savillsმა დისტანციურად მომუშავეთათვის დუბაი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქად დაასახელა 2023 წლის Executive Nomad Index-ში. ამავდროულად, ჩვენი პროგრამა Retire in Dubai უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს იმ პირებს, რომლებსაც ქალაქთან გრძელვადიანი კავშირი სურთ.

დუბაის, როგორც მზარდი გლობალური ჰაბის, მიმზიდველობა მდგომარეობს განსაკუთრებულ ცხოვრების წესში, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული მისი ხარისხისა და უსაფრთხოების გამო, ასევე, ინიციატივების მთელ წყობაში, რომლებიც მიზნად ისახავს, ქალაქი მსოფლიო ნიჭის მიზიდულობის ცენტრად იქცეს.

2023 წელს, იაპონიაში, Mori Memorial Foundation-ის ურბანული სტრატეგიების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული Global Power City Index-ის მიხედვით, დუბაი ყველაზე სუფთა და უსაფრთხო ქალაქადაც დასახელდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენთან ყველა ადგილობრივისა და ვიზიტორისთვის დაცული და სასიამოვნო ატმოსფეროა.

რა არის თქვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე და­სა­ფა­სე­ბე­ლი ას­პექ­ტი დუ­ბა­ის ეკო­ნო­მი­კი­სა და ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის CEO-ს როლ­ში?

ჩემი პოზიციის ყველაზე დასაფასებელი ასპექტი იმის თვალის დევნებაა, თუ როგორ გარდაიქმნება დუბაი გლობალურ ცენტრად და ეკონომიკურ ჰაბად. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეზიდენტებისა და ვიზიტორების კეთილდღეობაში წვლილი შეგვაქვს. ნამდვილად სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ჩვენი ქმედებები დადებით გავლენას ახდენს ქალაქსა და მის მცხოვრებლებზე, განსაკუთრებით გამოსარჩევია მუდმივად განვითარებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარიც. შთამაგონებელია ურყევი მხარდაჭერა დაინტერესებული მხარეებისა და პარტნიორებისგან, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ იმაში, რომ დუბაიმ მსოფლიოში წამყვანი სამოგზაურო ადგილმდებარეობის სტატუსი შეინარჩუნოს.

რა რჩე­ვას მის­ცემ­დით ახალ­გაზ­რ­და პრო­ფე­სი­ო­ნალებს, რო­მელ­თაც სურთ, წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ თა­ვი­ან­თი ქა­ლა­ქი­სა თუ ქვეყ­ნის ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში?

ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომელთაც თავიანთი ქალაქის ან ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა სურთ, ამ რჩევებს ვთავაზობ: იყავით ცნობისმოყვარეები, გიყვარდეთ თქვენი საქმე და არასდროს შეწყვიტოთ სწავლა. მიიღეთ ინოვაციები, მოერგეთ ცვლილებებს, იყავით მოქნილები გამოწვევებთან გამკლავებისას და ისინი შესაძლებლობებად აქციეთ. მიიღეთ შთაგონება გარშემო მყოფებისგან, მათ შორის, ლიდერებისგან, რომლებიც გხელმძღვანელობენ და კოლეგებისა თუ პარტნიორებისგან, რომლებიც თქვენთან თანამშრომლობენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *