ახალი კულტურით ახალი ოფისიდან

ახალი კულტურით ახალი ოფისიდან

2023 წლის მაისიდან Japan Tobacco International-მა ახალი ორგანიზაციული კულტურა დანერგა, რომლის შემუშავებაშიც, გლობალური მასშტაბით, 1000-ზე მეტი თანამშრომელი იყო ჩართული. განახლებული ორგანიზაციული კულტურის საპასუხოდ, წელს JTI კავკასიის წარმომადგენლობა ოპერირებას ახალი ოფისიდან აგრძელებს, რომელიც თანამშრომლებისთვის მეტი კომფორტის უზრუნველყოფასა და მაქსიმალურად ეფექტიანი სამუშაო პირობების შექმნაზეა ორიენტირებული.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ისევე როგორც კომპანიების უმეტესობა, JTI-ც დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა და თითოეული დასაქმებულისთვის დამატებითი ბიუჯეტი გამოყო სახლში მაქსიმალურად კომფორტული სამუშაო სივრცის მოსაწყობად. არატრადიციული მუშაობის სტილი კომპანიისთვის საკმაოდ ეფექტიანიც კი აღმოჩნდა. როგორც JTI-ში აცხადებენ, თანამშრომლები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეუფერხებლად აგრძელებდნენ მუშაობას და დასახულ მიზნებს წარმატებით აღწევდნენ.

„პანდემიის დასრულების შემდეგ მივხვდით, რომ სწორი იქნებოდა, სახლიდან მუშაობის ალტერნატივა თანამშრომლებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი დაგვეტოვებინა, ოფისისთვის კი უფრო მეტად თანამშრომლების ერთმანეთთან კომუნიკაციისა და კოლაბორაციის დანიშნულება მიგვეცა, ამისთვის ოფისის სივრცის სხვაგვარი მოწყობა გახდა საჭირო“, – აღნიშნავს JTI კავკასიის გენერალური მენეჯერი, სერგეი ბუქსა.

ამასთან ერთად, 2023 წლის მაისში, კომპანიაში განახლებული ორგანიზაციული კულტურა ამოქმედდა. ცვლილების მთავარი მიზანი იყო, თანამშრომლებისთვის საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენის მხარდასაჭერად, მათზე მაქსიმალურად მორგებული, კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნა. ახალი კულტურა ბევრი ელემენტისგან შედგება, მაგრამ მთავარი აქცენტები შეუზღუდავ კოლაბორაციაზე, ღირებული შედეგების მიღწევაზე, თანამშრომლებისთვის უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნასა და ეკომეგობრული გადაწყვეტილებების მიღებაზე კეთდება.

„ჩვენი ახალი ორგანიზაციული კულტურის შინაარსის გათავისება მხოლოდ ზედაპირულ ცვლილებებს არ გულისხმობს – საჭიროა, რომ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ქმედებები მის ძირეულ პრინციპებთან სრულ ჰარმონიაში იყოს. ახალი ოფისის დაგეგმარების დროსაც ჩვენი კომპასი სწორედ განახლებული კულტურა და მისი სტანდარტები იყო“, – აღნიშნავს სერგეი.

სერგეი ბუქსა, JTI კავკასიის გენერალური მენეჯერი

შეიძლება ითქვას, რომ JTI-ის ახალი ოფისი თავად თანამშრომლებმა შექმნეს, დეტალებზე JTI კავკასიის ადმინისტრაციისა და ავტოპარკის მენეჯერი ია ყანჩაველი გვიყვება, რომელიც ოფისის რელოკაციის პროექტს უძღვებოდა.

„პროექტის დასაწყისში ვფიქრობდით, როგორ გაგვეთვალისწინებინა ყველას აზრი ისეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, როგორიცაა დიზაინი, ინვენტარის ფუნქციონალი და ოფისის განლაგება. ამიტომაც გავააქტიურეთ „ამბასადორების სისტემა“ და შევკარით მოხალისეების სამუშაო ჯგუფი, რომელშიც კომპანიის აბსოლუტურად ყველა დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო ჩართული და მთელი დაგეგმარების პროცესის განმავლობაში „ამბასადორები“ თავიანთი გუნდის ინტერესებსა და მოსაზრებებს გვიზიარებდნენ“ , – გვიყვება ია.

სწორედ თანამშრომლების ჩართულობისა და იდეების დამსახურებით, დღეს ოფისს უამრავი ფუნქციონალი აქვს: ერგონომიული სკამები, რომლებიც სრულად შეგიძლია მოარგო შენთვის მოსახერხებელ ჯდომის მანერას, სიმაღლეში რეგულირებადი მაგიდები, რომლებიც იმ შემთხვევაში, თუ ჯდომით დაიღალე, საშუალებას იძლევა, ფეხზე მდგომმა გააგრძელო მუშაობა, ორი დიდი ღია კოლაბორაციის სივრცე, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა, არაფორმალურ გარემოში გქონდეს ინტერაქცია კოლეგებთან და ბევრი სხვა. მათ შორის, როგორც ია აღნიშნავს, თანამშრომლების ფავორიტი სივრცეა ეგრეთწოდებული „დასასვენებელი ოთახი“ – იმ შემთხვევისთვის, თუ, ასეთ გარემოშიც კი, თანამშრომლებს ცოტა ხნით რეალობისგან მოწყვეტა და განმარტოება მოუნდებათ. ამ ოთახში განსატვირთად მათ მყუდრო გარემო, თბილი განათება და მასაჟორიანი სავარძელი დახვდებათ.

ჩვენს რესპონდენტებს სწორედ ახალ ოფისში ვესაუბრეთ, რამაც მოგვცა საშუალება, მისი უპირატესობები საკუთარ თავზე გამოგვეცადა. JTI-ს კარის შეღებისას, პირველი, რაც თვალში მოგვხვდა, არის ერთმანეთისგან გაუმიჯნავი, ღია, ნათელი სივრცეები ბევრი ცოცხალი მცენარით. ოფისში მხოლოდ რამდენიმე იზოლირებული შეხვედრის ოთახია, ამიტომაც მთელ ტერიტორიაზე, ხმაურის შესამცირებლად და სიმყუდროვის უზრუნველსაყოფად, სპეციალური ხმის ჩამხშობი აკუსტიკური ინვენტარია გამოყენებული.

ია ყანჩაველი, JTI კავკასიის ადმინისტრაციისა და ავტოპარკის მენეჯერი

არცერთ თანამშრომელს არა აქვს კონკრეტული ადგილი გამოყოფილი ოფისში და შეუძლია, ყოველდღე მისთვის სასურველი და მოსახერხებელი სივრციდან იმუშაოს. აქედან გამომდინარე, კომპანიაში აქტიურია „ქლინ დესკის“ პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ სამუშაო დღის ბოლოს მაგიდაზე პირად ნივთებს არავინ ტოვებს. ყველა თანამშრომელს აქვს სპეციალური ჩანთა, სადაც საკუთარ ნივთებს ალაგებს და ბეიჯზე მიბმულ, ციფრული სისტემის მქონე ლოქერში ინახავს.

რესპონდენტების თქმით, JTI გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას, დაიცვას გარემო და მუდმივად იღებს მონაწილეობას ეკომეგობრულ პროექტებში. შესაბამისად, კომპანიამ ოფისის მოწყობის ნაწილშიც პრიორიტეტი ეკომეგობრულ ტექნოლოგიებს მიანიჭა, როგორიცაა, მაგალითად, სველ წერტილებში დამონტაჟებული წყლისა და ელექტროენერგიის სენსორული სისტემები, რომლებიც ამ რესურსების დაზოგვას ემსახურება.

გარდა ამისა, ოფისში წყლის მთავარ სისტემაზე მიერთებულია სპეციალური ფილტრი, რომლის დახმარებითაც თანამშრომლებს შეუზღუდავი რაოდენობის გაფილტრული, სუფთა წყლით სარგებლობა შეუძლიათ.

„ეს ინიციატივა პლასტმასის მოხმარებასა და გავრცელებაზე უარის თქმაში გვეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ მაინც საჭირო გახდება ოფისში რაიმე სახის პლასტმასის გამოყენება, გვაქვს სპეციალური ყუთები, სადაც მათ ვაგროვებთ და გადამმუშავებელ კომპანიას ვაწვდით. მსგავსი პოლიტიკა გვაქვს ქაღალდთან დაკავშირებითაც, თუმცა მაქსიმალურად ვერიდებით მის გამოყენებას და საჭირო ინფორმაციას უმეტესწილად ციფრული ფორმით ვინახავთ“, – აღნიშნავს ია.

რა თქმა უნდა, დავინტერესდით, როგორი იყო თანამშრომლების პირველი შთაბეჭდილებები ახალ ოფისთან დაკავშირებით. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი სერგეი ბუქსა აღნიშნავს, ისინი ყველაზე მეტად ღია სივრცეებით, ფერებითა და გამწვანებით მოიხიბლნენ.

„ზოგადად, ყველა მნიშვნელოვან პროექტში, იქნება ეს მცირე და ლოკალური თუ დიდი და გლობალური, კომპანია უსმენს თავის თანამშრომლებს, რათა საბოლოოდ ისეთი პროდუქტი მიიღოს, რომლითაც ყველა კმაყოფილი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ახალი ოფისი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია და ვფიქრობ, რომ ერთად შევქმენით თანამშრომლებისთვის ისეთი გარემო, რომელშიც საკუთარი თავის და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოხატვას შეძლებენ“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *