ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო 12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით კავკასიას ეწვევა. პირველად ჩავა აზერბაიჯანში, შემდეგ ეწვევა საქართველოს, და დაასრულებს ვიზიტს სომხეთში.
ეს არის პრეზიდენტ რენო-ბასოს პირველი პირადი ვიზიტი რეგიონში 2020 წლის ბოლოს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ვიზიტი დაგეგმილი იყო 2021 წელს, მაგრამ Covid-19-ის პანდემიის დროს მოგზაურობის შეზღუდვამ მისი გადადება გამოიწვია.
გამგზავრებამდე EBRD-ის პრეზიდენტმა ვირტუალური შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჯგუფებთან.
ქ-მა რენო-ბასომ თქვა: „მოუთმენლად ველი კავკასიაში ვიზიტს, სადაც ბანკმა 30 წლიანი ოპერირების განმავლობაში შესანიშნავ შედეგებს მიაღწია.
„მიუხედავად მისი ზომისა, რეგიონი რჩება ჩვენთვის მნიშვნელოვან საინვესტიციო მიმართულებად, სადაც ჩვენ უკვე 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ.
„ჩემი ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას კავკასიისა და მისი მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მიმართ, ასევე სატრანსპორტო კავშირების, მდგრადი ინფრასტრუქტურისა და პოლიტიკური დიალოგის გაუმჯობესების საკითხებთან მიმართებაში.
„ასევე შევხვდები ჩვენს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა განვიხილოთ კერძო სექტორის შემდგომი მხარდაჭერა, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოების.“
ქ-ნი რენო-ბასო ჯერ ბაქოში გაემგზავრება, სადაც აზერბაიჯანის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდება. ის ასევე შეხვდება დიპლომატებს, ბიზნეს საზოგადოების ლიდერებს და ბანკის არსებულ პარტნიორებს.
EBRD-ის პრეზიდენტი ხელს მოაწერს აზერბაიჯანში ბანკის მიერ მწვანე ქალაქის პროექტის შესახებ შეთანხმებას და ოფიციალურად წარადგენს ინვესტიციების ხელშეწყობის ეროვნულ სააგენტოსთან, AzPromo, ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის სატელეკომუნიკაციო, მედიისა და ტექნოლოგიების (TMT) სექტორის გაძლიერებას.
თბილისში EBRD-ის პრეზიდენტი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. ის ასევე შეხვდება დიპლომატებს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეგიონულ ხელმძღვანელებს, ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებს და არსებულ ბიზნეს პარტნიორებს კერძო სექტორიდან, მათ შორის ადგილობრივი ბანკებიდან.
ქ-ნი რენო-ბასო ხელს მოაწერს საკრედიტო ხელშეკრულებებს ფინანსურ და ჯანდაცვის სექტორში დიდი ხნის პარტნიორებთან.
მისი ვიზიტი ემთხვევა ქვეყანაში EBRD-ის საქმიანობის დაწყებიდან 30 წლის იუბილეს. 1992 წლის შემდეგ, ბანკმა 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტის ფარგლებში.
EBRD-ის პრეზიდენტი ვიზიტს ერევანში დაასრულებს, სადაც სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდება. ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებთან და განვითარების საერთაშორისო პარტნიორებთან. ქ-ნი რენო-ბასო ასევე ეწვევა ცენტრალურ ბანკს და დაესწრება დისკუსიას მრგვალ მაგიდასთან ადგილობრივი პარტნიორი ბანკების აღმასრულებელ დირექტორებთან.
შემდეგ პრეზიდენტი რენო-ბასო ეწვევა კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს (TUMO) სადაც შეხვდება სომხეთის მაღალტექნოლოგიური სექტორის ლიდერებს და დაესწრება EBRD-ის მიერ მხარდაჭერილი სომხეთის საინვესტიციო საბჭოს 15 წლის იუბილესთან დაკავშირებულ დღესასწაულს.
1992 წელს კავკასიაში თავისი საქმიანობის დაწყებიდან, EBRD-მა 10,64 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 652 პროექტის ფარგლებში რეგიონის ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების უმეტესობა განხორციელდა კერძო სექტორში.