ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბანკი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას $250 მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდების რეფინანსირებაში დაეხმარება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კორპორაციამ 5-წლიანი ვადიანობის ევრობონდები 2016 წელს გამოუშვა და მათი დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილში იწურებოდა. ფასიანი ქაღალდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებოდა.
EBRD-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაფინანსების შეთანხმება COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ მოხდა. ამასთან, ფინანსური პაკეტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო კომპანიაში დაგეგმილ რეფორმებს. მათ შორისაა, ბუნებრივი აირის ბირჟის განვითარება.
“სესხი შეამსუბუქებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ლიკვიდობაზე დაწოლას, რაც COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების მიერ იყო გამოწვეული, ამასთან დაფინანსება კომპანიას კაპიტალის ბაზარზე წვდომაში არსებულ სირთულეებსაც შეუმსუბუქებს,”- ნათქვამია EBRD-ის განმარტებაში.
ნავთობისა და გაზის კორპორაცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს კომპანიის შემოსავალი 37%-ით გაიზარდა და მან 880.6 მილიონ ლარს მიაღწია. კორპორაციის წმინდა მოგება გასულ წელს 22.8%-ით შემცირდა და 121.4 მილიონი ლარი შეადგინა. მოგების შემცირების მიუხედავად, GOGC-ი 2019 წელს მაინც ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სახელმწიფო საწარმო იყო.
კორპორაციის აქტივების მთლიანი მოცულობა 1.88 მილიარდ ლარს შეადგენს. GOGC-ის აქტივებს შორისაა მაგისტრალური გაზსადენები, ასევე კომბინირებული ციკლის თბოსადგურები გარდაბანი 1 და გარდაბანი 2 – ეს უკანასკნელი ოფიციალურად ექსპლოატაციაში 2019 წლის ბოლოს შევიდა. კომპანია შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს ბუნებრივი აირის რეალიზებით იღებს. თავად კორპორაცია ბუნებრივ აირს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავლები ცალკეული მიმართულებების მიხედვით ასე ნაწილდება:
● ბუნებრივი აირის რეალიზაცია – 576 მილიონი ლარი;
● ელექტროენერგიის მიწოდება – 225 მილიონი ლარი;
● ნედლი ნავთობით ვაჭრობა – 15 მილიონი ლარი;
● მილსადენის გაქირავების შემოსავალი (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო სუფსას მილსადენები) – 43 მილიონი ლარი;
● ნავთობის ტრანსპორტირების საკომისიო შემოსავალი (ბაქო-სუფსა) – 21 მილიონი ლარი.
ევროობლიგაციები:
2012 წელს კორპორაციამ პირველად გამოუშვა 250 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევრო ობლიგაციები და ისინი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა.
2016 წლის აპრილში კორპორაციამ განახორციელა ევრო ობლიგაციების ხელახალი გამოშვება და წინსწრებით დაფარა 2012 წელს აღებული ფინანსური ვალდებულებები. ახალი ვალდებულების დაფარვის ბოლო თარიღი 2021 წლის 26 აპრილი უნდა ყოფილიყო.
უკანასკნელი მდგომარეობით, კორპორაციის ბონდის ერთეულის ნომინალური ღირებულება $100.45 დოლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება 3.62%-ით იყო შემცირებული.