ეკონომიკა, როგორც თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი - კლიმენტი ბერულავა, ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებული

ეკონომიკა, როგორც თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი - კლიმენტი ბერულავა, ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებული

ეკონომიკით მაშინ დავინტერესდი, როცა შევამჩნიე, რომ ადამიანების ურთიერთობში და საზოგადოებაში არსებობდა რაღაც უხილავი წესრიგი, რომელიც პროცესებს წარმართავდა. ის აწესრიგებდა ურთიერთობებს, ზეგავლენას ახდენდა ჩვენს გადაწყვეტილებებზე და გვიბიძგებდა, გაგვეკეთებინა ისეთი არჩევანი, რომელიც, ერთი მხრივ, დაგვეხმარებოდა, ჩვენ თავად მიგვეღო სარგებელი და ამასთან, სხვებისთვისაც მიგვეცა ის“, – ასე იწყება საუბარი კომაროვის სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე კლიმენტი ბერულავასთან, რომელიც ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულია.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, საქართველოში მე-10, მე-11 და მე-12 კლასელთათვის პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართა, რომელიც ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) პროექტის „ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის“ ფარგლებში ჩატარდა.

სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობა 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო. თუმცა, ფინალურ ტურში მხოლოდ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გადავიდა, რომელთაგან ჟიურის წევრებმა 5 გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებულები ახლა საერთაშორისო ტურში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან, რომელიც სექტემბერში, სლოვაკეთში გაიმართება.

ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული ტურის გამარჯვებულთა შორისაა კლიმენტი ბერულავაც, რომელიც ეკონომიკის ოლიმპიადაში მიღებული გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.

„კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა ტექნიკურ საგნებს. შესაბამისად, ამ სკოლაში სწავლაც სწორედ იმიტომ დავიწყე, რომ ტექნიკური საგნები და აბსტრაქტული აზროვნება კარგად გამომდიოდა. თუმცა, მერვე კლასში რომ გადავედი, ჩემი ინტერესები შეიცვალა და ისეთი საკითხების შესწავლა დავიწყე, როგორებიცაა ეკონომიკა, პოლიტიკის ფილოსოფია… მინდოდა, საკუთარი თავი არ შემეზღუდა ჩარჩოებით, და არ დავრჩენილიყავი „ტექნიკური ბავშვის“ ან „ჰუმანიტარი ბავშვის“ იარლიყის ქვეშ. მსურდა მეპოვა ისეთი პროფესია, რომელიც ჩემს განსხვავებულ ინტერესებს შეითავსებდა“, – ამბობს კლიმენტი.

გვიხსნის, რომ ასეთი მიმართულება ეკონომიკა აღმოჩნდა. რადგან ეს არის მეცნიერება, რომელიც დიდწილად მათემატიკას ეფუძნება, თუმცა ამავე დროს, ადამიანებს შორის ურთიერთობასა და ქცევასაც იკვლევს – ან როგორც კლიმენტი გვიხსნის „შეისწავლის ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთქმედებას კონკრეტულ განზომილებაში“.

„ეკონომიკის შესწავლა ჩემ მიერ მოძიებული რესურსებითა და ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ კიდევ მანამდე დავიწყე, სანამ სკოლაში ეკონომიკის საგანს გავივლიდით. თუმცა, ჩემი ინტერესის საგანი უფრო მეტად არა სკოლის სახელმძღვანელოში არსებული ტექსტები, არამედ ფილოსოფია და ადამიანებს შორის არამათემატიკური, არატექნიკური ურთიერთობების შესწავლა იყო. შესაბამისად, მალევე დავიწყე ისეთი ავტორების კითხვა, როგორებიც არის ადამ სმიტი, ჯონ ლოკი, ჯონ კეინზი და სხვა“.

გვიხსნის, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მთავარი მიზეზი შაბლონური აზროვნებიდან თავის დაღწევის მიზანი იყო.

„თუ ტექნიკური საგნები კარგად გამოგდის, მაშინ ერთგვარად წინასწარი განწყობა არსებობს, რომ აუცილებლად კომპიუტერულ მეცნიერებებზე ან ინჟინერიაზე უნდა ჩააბარო. თუმცა, ეკონომიკის ოლიმპიადა ჩემთვის იყო შესაძლებლობა, გამომეცადა საკუთარი თავი და განმესაზღვრა, რამდენად სასარგებლოა ის არატრადიციული ინტერესი, რომელიც მქონდა ამ გარემოში. დამემტკიცებინა ჩემი თავისთვის, რომ ნამდვილად სწორ გზაზე ვდგავარ და გავთავისუფლებულიყავი იმ შინაგანი ეჭვისგან, რომელიც ადამიანებს ხშირად გვაწუხებს ჩვენი გზის არჩევის პროცესში“, – ამბობს კლიმენტი.

ოლიმპიადის ფარგლებში მან შეძლო, არა მხოლოდ საკუთრი თავისთვის, არამედ ჟიურისთვისაც დაემტკიცებინა, რომ ის სწორ კარიერულ გზაზე დგას. გამარჯვებულად დასახელების შემდეგ ახლა საზაფხულო ბანაკში მონაწილეობისთვის ემზადება, შემდეგ კი სლოვაკეთში, 17 ქვეყნის გამარჯვებულებთან საასპარეზოდ გაემგზავრება.

„საერთაშორისო ოლიმპიადა მომცემს შესაძლებლობას, დავინახო თუ სად ვდგავარ მე, სად დგას საქართველო ეკონომიკური წიგნიერების თვალსაზრისით… გავიცნო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და მოვისმინო მათი პერსპექტივები, იდეები ეკონომიკის შესახებ“, – ამბობს კლიმენტი.

ის საკუთარ მომავალ პროფესიას ეკონომიკის სფეროს უკავშირებს, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, ყველაზე პრაქტიკული და მოთხოვნადია როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე. ამასთან, მის ინტერესებსაც ძალიან კარგად ერგება.

ფიქრობს, რომ საქართველოში ეკონომიკური განათლების კუთხით კიდევ ბევრი გამოწვევაა და ამიტომ საჭიროა სხვადასხვა ინიციატივების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის მხრიდან გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებას.

თანატოლებს კი ურჩევს, არ შეუშინდნენ საკუთარი თავის ძიებას და პასუხების მისაღებად შეისწავლონ ისეთი მეცნიერებები, რომლებიც მათ გარემოში კიდევ უფრო მეტად გათვითცნობიერებულს გახდის.

„უნდა გვახსოვდეს, რომ სამყარო თითოეულ ჩვენგანზე ახდენს ზეგავლენას. გვინდა ეს ჩვენ თუ არა. ამიტომ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და განვვითარდეთ ისე, რომ ჩვენ მიერ მიღებული ცოდნის შედეგად, გარე სამყარომ და ჩვენთვის უცნობმა პროცესებმა უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინონ ჩვენს ცხოვრებაზე. ამიტომ, ისეთი საგნების სწავლა და ისეთ სფეროში გათვითცნობიერება, როგორიც არის ეკონომიკა, პოლიტიკა, ადამიანების ფსიქოლოგია და სხვა, გაძლევს შესაძლებლობას, თავად მართო შენს ცხოვრებაში მიმდინარე პროცესები“, – აღნიშნავს კლიმენტი.

საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების შესაძლებლობების შექმნას, მოტივირებული ახალგაზრდების ხელშეწყობას და ფინანსური განათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვას უკვე 1200-ზე მეტი სკოლის მოსწავლისა და სტუდენტისთვის. S