რას მოიცავს ჩინეთ-საქართველოს შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება?

რას მოიცავს ჩინეთ-საქართველოს შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება?

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და საქართველო ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ხარისხში აყვანის გადაწყვეტილება მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას მიიღეს.

საქართველოსა და ჩინეთს დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისიდან აკავშირებთ. საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მხარეები თანამშრომლობას ნაყოფიერად მიიჩნევენ და თვლიან, რომ არსებული საერთაშორისო და რეგიონული სიტუაციის ფონზე, ვალდებულნი არიან, პარტნიორობა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით გააფართოონ, გააძლიერონ საერთაშორისო საკითხებში თანამშრომლობა და ერთობლივად უზრუნველყონ როგორც რეგიონული, ისე გლობალური მშვიდობა და სტაბილურობა.

პოლიტიკური განზომილება:

საქართველოსა და ჩინეთს შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის პოლიტიკური განზომილების ფარგლებში, მხარეები ადასტურებენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო კი მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს.

გარდა ამისა, შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ ქვეყნები ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განიხილავენ. მხარეები მზად არიან, მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილება, საერთო განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ერთმანეთს გაუზიარონ და გააძლიერონ მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციები.

შეთანხმება ხაზს უსვამს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ისევე როგორც პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობას და ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გაძლიერებით.

ეკონომიკური განზომილება:

რაც შეეხება ეკონომიკურ განზომილებას, ამ შემთხვევაში ქვეყნებს შორის შეთანხმების ძირითადი მიზნები თავისუფალი ვაჭრობის გაძლიერება, სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის სტიმულირება და ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაფართოებაა.

კონკრეტულად, მხარეები მიესალმებიან ბოლო წლებში ორმხრივი ვაჭრობის ზრდას და გამოთქვამენ მზაობას მის შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით. ასევე, საქართველო მიესალმება ჩინეთის მიერ შემოთავაზებული „სარტყლისა და გზის” ინიციატივას – მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, ინიციატივის ფარგლებში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას „სარტყლისა და გზის“ მიზნების რეალიზებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნები ხაზს უსვამენ თანამშრომლობის სტიმულირებას შემდეგი მიმართულებებით: ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, შუა დერეფნის განვითარება და გაძლიერება, ციფრული ტექნოლოგიები, წარმოება, სარკინიგზო ქსელების განახლება. გარდა ამისა, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით.

დამატებით, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ითვალისწინებს 2018 წლის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის გაძლიერებას, მათ შორის საქართველოს მონაწილეობას ჩინეთის ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე და ჩინეთის მხრიდან ქართული წარმოების მხარდაჭერას – საქართველოს აქტიური მონაწილეობით ჩინეთში, იმპორტის საერთაშორისო გამოფენასა და ქვეყნის ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმებზე.

ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება:

ხალხთაშორისი ურთიერთობის გაღრმავების პროცესში, მხარეები მზაობას გამოთქვამენ, აქტიურად გააგრძელონ ტექნოლოგიური და სამეცნიერო თანამშრომლობა, რომელიც ქვეყნებს შორის 1993 წელს გაფორმდა. გაძლიერდება პარტნიორობა მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში, მათ შორის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები.

კულტურული თანამშრომლობის ფარგლებში წახალისდება ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ვიზიტები, თანამშრომლობა – ტურიზმის, ჯანდაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის, კინემატოგრაფიის, პრესის და საჯარო დიპლომატიის სფეროებში. ასევე, გაძლიერდება თანამშრომლობა კულტურული ცენტრების დასაარსებლად, ხოლო ორივე ქვეყნის სკოლებში ჩინური და ქართული ენების სწავლების პროგრამები წახალისდება.

საერთაშორისო განზომილება:

საერთაშორისო განზომილების ფარგლებში, მხარეები გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში და პირობას დებენ, რომ დაიცავენ გაეროს შექმნილ საერთაშორისო სისტემასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

გარდა ამისა, არსებული შეთანხმებით, საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას და როგორც გლობალურად, ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის, ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვისთვის ურთიერთობების გაძლიერების მზადყოფნას გამოთქვამენ. ამავდროულად კი საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური ცივილიზაციის ინიციატივას და მის განსახორციელებლად აქტიური თანამშრომლობის პირობას დებს.