მიმდინარე კვირას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი კონგრესს ცენტრალური ბანკის ნახევარი წლის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს წარუდგენს. ის ჯერ სენატშიც გამოვა, შემდეგ კი – წარმომადგენელთა პალატაში. მისი განცხადებები ყურადსაღები იქნება 21-22 მარტის მონეტარული პოლიტიკის სხდომამდე, ვინაიდან, ინვესტორების მოლოდინით, ფედრეზერვი საპროცენტო განაკვეთებს კიდევ 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის.
მიმდინარე კვირას კი მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავენ იაპონიის, კანადისა და ავსტრალიის ცენტრალური ბანკები. ცვლილებები არცერთ ქვეყანაში არაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, დიდ ბრიტანეთში მშპ-ის ბოლო მონაცემების გამოქვეყნებას ელიან. ეკონომისტების პროგნოზით, იანვარში ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 0.1%-ით იქნება გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მონეტარული ფონდის პროგნოზით, ბრიტანეთი დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს შორის ერთადერთი იქნება, სადაც მიმდინარე წელს ეკონომიკის შემცირებას ელიან.
გარდა ამისა, მშპ-ის 2022 წლის მეოთხე კვარტალის შედეგები გამოქვეყნდება ევროკავშირში. ევროპული ბლოკი დასაქმებისა და იანვრის რიტეილ-გაყიდვების მონაცემებსაც გამოაქვეყნებს. ჩინეთში კი თებერვლის სავაჭრო ბალანსი გახდება ცნობილი. იანვრის ექსპორტ-იმპორტის მონაცემები გასაჯაროვდება აშშ-სა და კანადაშიც.
საქართველოში კი მიმდინარე კვირა დაძაბული იქნება იმ ფონზე, რომ პარლამენტი გააგრძელებს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტებზე მსჯელობას. შეგახსენებთ, კანონპროექტს გასულ კვირას პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.
რაც შეეხება ეკონომიკურ მონაცემებს, 6 მარტი კვირაში საწარმოთა საქმიანობის შედეგები (პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და ა. შ.) (2022 წლის IV კვარტალი) გამოქვეყნდება. ასევე, საქსტატი 2023 წლის იანვრის მშენებლობის ღირებულების ინდექსს და 2023 წლის თებერვლის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულ ინდექსს გამოაქვეყნებს. კვირის ბოლოს იგეგმება 2022 წლის IV კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება, ბოლოს კი ცნობილი გახდება მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრისა და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2022 წლის IV კვარტალი).