ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირა მსოფლიოს ეკონომიკურ კალენდარში შედარებით მსუბუქი და მშვიდი იქნება. 27 მარტის კვირას აშშ-ში უმუშევართა განცხადებების რაოდენობის, უძრავი ქონების გაყიდვებისა და გადახედილი მშპ-ის მონაცემების გამოქვეყნებას ელიან.

რაც შეეხება ევროპას, ევროზონა ინფლაციის მაჩვენებლის გამოქვეყნებას აპირებს. პარალელურად, მოსალოდნელია ევროპის ცენტრალური ბანკის  პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის გამოსვლა, რომლის განცხადებებსაც ინვესტორები ყურადღებით მოისმენენ. მიმდინარე კვირასვე, ევროზონაში კერძო სექტორის საკრედიტო მაჩვენებელიც გახდება ცნობილი. ამასთან, საინტერესო იქნება ევროკავშირში ბიზნესისა და მომხმარებლების გამოკითხვის შედეგებიც.

ინფლაციის გამოქვეყნებას ელიან იაპონიაშიც. ჩინეთში კი წარმოების ინდექსის გამოქვეყნებაა მოსალოდნელი. რუსეთი თებერვლის რიტეილ-გაყიდვების, ინდუსტრიული წარმოებისა და უმუშევრობის დონის გამოქვეყნებას აპირებს.

საქართველოში კი მიმდინარე კვირას ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს. ოთხშაბათის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდება, შეცვლის თუ უცვლელად დატოვებს რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც დაახლოებით ბოლო ერთი წელია, 11%-ზეა.

გარდა ამისა, 27 მარტის კვირაში საქსტატი მრეწველობის პროდუქციის ინდექსის (2022 წლის IV კვარტალი) გამოქვეყნებით დაიწყებს. ამასთან დაგეგმილია ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების (დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება, განქორწინება, 2022 წელი) და ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლების (2023 წლის იანვარი) გამოქვეყნებაც. კვირის ბოლოს კი ცნობილი გახდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები BPM6-ის კლასიფიკაციის მიხედვით, აქტივები და პასივები (2022 წლის IV კვარტალი, წინასწარი); პირდაპირი უცხოური ინვესტიციები BPM6-ის კლასიფიკაციის მიხედვით, აქტივები და პასივები (2022 წლის წლიური, წინასწარი); მთლიანი შიდა პროდუქტი დანახარჯებისა და შემოსავლების მიხედვით; ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2022 წლის IV კვარტალი, წინასწარი); მთლიანი შიდა პროდუქტი დანახარჯებისა და შემოსავლების მიხედვით; ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2022 წლის წლიური, წინასწარი) და ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2023 წლის თებერვალი).