მიმდინარე კვირა ნავთობმწარმოებელთა ქვეყნების გაერთიანება „OPEC+“-ის შეხვედრით დაიწყება, რომელზეც გადაწყვეტენ გაახანგრძლივონ ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმება, თუ არა. ცნობისთვის, 20 მარტის შემდეგ ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი დაახლოებით $70-დან $80-მდე გაიზარდა. „OPEC+“-ის ქვეყნებისთვის ე.წ. შავ ოქროზე ფასების ვარდნა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან აღნიშნული ქვეყნები მეტწილად სწორედ ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზე არიან დამოკიდებული.
გარდა ამისა, 3 აპრილის კვირაში ინდოეთში ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას. მონეტარული პოლიტიკის სხდომის გამართვას ავსტრალიის ცენტრალური ბანკი აპირებს, პროგნოზის გაკეთება ჭირს იმის შესახებ, გაზრდის თუ არა ბანკი საპროცენტო განაკვეთებს. მონეტარული პოლიტიკის სხდომას გეგმავს ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკიც, რომელზეც მოსალოდნელია, რომ საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზრდება.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას საფრანგეთის ბიუჯეტის ბალანსი გახდება ცნობილი. ევროკავშირი კი მწარმოებელთა ფასების ინდექსს გამოაქვეყნებს. ამასთან, გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-სა და კანადაში იგეგმება თებერვლის სავაჭრო ბალანსის და ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლის გასაჯაროება, ხოლო ესპანეთში უმუშევრობის დონის შესახებ ბოლო მონაცემები გახდება ცნობილი.
კვირის ბოლოს კი კათოლიკური სამყარო აღდგომის დღესასწაულს იზეიმებს.
საქართველოს ეკონომიკური კალენდარი მიმდინარე კვირას მწირი იქნება, თუმცა საქსტატი 2023 წლის მარტის სამომხმარებლო ფასების ინდექსს და თებერვლის მშენებლობის ღირებულების ინდექსს გამოაქვეყნებს.