ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირა მსოფლიო ეკონომიკურ კალენდარში ნაკლებად დატვირთული იქნება, თუმცა, მოსალოდნელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელების გამოსვლები, მათ შორის იაპონიის და ინგლისის. ევროპის ცენტრალურ ბანკშიც არაერთი შეხვედრა იგეგმება, მედიის წინაშე წარდგება ასევე ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდიც, ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა ბევრ ტენდენციასა და გადაწყვეტილებაზე აისახება, ამიტომაც ლაგარდის გამოსვლებს ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ევროკავშირში ბიზნესისა და მომხმარებლის კვლევის ბოლო შედეგები გამოქვეყნდება, ასევე ბიზნეს კლიმატის შესახებ განწყობების გასაჯაროებასაც ელოდებიან. პარალელურად დიდი ბრიტანეთი მეორე კვარტლის მშპ-ს მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს. გერმანიაში კი უმუშევრობის დონის შესახებ სექტემბრის მონაცემები გახდება ცნობილი. უმუშევრობის დონის აგვისტოს საერთო მონაცემები გამოქვეყნებდა მთლიანად ევროკავშირშიც.

რაც შეეხება აშშ-ს, მიმდინარე კვირას მოსალოდნელია ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელოს ჯერომ პაუელის გამოსვლა, ასევე მშპ-ს მეორე კვარტლის მონაცემების გამოქვეყნება. რუსეთში კი უცხოურ ვალუტაში ცენტრალური ბანკის რეზერვების მოცულობის შესახებ გახდება ცნობილი. ასევე რუსეთი უმუშევრობის აგვისტოს მაჩვენებლებს და ამავე თვის რიტეილ-გაყიდვებს გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას, კერძოდ, 28 სექტემბერს გამოქვეყნდება მთლიანი შიდა პროდუქტი დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით. ასევე ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2021 წლის II კვარტალი, წინასწარი), ხოლო 30 სექტემბერს ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება და ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2021 წლის აგვისტო). სამუშაო კვირის ბოლოს კი საქსტატი საწარმოთა საქმიანობის შედეგებს (პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვა) (2020 წელი) და არაკომერციული ორგანიზაციების გამოკვლევის შედეგებს (2020 წელი) გამოაქვეყნებს.