ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

უმსხვილესი ამერიკული კომპანიები მესამე კვარტალის შემოსავლების შესახებ მონაცემების გასაჯაროებას განაგრძობენ. მიმდინარე კვირას კოვიდვაქცინის მწარმოებლების, AstraZeneca-სა და BioNTech-ის, შემოსავლების გამოქვეყნებას უნდა ველოდოთ. ასევე, ისეთი მსხვილი კომპანიები გამოაქვეყნებენ მესამე კვარტალის შედეგებს, როგორიცაა Walt Disney, Adidas-ი, Softbank-ი, PayPal-ი, Coinbase-ი და Krispy Kreme-ი. ზოგადად მესამე კვარტალის შედეგებმა ამერიკული ბირჟების ზრდა გამოიწვია. „უოლ-სტრიტის“ მთავარმა ინდექსებმა გასულ კვირას რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწიეს. ამაზე ნაწილობრივ Pfizer-ის მიერ კოვიდსაწინააღმდეგო ანტივირუსული აბების წარმატების ამბავმაც იქონია გავლენა.

აშშ-ის ეკონომიკური კალენდრიდან, მიმდინარე კვირას მნიშვნელოვანი იქნება სამომხმარებლო ფასების ინფლაციის მაჩვენებლების გამოქვეყნებაც. ეკონომისტები ამ მონაცემის თვიურ ჭრილში 0.6%-იან, ხოლო წლიურ ჭრილში 5.8%-იან ზრდას პროგნოზირებენ. გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ამერიკის ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი საზოგადოების წინაშე ორჯერ გამოჩნდება ონლაინკონფერენციებზე, რა დროსაც შესაძლოა, მან ტენდენციებსა და ეკონომიკის გამოწვევებზეც ისაუბროს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, დიდი ბრიტანეთი მესამე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, შემცირებული იქნება. მესამე კვარტალის მშპ-ს გამოაქვეყნებს რუსეთიც.

მნიშვნელოვანი კვირა იქნება ჩინეთისთვის, სადაც მმართველი კომუნისტური პარტიის ტოპ-ლიდერების შეხვედრა გაიმართება, რა დროსაც მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა ცენტრალურმა კომიტეტმა პრეზიდენტ სი ძინპინის მესამე ვადით არჩევას დაუჭიროს მხარი. მიმდინარე კვირასვე, ჩინეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობის განახლებული მაჩვენებელი გახდება ცნობილი. გარდა ამისა, გამოაქვეყნებენ უმუშევრობის დონის ახალ მონაცემებსაც.

რაც შეეხება საქართველოს,  მიმდინარე კვირას ეკონომიკური კალენდარი ნაკლებად დატვირთულია, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება ორშაბათის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები, რა დროსაც მოსალოდნელია ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედება და 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებისთვის  ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებების გამოცხადება. ჯანდაცვის სპეციალისტები და მთავრობა იმედოვნებენ, რომ ვაქცინაციის ტემპს სწორედ მსგავსი ნაბიჯები გაზრდის, რაც პანდემიის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას, კერძოდ, 11 ნოემბერს საწარმოთა ინოვაციური აქტივობის გამოკვლევის 2020 წლის შედეგები გამოქვეყნდება. საინტერესო იქნება ასევე საწარმოებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2020 წლის მაჩვენებლები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *