ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ამერიკაში მიმდინარე კვირის ეკონომიკურ კალენდარში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ოქტომბრის რიტეილ-გაყიდვების მონაცემების გამოქვეყნებას. როგორც ეკონომისტები პროგნოზირებენ, აღნიშნული მაჩვენებელი 1.1%-ით იქნება გაზრდილი. ცნობისთვის, აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებელმა ბოლო 30 წლის რეკორდი მოხსნა, მაღალი ფასები კი მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუარესებას იწვევს. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ინვესტორები ფედერალური სარეზერვო სამსახურისგან საპროცენტო განაკვეთების ზრდას ელოდებიან.

აღნიშნულის პარალელურად, მიმდინარე კვირას ინვესტორების ყურადღება მიპყრობილი იქნება რამდენიმე მსხვილი რიტეილ-კომპანიის მესამე კვარტალის შედეგების გამოცხადებისკენ. მათ შორისაა Walmart-ი, Target-ი და Home Depot.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩინეთში მიმდინარე კვირას რიტეილ-გაყიდვების, ინდუსტრიული წარმოების განახლებული მონაცემები გამოქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ბოლო პერიოდში შენელდა. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის ეკონომიკის შენელება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ქვეყნის უძრავი ქონების სექტორში წარმოქმნილმა მასშტაბურმა სავალო კრიზისმა. ამასთან, მიმდინარე კვირას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს. რაზე იმსჯელებენ მსოფლიოში ორი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პირველი პირები, ჯერ უცნობია, თუმცა ეკონომიკა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება.

ევროპაშიც რომ გადავინაცვლოთ: მიმდინარე კვირას დიდი ბრიტანეთი უმუშევრობის განახლებულ მონაცემებს გამოაქვეყნებს, ამას მოჰყვება ინფლაციის განახლებული მაჩვენებელებისა და რიტეილ-გაყიდვების მონაცემების გამოქვეყნებაც.

რაც შეეხება კონტინენტურ ევროპას, აქ მთავარი პრობლემა კვლავ კოვიდპანდემიაა, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, რაც ეკონომიკურ აღდგენას კიდევ უფრო მეტად უშლის ხელს. ცალკეული ქვეყნები, მათ შორის ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია და ჩეხეთი დამატებითი შეზღუდვების დაწესებასაც გეგმავენ, რათა ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა შეანელონ. ცნობისთვის, ნიდერლანდებმა სამკვირიანი ნაწილობრივი ლოქდაუნი გამოაცხადა, რის შედეგადაც ამ კუთხით პირველი ქვეყანა გახდა დასავლეთ ევროპაში ზაფხულის შემდეგ. ავსტრია კი ლოქდაუნის გამოცხადებას გეგმავს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აცრილები არ არიან.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდარი საკმაოდ დატვირთულია. კერძოდ, 15 ნოემბრის კვირაში უნდა ველოდოთ 2021 წლის ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემების, 2021 წლის მესამე კვარტალის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკის, მშპ-ის 2020 წლის დაზუსტებული მონაცემების და ოქტომბრის საარსებო მინიმუმის გამოქვეყნებას. გარდა ამისა, საინტერესო იქნება შემდეგი მონაცემებიც: მეცხოველეობის მაჩვენებლები 2021 წლის III კვარტალი (წინასწარი); სამაცივრე, სასაკლაო მეურნეობებისა და ელევატორების გამოკვლევის შედეგები (2021 წლის III კვარტალი); სამუშაო ძალის (მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის) მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა) (2021 წლის III კვარტალი); საგარეო ვაჭრობა (2021 წლის ოქტომბერი); ადგილობრივი ექსპორტი (2021 წლის ოქტომბერი); სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის ოქტომბერი); მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2021 წლის ოქტომბერი); მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2021 წლის ოქტომბერი); ექსპორტის ფასების ინდექსი (2021 წლის ოქტომბერი); იმპორტის ფასების ინდექსი (2021 წლის ოქტომბერი); ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის ოქტომბერი); სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის ოქტომბერი); ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის ოქტომბერი); მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2021 წლის ოქტომბერი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *