Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასულ კვირას გლობალურ ტექნოლოგიურ სამყაროში რამდენიმე საინტერესო ამბავი მოხდა: აშშ-ის კონგრესმა კანონპროექტი მიიღო, რომლითაც ავტომწარმოებლებს, 2026 წლიდან, მანქანებში მძღოლის ნასვამობის შემოწმება დაევალათ, ხოლო Spotify-მ აუდიოწიგნების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმა Findaway-ი შეიძინა.

ისე კი, ბოლო დროს ერთი საინტერესო ტრენდი გამოიკვეთა: ლამის  კვირა არ გავა ისე, მეტავერსთან დაკავშირებული რამდენიმე ამბავი რომ არ გავრცელდეს. გამონაკლისი არც გასული კვირა იყო: საქმე ისაა, რომ Meta-ს Niantic-ის სახით ერთგვარი კონკურენტი გამოუჩნდა, რომელსაც რეალური სამყაროს მეტავერსად გადაქცევა სურს. ამავდროულად, სპეციალურად მეტავერსისთვის, Samsung-მა ახალი თაობის მძლავრი RAM-ი წარმოადგინა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

რეალური სამყაროს მეტავერსად გადასაქცევად, Niantic-მა ახალი პლატფორმა, Lightship-ი შექმნა

Niantic-მა ახალი პლატფორმა შექმნა, რომლის მთავარი მიზანი რეალური სამყაროს მეტავერსად გადაქცევაა, – ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯონ ჰანკემ The Verge-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, Lightship-ი ისეთ ტექნოლოგიას ეფუძნება, რომლითაც შესაძლებელი გახდება რეალური და ციფრული სამყაროების შერწყმა. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ Lightship-ის პლატფორმაზე შექმნილი აპლიკაციები, ერთი მხრივ, იმის გამორკვევას შეძლებენ სმარტფონის კამერა ცისკენ არის მიმართული თუ წყლისკენ, მაგრამ თან, ზედაპირების რუკებსა და რეალური გარემოს სიღრმეებს რეალურ დროში შეადგენენ და თან ამ მოდელირებულ გარემოს ვირტუალურ ობიექტებს ისე მიუსადაგებენ, რომ რეალურისგან მათი გარჩევა  შეუძლებელი იქნება.

ფოტო: Niantic

ცნობისთვის, Niantic-მა შექმნა სატელეფონო თამაშების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თამაში Pokémon Go, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანი თამაშობდა. ჯონ ჰანკეს თქმით, Lightship-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა ის ტექნოლოგია, რომელსაც კომპანია სხვადასხვა „პლანეტარული მასშტაბის“ აპლიკაციის შესაქმნელად, წლების განმავლობაში იყენებდა.

საინტერესოა ისიც, რომ Lightship-ი ახალი პლატფორმა არ არის – მასზე მუშაობა Niantic-მა, სულ მცირე, სამი წლის წინ დაიწყო, მაგრამ ამიერიდან ის გარე დეველოპერებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება, თანაც – უფასოდ. მეტიც, გაფართოებული რეალობის აპლიკაციებზე მომუშავე ახალი კომპანიების დასაფუძნებლად, Niantic-ი $20 მილიონს გამოყოფს.

ჯონ ჰანკეს თქმით, მომავალ წელს Lightship-ის პირველ საფუძვლიან განახლებას უნდა ველოდოთ, რომელიც პლატფორმას გაფართოებული რეალობის სათვალეებისათვის, „ვიზუალური პოზიციონირების სისტემად“, ე.წ. „VPS“-ად გარდაქმნის. ამ სისტემაზე შექმნილი სათვალეები მიხვდებიან, თუ სად იმყოფებით თქვენ რეალურ სამყაროში, რის მიხედვითაც დისპლეიზე სხვადასხვა ობიექტი გამოგიჩნდებათ.

ჯონ ჰანკე, რომელიც Niantic-ში გადმობარგებამდე Google Maps-ს ხელმძღვანელობდა, მიიჩევს, რომ Lightship-ის მთავარი დანიშნულება გაფართოებული რეალობის პოტენციალის შესწავლაა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს, როცა მეტავერსზე Niatic-ზე გაცილებით უფრო მსხვილი კომპანიებიც მუშაობენ, მათ გარკვეული კონკურენტული უპირატესობაც აქვთ: Lightship-ი ხელმისაწვდომია როგორც iOS-ზე, ასევე Android-ზე მომუშავე დეველოპერებისთვის. „დღეს ნახევარი მსოფლიო iOS-ს იყენებს, დანარჩენი კი – Android-ს. ვფიქრობ, რომ გაფართოებული რეალობის სათვალეების კუთხით, ეს ბაზარი კიდევ უფრო დაყოფილი იქნება. გამოდის, რომ დეველოპერების პრობლემების გადაჭრა და მათთვის ისეთი ხელსაწყოების მიცემა, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმაზე იმუშავებს – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს ჰანკე.

მოდი, ერთი საინტერესო დეტალი მიმოვიხილოთ, რომელიც Niantic-ის განვითარების ტრაექტორიას კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის: საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში  ჯონ ჰანკემ ბლოგი გამოაქვეყნა, რომელშიც მეტავერსს „დისტოპიური კოშმარი“ უწოდა – მას არ ხიბლავს ტექნოლოგია, რომელიც ადამიანებს რეალურ სამყაროს დააშორებს. აქედან გამომდინარე, ის მიდგომა, რომელსაც Niantic-ი ირჩევს, კიდევ უფრო საინტერესო ხდება.

Microsoft Teams-ი Meta-ს Facebook-ის მსგავს პლატფორმაში ინტეგრირდება

Microsoft-ი და Meta თანამშრომლობას აღრმავებენ, რათა Microsoft Teams-ი მარკ ცუკერბერგის კომპანიის მიერ შექმნილ სამუშაო პლატფორმაში, Workplace-ში ინტეგრირდეს, რომელიც არსებითად და ვიზუალურად, Facebook-ს ძალიან ჰგავს. ინტეგრაცია ორმხრივია: Teams-ისა და Workplace-ის მომხმარებლებს მათ კოლეგებთან ურთიერთობისთვის აპლიკაციების გამოცვლა აღარ დასჭირდებათ – ამას ისინი ორთავე აპლიკაციიდან შეძლებენ.

„ერთ-ერთი, რასაც მივხვდი, არის ის, რომ შეუძლებელია, დედამიწაზე მხოლოდ ერთი საკომუნიკაციო საშუალება არსებობდეს, – აღნიშნა Microsoft 365-ის ხელმძღვანელმა, ჯეფ ტეპერმა. – ადამიანები ერთდროულად რამდენიმე ხელსაწყოს გამოიყენებენ, ხოლო მათი ინტეგრაციისა და ინტეროპერატიულობის უზრუნველყოფა – ჩვენი, პასუხისმგებლობიანი მწარმოებლების პრეროგატივაა“.

ცნობისთვის, Microsoft-ისა და Meta-ს თანამშრომლობა ახლა როდი დაიწყო – ამ ეტაპზე, Workplace-ში SharePoint-ის, OneDrive-ისა და Microsoft Office 365-ის სხვადასხვა პროდუქტის გამოყენება შეიძლება. გარდა ამისა, Meta-მ Workplace-ი Microsoft-ის Azure Active Directory-შიც მოათავსა, რის მერეც, მალევე, ის ათი ყველაზე პოპულარული აპლიკაციების რიცხვში შევიდა.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული არაერთი კოლაბორაციის მიუხედავად, Microsoft-ი და Meta მეტავერსის შექმნაში ერთმანეთს ჯერ კიდევ ეჯიბრებიან, რითაც, რეალურად, მეტავერსის განვითარებას მნიშვნელოვნად ხელს უწყობენ. საქმე ისაა, რომ ორივე კომპანიამ, სულ ცოტა ხნის წინ, მსგავსი ხედვები წარმოადგინა შეხვედრების ვირტუალურ გარემოში ჩატარებასთან და, შეიძლება ითქვას, ზოგადად მეტავერსთან დაკავშირებით.

თუმცა არც მარკ ცუკერბერგის სიტყვები უნდა დავივიწყოთ: „მეტავერსს მხოლოდ ერთი კომპანია არ შექმნის. მას კრეატორები და დეველოპერები განავითარებენ, რომლებიც ერთმანეთთან შეთავსებადი ახალი გამოცდილებებისა და ციფრული ნივთების შექმნით, შემოქმედებით ეკონომიკას ააღორძინებენ – თან, ის გაცილებით უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე დღევანდელი, პლატფორმებისა და მათი პრინციპებით შემოფარგლული ეკონომიკა“.

თუკი მეტავერსი მართლაც ინტერნეტის მომავალია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მსხვილი კომპანიები მეტავერსს ერთად შექმნიან, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ყველაფერი ეს ძალიან უცნაური იქნება.

აშშ-ის კონგრესს სურს, მანქანებში სიმთვრალის საწინააღმდეგო ტექნოლოგია დაინერგოს

ცოტა ხნის წინ აშშ-ის კონგრესმა ინფრასტრუქტურის მსხვილი ორპარტიული $1 ტრილიონის მოცულობის კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი განსაკუთრებით საინტერესოა: ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, რომ 2026 წლიდან, ამერიკის ბაზრისათვის გამოშვებული ყველა მანქანა მძღოლის სიმთვრალის აღმომჩენი ტექნოლოგიით იყოს აღჭურვილი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ნასვამ მძღოლს მანქანის ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ მისცემს.

კანონპროექტი ზოგად ტერმინოლოგიას ეფუძნება – მასში არ არის ნახსენები კონკრეტული ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენებას კანონმდებლები ავტომწარმოებლებს დაავალდებულებენ, თუმცა წერია, რომ საბოლოო პროდუქტმა „მძღოლის პასიური მონიტორინგის საფუძველზე, უნდა დაადგინოს, შეუძლია თუ არა მას მანქანის უსაფრთხოდ მართვა“. ცნობისთვის, კონკრეტული გაიდლაინების შემუშავება აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციას ევალება, რისთვისაც მათ ათი წელი აქვთ – თუკი ადმინისტრაცია ამ ვადაში ვერ ჩაეტევა, გაჭიანურების მიზეზების შესახებ მათ კონგრესს უნდა მიმართონ.

ფოტო: Driver Alcohol Detection System for Safety Program

„ეს პარადიგმული გადაწყვეტილებაა, – აღნიშნა ორგანიზაცია Mothers Against Drunk Driving-ის პრეზიდენტმა, ალექს ოტემ. მისი თქმით, ეს კანონპროექტი ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომლითაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მანქანის ტარებასთან ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის. „ამ გზით, ამერიკულ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევათა მთავარ მიზეზს კისერს მოვუგრეხთ“, – დასძინა ოტემ. აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოველწლიურად, ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებულ ავარიებს ათი ათასი ადამიანი ეწირება, რაც ზოგადად ავარიების 30%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მანქანის ტარების საწინააღმდეგო ტექნოლოგიის გარდა,  $1-ტრილიონიანი კანონპროექტი უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ავტომატური მუხრუჭის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა  საწინააღმდეგო სისტემებისა და სხვადასხვა დანიშნულების ხმოვანი სიგნალების აუცილებლობასაც უსვამს ხაზს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტექნოლოგიურ გადაწყვეტას მოიფიქრებენ ავტომწარმოებლები ურჩი ნასვამი მძღოლების გასაკონტროლებლად,  თუმცა არსებობს რამდენიმე ვარიანტი: შესაძლოა, კომპანიებმა მანქანებში სპეციალური ჩასაბერი ალკოტესტერები მოათავსონ, რომელთა გარეშე, მძღოლი მანქანას ვერ დაქოქავს. ისე კი, ეს ტექნოლოგია საკამათოა: ექსპერტები ფიქრობენ, რომ მძღოლისათვის მანქანის ყოველი დაქოქვისას ალკოტესტერით სარგებლობის დაძალება – არაეთიკური და არარეალური საქმეა.

ისე კი, საინტერესო ის არის, რომ მსგავსი ტექნოლოგიების აუცილებლობაზე პოლიტიკოსები ალაპარაკდნენ, რადგან პოლიტიკური ნების გარეშე ამგვარი ცვლილებების მიღწევა, როგორც წესი, საკმაოდ რთულია. კონკრეტულ ტექნოლოგიას რაც შეეხება, დრო გვიჩვენებს – სჯობს დაველოდოთ.

ახალი სმარტფონებისა და მეტავერსისთვის, Samsung-მა ახალი თაობის RAM-ი შექმნა

გასულ კვირას, Samsung-მა ახალი თაობის ოპერატიული მეხსიერების მოწყობილობა, ე.წ. „RAM“-ი წარმოადგინა, რომელიც გაზრდილი წარმადობისა და მომატებული გამძლეობის ხარჯზე, მომხმარებლებს ახალი სმარტფონების, სერვერებისა და მანქანების გამოყენებას გაუადვილებს და თან, მათ მეტავერსში მოხვედრის საშუალებას მისცემს. Samsung-ის წინა თაობის წამყვან RAM-თან შედარებით, ახალი თაობის ოპერატიული მეხსიერების მოწყობილობა 1.3-ჯერ უფრო სწრაფია და თან, 20%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოითხოვს.

როგორც კორეული გიგანტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, Samsung-ის 14-ნანომეტრის სისქის ახალი RAM-ი შეიქმნა იმისთვის, რომ მონაცემთა უფრო სწრაფ მიმოცვლაზე დაფუძნებული სერვისების, მათ შორის 5G-ს, ხელოვნური ინტელექტისა და მეტავერსის განვითარება დააჩქაროს. კონკრეტულად როგორ დაეხმარება ეს RAM-ი მომხმარებლებს, რომელთაც მეტავერსში შეღწევა სურთ, ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: Samsung

„გასულ წლებში, ზედაკავშირებული საბაზრო სფეროები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, გაფართოებული რეალობისა და მეტავერსის ინდუსტრიები, რომლებიც მონაცემთა უაღრესად სწრაფ ფართომასშტაბიან ანალიტიკას ეფუძნება, სულ უფრო და უფრო ვითარდებიან“, – აღნიშნა Samsung Electronics-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, სანგ-ჯუნ ჰუანგმა. „ჩვენი LPDDR5X-ი მაღალი წარმადობისა და დაბალი ენერგოსაჭიროების მქონე ოპერატიული მეხსიერების გამოყენებას გაზრდის – მას სმარტფონებს მიღმაც გამოვიყენებთ და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ აპლიკაციებს, მათ შორის სერვერებსა და მანქანებში დავნერგავთ“.

ამ დრომდე უცნობია, თუ როდის შეძლებენ მწარმოებლები Samsung-ის ახალი ჩიპების გამოყენებას, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მხოლოდ 2023 წლის შემდეგ გამოშვებულ მოწყობილობებში ვიხილავთ.

USB-C პორტის მქონე პირველი iPhone-ი eBay-ზე $86 ათასად გაიყიდა

ცოტა ხნის წინ, რობოტიკის პროგრამის სტუდენტმა, კენ პილონელმა Youtube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარი ექსპერიმენტი ნაბიჯ-ნაბიჯ ახსნა: საქმე ისაა, რომ კენ პილონელმა, საკუთარ iPhone X-ში არსებული lightning პორტი, USB-C პორტით ჩაანაცვლა, რითაც USB-C პორტის მქონე პირველი iPhone-ი შექმნა. სულ მალე ამ ვიდეომ მთელი ინტერნეტი მოიცვა და კენ პილონელმა საკუთარი iPhone-ის eBay-ზე განთავსება გადაწყვიტა, რომელიც მალევე $86 ათასად გაიყიდა. ცნობისთვის, USB-C პორტი მუშაობს როგორც ტელეფონის დამუხტვისას, ასევე ინფორმაციის გადატანისას.

უნიკალური iPhone-ის საწყისი ფასი სულ რაღაც $1 იყო და ერთ დღეში ის უკვე $3000 ღირდა. აუქციონის მსვლელობისას შეთავაზებული ფასი 116-ჯერ შეიცვალა, ხოლო ტელეფონი, საბოლოო ჯამში, $86 ათასად გაიყიდა.

ფოტო: eBay

აღსანიშნავია, რომ iPhone-ის USB-C პორტზე გადაყვანის ინსტრუქცია კენ პილონელმა ინტერნეტში ყველასათვის ხელმისაწვდომ სივრცეში განათავსა, ინსტრუქციების მიხედვით ექსპერიმენტის გამეორება საკმაოდ რთულია, რადგან ის iPhone-ის პლატაზე დამატებითი წრედების შექმნას გულისხმობს. საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ კენ პილონელის პირველი ქმნილება უკვე გაიყიდა, მას მსგავსი პროექტების ღია სივრცეში გაგრძელება სურს და იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში სხვა ენთუზიასტებიც შეუერთდებიან.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის, რასაც კენ პილონელი აკეთებს, უფრო ფართო კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ: საქმე ისაა, რომ USB-C ერთგვარი უნივერსალური პორტია, რომელიც დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, ყველა ელექტრონული მოწყობილობის ერთიან პორტად იქცევა. ჯერ კიდევ სექტემბერში  ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ „რადიომოწყობილობების  შესახებ დირექტივაში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა, რომელთა მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის ბაზარზე არსებულ ყველა ტექნოლოგიურ კომპანიას მათ სმარტფონებში, პლანშეტებში, კამერებში, ყურსასმენებში, დინამიკებსა და ხელის სათამაშო კონსოლებში ერთი და იმავე სტანდარტული პორტის – USB-C-ის გამოყენება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ამგვარ პოლიტიკას Apple-ი არ იზიარებს: „ვფიქრობთ, რომ მკაცრი რეგულაცია, რომელიც მხოლოდ ერთი ტიპის გადამყვანის გამოყენებას გვავალდებულებს, ინოვაციას სტიმულს კი არ აძლევს, არამედ ახრჩობს, რაც საბოლოო ჯამში, დააზიანებს არა მხოლოდ ევროპელ, არამედ მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს“, – აღნიშნა Apple-ის წარმომადგენელმა Reuters-თან საუბრისას. ცნობისთვის, ასეთი ტიპის რეგულაციას Apple-ი მანამდეც ეწინააღმდეგებოდა, თუმცა სხვა საბაბით – მათი თქმით, ადამიანებისთვის Lightning-აქსესუარებზე უარის თქმა კოლოსალური მოცულობის ელექტრონულ ნარჩენებს წარმოქმნის.

Spotify-მ აუდიოწიგნების პლატფორმა Findaway-ი შეიძინა

ცოტა ხნის წინ შვედურმა Spotify-მ აუდიოწიგნების წამყვანი პლატფორმა Findaway შეიძინა – როგორც ჩანს, სულ მალე, სტრიმინგის შვედურ პლატფორმაზე გაცილებით მეტი აუდიოწიგნი განთავსდება. ორი პლატფორმის ინტეგრაციის კონკრეტული სქემა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ამ შესყიდვით Spotify-ზე არსებული კატალოგი სწრაფად გაიზრდება, რაც გამომცემლებსა და ავტორებს დამატებით სტიმულს შეუქმნის.

ფოტო: Spotify

აუდიოწიგნების წამყვანი პლატფორმის შეძენა Spotify-სგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ეს ნაბიჯი იმ ექსპანსიის ნაწილია, რომლის ხედვა აუდიოგიგანტმა ჯერ კიდევ 2019 წელს წარმოადგინა. „Spotify-ის ამბიციური მიზანია, რომ საბოლოო დანიშნულების წერტილად იქცეს ყველა სახის აუდიოჩანაწერების მაძიებელთა და შემქნელთათვის. Findaway-ის შეძენით, აუდიოწიგნების გარემოში Spotify-ის არსებობას კიდევ უფრო გავამყარებთ, რაც ჩვენი ამბივიური გეგმის აღსრულებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა Spotify-ისწ კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გუსტავ სოდერსტრომმა.

ცნობისთვის, ის მიდგომა, რომელის Spotify-მ აუდიოწიგნების ინდუსტრიაში შესაღწევად იყენებს, ძალიან ჰგავს შვედური კომპანიის პოდკასტების ინდუსტრიის ათვისების სქემას: სტარტაპებისა და ჩამოყალიბებული კომპანიების შეძენა, მათი კატალოგების გამოყენება და ტექნოლოგიის ათვისება. Spotify-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შვედური კომპანია Findaway-ის ტექნოლოგიას გამოიყენებს, რაც Spotify-ის პერსონალიზაციის ხელსაწყოსთან ერთად პლატფორმის ზრდას უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *