ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ეკონომიკური ტენდენციების ძირითადი განმსაზღვრელი კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის გავრცელება იქნება. დღითიდღე იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ახალი შტამი ფიქსირდება, ეს კი ბაზრებზე მნიშვნელოვან რყევებს იწვევს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მოქმედებს არსებული ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ, ამიტომაც გაურკვევლობა დიდია. საკითხზე ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას პასუხი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გაეცემა.

მანამდე კი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ ახალი შტამის გამო, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, სავარაუდოდ, შეამცირებს.

მიმდინარე კვირის ეკონომიკურ კალენდარში ასევე მნიშვნელოვანი იქნება დიდი ბრიტანეთის მიერ მშპ-ის ბოლო მონაცემების გამოქვეყნება. როგორც ელოდებიან, სტაბილურობა ამ კუთხით ქვეყანაში შენარჩუნებულია, ვინაიდან რიტეილ-გაყიდვები საკმაოდ მყარია, ხოლო დასაქმებულები ეტაპობრივად ოფისებს უბრუნდებიან.

პარალელურად კვირის დასაწყისში ევროჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მაღალჩინოსნების მხრიდან არაერთი განცხადების გაკეთებაა მოსალოდნელი. მიმდინარე კვირასვე გამოქვეყნდება ევროკავშირის მშპ-ის მესამე კვარტალის მონაცემები. საინტერესო იქნება ევროკავშირში მესამე კვარტალის დასაქმების მაჩვენებლებიც. ინდოეთი და ჩინეთი ნოემბრის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს, ხოლო საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და კანადა ოქტომბრის სავაჭრო ბალანსს გამოაქვეყნებს. მესამე კვარტალის მშპ-ის მონაცემის გამოქვეყნებას იაპონიაც გეგმავს.

6 დეკემბრის კვირაში საინტერესო იქნება კრიპტოვალუტებზე დაკვირვებაც. მაგალითად, ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი გასული კვირის მიწურულს 20%-ით, ხოლო ეთერიუმის ფასი 10%-ით შემცირდა.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას მოსალოდნელია მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლების (2021 წლის III კვარტალი) გამოქვეყნება. გარდა ამისა, გამოქვეყნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (2021 წლის III კვარტალი, წინასწარი) მონაცემები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *