ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დასავლეთის სანქციები და ევროპული და ამერიკული კომპანიების რუსეთიდან გასვლა ამ ქვეყნის ეკონომიკას უკვე დაეტყო. თუმცა ექსპერტები ელოდებიან, რომ ეფექტები მოგვიანებით კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება. მიმდინარე კვირას რუსეთში საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას აპირებენ. საინტერესოა, რა ცვლილებებს განახორციელებს ქვეყნის ცენტრალური ბანკი. გარდა ამისა, რუსეთი იანვრის სავაჭრო ბალანსსაც გამოაქვეყნებს. თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდებიან, გამომდინარე იქიდან, რომ იანვარში რუსეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ სანქციებისგან თავისუფალი იყო.

რაც შეეხება ევროპას, მიმდინარე კვირას ევროჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ევროპის ცენტრალური ბანკის მაღალჩინოსნები კი პერიოდულად განცხადებებით გამოვლენ. მათ შორის იქნება პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდიც.

ამასთან, ევროკავშირში არაერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკური ეკონომიკური მონაცემი გამოქვეყნდება. კერძოდ, გასაჯაროვდება გასული წლის მეოთხე კვარტალის ხელფასების შესახებ მაჩვენებლები ევროზონაში. ასევე ცნობილი გახდება იანვრის სავაჭრო ბალანსის მაჩვენებლები. ცალკე საფრანგეთი და იტალიაც გამოაქვეყნებენ იანვრის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებს. სამხრეთი კორეა, იაპონია და ინდოეთი კი თებერვლის სავაჭრო ბალანსს გაასაჯაროებენ.

გარდა ამისა, ჩინეთი უმუშევრობის დონის განახლებულ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს. მსოფლიოს სიდიდით ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში რიტეილ-გაყიდვებისა და ინდუსტრიული წარმოების მონაცემებიც გახდება ცნობილი. უმუშევრობის დონის იანვრის მონაცემებს გამოაქვეყნებს დიდი ბრიტანეთიც. იაპონიაში კი ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის ცვლილების შესახებ გააკეთებს განცხადებას.

პარალელურად, OPEC-ი ყოველთვიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც საინტერესო იქნება ნავთობის გლობალურ ბაზარზე ბოლოდროინდელი ცვლილებების კუთხით.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას 2022 წლის თებერვლის საარსებო მინიმუმი გახდება ცნობილი, ასევე გამოქვეყნდება 2021 წლის წლიური და ასევე მეოთხე კვარტალის ადილობრივი ტურიზმის სტატისტიკა.

საინტერესო იქნება გასული წლის მეოთხე კვარტალის დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, ასევე ნამუშევარი საათების ინდექსი და ბრუნვის მოცულობის ინდექსი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *