გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირა განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა კოსმოსური სიახლეებით: Radian Aerospace-მა მრავალჯერად კოსმოსურ თვითმფრინავზე მუშაობა დაადასტურა, ხოლო Venturi Astrolab-მა მთვარისთვის როვერი წარმოადგინა. ამასთანავე, გასულ კვირას Apple-ის წლის პორველი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც კალიფორნიულმა გიგანტმა არაერთი საინტერესო სიახლე წარმოადგინა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ჩვენს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Radian Aerospace-ი მრავალჯერადი კოსმოსური თვითმფრინავის შექმნას გეგმავს

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა კომპანია Radian Aerospace-მა $27.5 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა, რომელსაც მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური თვითმფრინავის შესაქმნელად გამოიყენებს. ის  ჩვეულებრივი თვითმფრინავივით, ჰორიზონტალურად აფრინდება და ასეთნაირადვე დაეშვება.

აღსანიშნავია, რომ ერთი მთლიანი კონსტრუქციისგან შემდგარ თვითმფრინავს ენერგიის დამატებითი წყაროები, ე.წ. „ბუსტერები“ არ დასჭირდება, რაც კოსმოსური მოგზაურობის ღირებულებას კიდევ უფრო შეამცირებს – ამასთანავე, თვითმფრინავი მრავალჯერადი გამოყენებისა იქნება.

„გვჯერა, რომ კოსმოსში გასვლის საყოველთაო შესაძლებლობა ადამიანის მოდგმას უსასრულო შესაძლებლობებს უქადის“, – განაცხადა Radian-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, რიჩარდ ჰამფრიმ. „გვსურს, რომ დროთა განმავლობაში, კოსმოსში მოგზაურობა ისეთივე მარტივი და მოსახერხებელი გახდეს, როგორც ეს თვითმფრინავითაა შესაძლებელი“.

ამ ეტაპზე კომპანია პროტოტიპზე, Radian One-ზე მუშაობს, რომლითაც ხუთი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფისა და 2500-კილოგრამიანი ტვირთის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი. გამოცემა FreeThink-ის ინფორმაციით, Radian-ის თვითმფრინავი სარაკეტო ციგის მსგავს კონსტრუქციაზე, ჰორიზონტალურად განთავსდება, სარაკეტო ციგა აჩქარდება და სასურველი სიჩქარის მიღწევის შემდეგ თვითმფრინავი დედამიწის ქვედა ორბიტისაკენ გაექანება. ამგვარი მეთოდით, კომპანია თვითმფრინავში არსებული საწვავის დაზოგვას გეგმავს. თავისთავად ცხადია, რომ სარაკეტო ციგაც მრავალჯერადია.

ამ პროექტის წარმატების შესახებ წინასწარ რაიმეს თქმა ძალიან რთულია – თუმცა ფაქტია, რომ ერთნაწილიანი კოსმოსური ხომალდის შექმნა ამ დრომდე ვერავინ მოახერხა. თუკი Radian Aerospace-ს დასახულ მიზანს მიაღწევს, ამგვარი ტექნოლოგია უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ილონ მასკის SpaceX-ის მრავალჯერადი ავტონომიური რაკეტები, რომლებიც დედამიწაზე თავისით ბრუნდებიან.

Venturi Astrolab-მა მთვარეზე ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად მოდულარული როვერი შექმნა

გასულ კვირას ამერიკულმა კოსმოსურმა სტარტაპმა, Venturi Astrolab-მა პლანეტთაშორისი მოდულარული როვერი წარმოადგინა, რომლითაც კომპანია მთვარეზე (ხოლო მოგვიანებით, მარსზე) ადამიანების გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომავალი ათწლეულის განმავლობაში ისინი როვერებისგან შემდგარ მსხვილ ავტოპარკს შექმნიან, რომლითაც NASA-ს და კერძო კომპანიებს მოამარაგებენ.

Venturi Astrolab-ის როვერს, სახელწოდებით FLEX-ს, მოკუნტვა, მთვარის ზედაპირიდან ტვირთის აღება და გადატანა შეუძლია. როვერის მოდულარულობის წყალობით, მას სხვადასხვა ტიპის ობიექტების აღება შეუძლია – მთავარია, რომ ისინი მისთვის მისაღებ ზომასა და ფორმას აკმაყოფილებდნენ. ამასთანავე, როვერი საკმაოდ მოქნილია: ის ნაწილობრივ ავტონომიურია და მისი მართვა შეიძლება როგორც პულტის გამოყენებით, ასევე ადამიანების მიერ.

Astrolab-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჯარეტ მეთიუზის თქმით, კომპანიას სამყაროს მიერ მთვარის მიმართ გამოთქმულ ინტერესზე კაპიტალიზაცია სურს. მეთიუზის ეს სურვილი აზრს მოკლებული არ არის, თუ გავიხსენებთ, რომ NASA უკვე მუშაობს კოსმოსურ პროგრამაზე, სახელწოდებით Artemis-ი, რომლის ფარგლებში მთვარეზე პირველი ქალი და ფერადკანიანი ადამიანი დაეშვებიან. აღსანიშნავია, რომ მთვარემდე მისასვლელ რაკეტებზე SpaceX-ი და Blue Origin-იც ფიქრობენ, ხოლო Astrobotic and Intuitive Machines-ის მსგავსი კომპანიები მთვარეზე ტვირთის გადასაზიდ რობოტებს ჰქმნიან. ჯარეტ მეთიუზს სურს, რომ მაშინ, როცა ამ კომპანიის გეგმები მატერიალიზდება, მათ მისი როვერები მთვარეზე დახვდნენ.

„SpaceX-ისა და Blue Origin-ის მსგავსი კომპანიები ტრანსპლანეტური ტრანსპორტირების პრობლემაზე მუშაობენ, ხოლო ჩვენ გვსურს, რომ ადგილობრივი ტრანსპორტირების პრობლემა აღმოვფხვრათ და, საბოლოო ჯამში, მთავარეზე არსებულ ლოგისტიკას ჩავუყაროთ საფუძველი“, – განაცხადა მეთიუზმა.

Bored Ape Yacht Club-ის შემქმნელმა Larva Labs-ის ორი კოლექცია CryptoPunks-ი და Meebits-ი შეიძინა

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი უძვირფასესი NFT-კოლექციის, Bored Ape Yacht Club-ის შემქმნელმა ორგანიზაციამ, Yuga Labs-მა, ორი ძალიან მნიშვნელოვანი NFT-კოლექცია – CryptoPunks-ი და Meebits-ი შეიძინა. Yuga Labs-ში სურთ, რომ ორთავე კოლექციაში შემავალი NFT-ების მფლობელებს მათ მიერ შეძენის ციფრულ აქტივებზე ინტელექტუალური საკუთრებისა და კაპიტალიზაციის უფლება მისცენ – ამგვარად, ისინი პროდუქციის წარმოებას ისევე შეძლებენ, როგორც ეს Bored Ape-ის NFT-ების მფლობელებს შეუძლიათ.

„CryptoPunks-ი ყველამ იცის, CryptoPunks-ი ყველას უყვარს“, – განაცხადა Bored Ape Yacht Club-ის თანადამფუძნებელმა, გრეგ სოლანომ, იმავე Gargamel-მა The Verge-თან საუბრისას. „[CryptoPunks-ის კოლექცია] კლასიკაა, რომელიც დროს უსწრებს. ის ორიგინალურია და სამუდამოდ იარსებებს. თავიდანვე სიხარულით განვეწყვეთ, მაშინაც კი, როცა არ ვიცოდით, შემდეგ რას გავაკეთებდით“.

Larva Labs-ის დამფუძნებლებმა, მეტ ჰოლმა და ჯონ უოტკინსონმა განაცხადეს, რომ მათ პროექტებს Yuga Labs-ი უკეთ გაუძღვება: „ვგრძნობდით, რომ ჩვენ ორნი, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერიმენტალისტები, ამ საქმეს სულ უფრო და უფრო ნაკლებად ვეწყობოდით“, – თქვა ჰოლმა The Verge-თან საუბრისას. ცნობისთვის გეტყვით, რომ CryptoPunks-ი მათ ჯერ კიდევ 2017 წელს, NFT-ტექნოლოგიების პირველი ბუმის დროს შექმნეს.

საერთო ჯამში, Yuga Labs-ი 400-ზე მეტ CryptoPunks-სა და 1700-ზე მეტ Meebits-ს შეიძენს, მაგრამ გარიგების მოცულობა – უცნობია. რაც შეეხება Larva Labs-ს, ის დამოუკიდებლად გააგრძელებს არსებობას.

საინტერესოა, რომ გაყიდული NFT-ების კაპიტალიზაციით, Bored Apes-ების კოლექცია OpenSea-ს (NFT-ების უდიდესი „მარკეტპლეისი“) რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, $1-მილიარდიანი კაპიტალიზაციით – პირველზე სწორედ CryptoPunks-ია, $2.2 მილიარდით. Meebits-ის კოლექცია შედარებით ახალია და ამ დრომდე მისი კაპიტალიზაცია $227 მილიონს აღწევს.

საინტერესოა ისიც, რომ ბოლო დროს NFT-კოლექციები საკუთარ ადგილს ფიზიკურ სამყაროშიც პოულობენ და ამაში დიდი როლი სწორედაც რომ Yuga Labs-ს მიუძღვის – ამ დროისთვის მათ საკუთარი NFT-ების გამოსახულების მქონე პროდუქციის გამოშვება, მობილური თამაშის შექმნა და ცნობილი სახეებით დატვირთული ღონისძიების გამართვა მოახერხეს. „საკუთარ თავს რვაფეხასავით ვხედავთ, რომლის საცეცები სწვდება როგორც ქუჩის მოდას, ე.წ. „სტრიტვეარს“, ასევე ღონისძიებებს, ვიდეოთამაშებს, NFT-ებსა და ბევრ სხვა მიმართულებას“, – განაცხადა Bored Ape Yacht Club-ის თანადამფუძნებელმა, ვაილი არონოვმა,იმავე Gordon Goner-მა.

თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის, რადგან ახლად შეძენილი კოლექციებით კაპიტალიზაციას Yuga Labs-ი ვერ შეძლებს: საქმე ისაა, რომ მაშინ, როცა ადამიანი საკუთარი Bored Ape-ის გადაყიდვას გადაწყვეტს, ტრანზაქციის გარკვეული ნაწილი Yuga-ს ერიცხება, მაგრამ ჰონორარის ამგვარი სისტემა CryptoPunks-ისა და Meebits-ის ჭკვიან კონტრაქტში ჩაშენებული არ არის და, როგორც ჩანს, ეს არც შეიცვლება. ამგვარად, კაპიტალიზაციისთვის მათ ახალი გზების გამონახვა მოუწევთ.

რუსეთში აკრძალვის ფონზე, Twitter-მა ვებბრაუზერ Tor-ში გადაინაცვლა

რუსეთის ფედერაციის მიერ დასავლური სოციალური ქსელების აკრძალვის ფონზე, საკუთარი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო სერვისის მისაწოდებლად, Twitter-მა ვებბრაუზერ Tor-ში გადაინაცვლა. Tor-ი (გაშლილად კი, „The Onion Router“) უსაფრთხო ვებბრაუზერია, რომელიც მომხმარებლის ადგილმდებარეობასა და აქტივობას ფარავს – მას, როგორც წესი, ე.წ. „დარქ ვებს“ უკავშირებენ, მაგრამ რეალურად, მას კანონიერი სუბიექტებიც იყენებენ.

„ჩვენი სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა – ჩვენი პრიორიტეტია“, – განაცხადა Twitter-ის პრესსპიკერმა, რომელმაც დასძინა, რომ ამ პროექტზე კომპანიაში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ.

ცნობისთვის, Twitter-ი რუსეთში თითქმის ორი კვირის წინ გაითიშა, თუმცა ის რუსული აკრძალვის მსხვერპლი ერთადერთი დასავლური სოციალური ქსელი არ გახლავთ – რუსეთში აკრძალულია Facebook-ი, ხოლო დღეს აიკძალა Instagram-იც.

DeepMind-ის ახალ AI-ს ძველი წარწერების გაშიფვრა და დათარიღება შეუძლია

როგორც ჩანს, სულ მალე მანქანური დასწავლა არქეოლოგებს წარსულის უკეთ შეცნობაში საგრძნობლად დაეხმარება – საქმე ისაა, რომ Alphabet-ის შვილობილმა კომპანიამ, DeepMind-მა ისეთი ხელოვნური ინტელექტი შექმნა, რომელსაც ანტიკური წარწერების გაშიფვრა, დათარიღება, ტექსტში გამოტოვებული ადგილების შევსება და კონკრეტული წარწერის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლია.

„წარწერები ძველი ადამიანების მიერაა შესრულებელი… ისინი ძალიან მნიშვნელოვან პირველად წყაროებს წარმოადგნენ“, – განაცხადა ისტორიკოსმა და მანქანური დასწავლის ექსპერტმა, თეა სომერშილდმა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

ანტიკური ტექსტების სიძველიდან გამომდინარე, მათი აღდგენა ძალიან რთულია. ამასთანავე, როგორც წესი, წარწერებს ქვებსა და ლითონებზე აკეთებდნენ, რაც ნახშირბადის მეთოდით  მათ დათარიღებას შეუძლებელს ხდის. „ამგვარი დაბრკოლებების გადასალახად, ეპიგრაფერები ტექსტუალურ და კონტექსტუალურ პარალელებს ეძებენ, მაგრამ ადამიანისთვის ამდენი ინფორმაციის მოძიება და მასში კანონზომიერებების აღმოჩენა ძალიან რთულია“, – განაცხადა სომერშილდმა.

DeepMind-ის უახლესი ხელოვნური ინტელექტის, Ithaca-ს დასწავლისთვის, მკლევრებმა ისტორიული მეტამონაცემების მქონე 78608 ანტიკური წარწერა გამოიყენეს. ძალიან რომ გავამარტივოთ, Ithaca ამგვარად ფუნქციონირებს: ის ამ ინფორმაციაში კანონზომიერებებს ეძებს და მათგან რთულ მათემატიკურ მოდელებს აგებს, რომელთაც, მოგვიანებით, ახალი წარწერების გასაშიფრად და დასათარიღებლად იყენებს.

Ithaca-ზე მომუშავე მკლევრების თქმით, არასრული ტექსტების აღდგენისას ხელოვნური ინტელექტი – 62%-ით, ხოლო გეოგრაფიული წარმომავლობის დადგენისას 71%-ით ზუსტია. ტექსტის დათარიღებას რაც შეეხება, Ithaca მას 30-წლიანი პერიოდის სიზუსტით ახერხებს.

აღსანიშნავია, რომ DeepMind-ის ახალ ხელოვნურ ინტელექტს სკეპტიკოსებიც ჰყავს: რედინგის უნივერსიტეტის ბერძნული და ლათინური სოციოლინგვისტიკის პროფესორის, ელინორ დიქის თქმით, მოდელის მთავარი ნაკლი 62%-იანი სიზუსტეა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოდელი ყოველ მესამე შემთხვევაში შეცდება. თუმცა, მისი აზრით, ეს მოდელი მაინც ძალიან საინტერესოა,  რადგან მას ანტიკურ სამყაროზე ჩვენი წარმოდგენის შეცვლა შეუძლია.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ DeepMind-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესახებ ამ დრომდეც არაერთხელ დაგვიწერია: აი, მაგალითად, ცოტა ხნის წინ კომპანიამ ისეთი ნეირონული ქსელი შექმნა, რომელიც საშუალო დონის დეველოპერს არაფრით ჩამოუვარდება; მანამდე კი, DeepMind-ის ბაზაზე, Alphabet-მა მედიკამენტების მოლეკულების აღმოჩენა დაიწყო.

Uber Eats-მა ქვითრის გაყოფის ფუნქციონალი დაამატა

საკვების მიტანის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სერვისმა, Uber Eats-მა ჯგუფური შეკვეთებისა და ქვითრის გაყოფის ფუნქციონალები დაამატა – ამიერიდან, სმარტფონის ერთმანეთისთვის გადაწოდების ნაცვლად, მეგობრები აპლიკაციაში ცალ-ცალკე, საკუთარი სმარტფონებიდან შევლენ, სასურველ კერძებს შეუკვეთენ და შეკვეთის ღირებულების საკუთარ წილს თვითონვე გადაიხდიან.

აღსანიშნავია, რომ Uber Eats-ის ეს ახალი ფუნქციონალი ძალიან მოქნილია: მომხმარებლებს ერთმანეთისთვის საფასო ლიმიტების დაწესება შეუძლიათ, ხოლო საკვები ერთ დროს მოდის. გარდა ამისა, Uber Eats-ი ე.წ. „ქეითერინგის“ მსგავს ფუნქციონალსაც ამატებს – თუ, მაგალითად, რამდენიმე დღეში შეკრებას გეგმავთ, შეგიძლიათ, კერძები წინასწარ, შეხვედრამდე შვიდი დღით ადრე შეუკვეთოთ.

Peek Performance: ვრცლად Apple-ის ყველა სიახლის შესახებ

დღეს Apple-მა წლის პირველი ღონისძიება, Peek Performance-ი გამართა, რომელზეც არაერთი სიახლე, მათ შორის სრულიად ახალი iPhone SE, განახლებული iPad Air-ი, სრულიად ახალი და რევოლუციურად მძლავრი პროცესორი, M1 Ultra და სტუდიური წარმოების გენერატორი – Mac Studio და Studio Display-ი  წარმოადგინა, რომელთაც ამ ვრცელ სტატიაში მოვუყარეთ თავი.

ახალი თაობის iPhone SE

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განახლება, რომელიც კალიფორნიულმა გიგანტმა დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოადგინა – Apple-ის ახალი თაობის ბიუჯეტური სმარტფონი, iPhone SE გახდა, რომელსაც ამიერიდან iPhone 13-ის ძალიან მძლავრი A15 Bioni-პროცესორი ექნება. აღსანიშნავია, რომ iPhone 8-სთან შედარებით, ახალი iPhone SE-ის CPU – 1.8-ჯერ, ხოლო GPU 2.2-ჯერ უფრო სწრაფია.

ახალი თაობის iPhone SE-ს 4.8-ინჩიანი რეტინა დისპლეი, 12-მეგაპიქსელიანი კამერა და უსწრაფესი პროცესორი აქვს, რომელსაც წამში 15.8 ტრილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია – ამასთანავე, სმარტფონს 5G-ის მხარდაჭერა აქვს. რაც შეეხება სმარტფონის გამძლეობას, ახალი iPhone SE-ის წინა და უკანა შუშები iPhone 13-ის იდენტურია.

Apple-ის ბიუჯეტური ტელეფონის წინასწარი შეკვეთა პარასკევს, 11 მარტს დაიწყება – iPhone SE-ის საწყისი ფასი $429-ია.

აღსანიშნავია, რომ განახლდა Apple-ის ერთ-ერთი საუკეთესო სმარტფონი, iPhone 13-იც: მას ახალი ფერი – ალპური მწვანე დაემატა. საინტერესოა, რომ კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ტიმ კუკის განცხადებით, iPhone 13-ის დახმარებით Apple-მა იმაზე მეტი ახალი მომხმარებელი შეიძინა, ვიდრე ეს წინა ხუთი თაობის სმარტფონის შემთხვევაში იყო.

iPad Air

ახალი სმარტფონის პარალელურად, Apple-მა მისი კიდევ ერთი საკულტო პროდუქტი iPad Air-ი განაახლა – ამიერიდან ის M1-პროცესორით იქნება აღჭურვილი. ამრიგად, მის საუკეთესო კონკურენტთან შედარებით, განახლებული iPad Air-ი 60%-ით უფრო მძლავრი და 2-ჯერ უფრო სწრაფია.

განახლებული iPad Air-ის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი, მისი 10.9-ინჩიანი Liquid Retina დისპლეია, რომელსაც True Tone-ის მხარდაჭერა, ფერთა ძალიან დიდი გამა და არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირი აქვს. ამასთანავე, განახლებულ პლანშეტს Touch ID-ის, 5G-ისა და მეორე თაობის Apple Pencil-ის მხარდაჭერა აქვს.

განახლებული iPad Air-ის წინასწარი შეკვეთა უკვე დაწყებულია – მისი საწყისი ფასი $599-ია. ხელმისაწვდომია iPad Air-ის ორი, 64-გიგაბაიტიანი და 256-გიგაბაიტიანი მოდელები.

M1 Ultra

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში საკუთარი ნახევარგამტარების წარმოება Apple-მა საოცრად განავითარა – ეს ჩანდა მაშინაც, როცა კომპანიამ პირველი M1-პროცესორი წარმოადგინა. მას მერე Apple-მა ორი კიდევ უფრო მძლავრი პროცესორი M1 Pro და M1 Max-ი წარმოადგინა. დღეს კი კალიფორნიული კომპანიის ამ საოცარ სიას კიდევ ერთი ძალიან მძლავრი პროცესორი – M1 Ultra შეემატა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესორის შესაქმნელად, რომელიც, რეალურად, M1 Max-ის ორი პროცესორისგან შედგება, Apple-მა სრულიად ახალი არქიტექტურა, Ultra Fusion-ი შეიმუშავა, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას საშუალებას აძლევს, რომ ორი ჩიპი ერთად აღიქვას.

M1 Ultra 114 მილიარდი ტრანზისტორისგან შედგება, რაც M1-ში გამოყენებული ტრანზისტორების რაოდენობაზე 7-ჯერ მეტია. ამასთანავე, მას 20-ბირთვიანი CPU და 64-ბირთვიანი GPU აქვს, რაც, საერთო ჯამში, M1-თან შედარებით, მას 8-ჯერ უფრო სწრაფ პროცესორად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ სრულიად ახალი პროცესორი, M1 Ultra Mac-ი პირველად Studio-ში გამოჩნდება – რევოლუციურ პერსონალურ კომპიუტერში, რომელიც Apple-მა დღეს წარმოადგინა.

Mac Studio და Studio Display-ი

Mac Studio კიდევ ერთი რევოლუციური პროდუქტია, რომელიც Apple-მა დღეს წარმოადგინა – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის თავდაყირა დააყენებს ყველა იმ ადამიანის ცხოვრებას, ვისაც ნებისმიერი ტიპის სტუდიაში უწევს მუშაობა. ახალი პროცესორი ელეგანტური და კომპაქტურია – ის ტიპური პერსონალური მონიტორის ქვემოთ ეტევა.

აღსანიშნავია, რომ Mac Studio ძალიან მძლავრია – 16-ბირთვიანი Xeon-პროცესორის მქონე Mac Pro-სთან შედარებით, M1 Max-ის მქონე Mac Studio 50%-ით უფრო სწრაფია, ხოლო 10-ბირთვიანი i9-პროცესორის მქონე 27-ინჩიან iMac-თან შედარებით, 2.5-ჯერ უფრო სწრაფია. თუმცა ეს ყველაფერი როდია: Apple-ის უახლესი პროცესორის, M1 Ultra-ს არჩევის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური კომპიუტერი 27-ინჩიან iMac-ზე 3.8-ჯერ უფრო სწრაფი, ხოლო 16-ბირთვიან Mac Pro-ზე 90%-ით უფრო სწრაფი იქნება.

Mac Studio-ს წინასწარი შეკვეთა პარასკევს, 11 მარტს დაიწყო – M1 Max-ის მქონე მოდელის საწყისი ფასი $1999-ია, ხოლო M1 Ultra-ს მქონე მოდელისა – $3999.

რაც შეეხება Studio Display-ს, ის 27-ინჩიანი 5K-დისპლეია – მას 14.7 მილიონი პიქსელი, 600 ნიტი სიკაშკაშე და მილიარდზე მეტი ფერის მხარდაჭერა აქვს. საინტერესოა, რომ ის Apple-ის A13 Bionic-ის მიკროჩიპითაა აღჭურვილი, რაც მას კიდევ უფრო მძლავრს და ყოვლისმომცველს ხდის. საინტერესოა ისიც, რომ მონიტორში ჩაშენებულია 12-მეგაპიქსელიანი კამერა, Center Stage-ის ფუნქციით და ძალიან მძლავრი მიკროფონები და დინამიკები, რომელთა დახმარებით, მონიტორს სივრცითი აუდიოს მხარდაჭერა აქვს.

Studio Display-ის წინასწარი შეკვეთა პარასკევს, 11 მარტს დაიწყო – პროდუქტის საწყისი ფასი $1599-ია.

Apple TV+

გასული წლის სექტემბრის მსგავსად, Apple-მა საკუთარი სტრიმინგ-პლატფორმის ექსკლუზიური ფილმები და სერიალები წელსაც წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში Apple-ი შედარებით ახალი მოთამაშეა, ამერიკულმა გიგანტმა უკვე არაერთგზის დაგვანახა, რომ ფილმებისა და სერიალების შექმნა მშვენივრად გამოსდის – ამაზე პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდოების არაერთი ნომინაცია მიუთითებს.

ამასთანავე, ამიერიდან Apple-ის სტრიმინგ-პლატფორმის მომხმარებლები Friday Night Baseball-ის ყურებასაც შეძლებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *