ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირის ბოლოს კათოლიკური სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს, მანამდე კი ცალკეული ქვეყნები მნიშვნელოვან ეკონომიკურ მონაცემებს გამოაქვეყნებენ. დაგეგმილია ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის სხდომაც. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებით დასრულდება შეხვედრა იმ ფონზე, რომ ევროზონაში ინფლაცია რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს, 7.5%-ს აღწევს. როგორც უკრაინაში მიმდინარე ომმა, ისე  სხვა ფაქტორებმა ევროპაში ენერგორესურსებზე ფასები გაზარდა, ამიტომაც ევროპის ცენტრალური ბანკი ცალკეული ქვეყნებისგან მოწოდებას, რომ გაიზარდოს საპროცენტო განაკვეთები, სავარაუდოდ, უპასუხოდ ვერ დატოვებს. ანალიტიკოსებიც უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ მიმდინარე წელს ევროპის ცენტრალურ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს.

ინფლაცია, ევროპის ქვეყნების გარდა, სხვა სახელმწიფოებშიც დიდი გამოწვევაა. მაგალითად, კანადასა და ახალ ზელანდიაშიც მიმდინარე კვირაში ცენტრალური ბანკების შეხვედრა იგეგმება, რის შემდეგაც ექსპერტები ბოლო 20 წელიწადში საპროცენტო განაკვეთის ყველაზე დიდ მატებას ელოდებიან.

ამას გარდა, მიმდინარე კვირას საინტერესო იქნება ამერიკული ბანკების შემოსავლების ნახვაც. მსხვილი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტები 2022 წლის პირველი კვარტალის შედეგებს გაასაჯაროებენ. მათ შორის იქნება JPMorgan-ი, Goldman Sachs-ი, Morgan Stanley-ი, Citigroup-ი, Wells Fargo. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, მოსალოდნელია, რომ ფინანსური სექტორის შემოსავლები გასულ წელთან შედარებით შემცირებული იქნება. საინვესტიციო ბანკების შემოსავლებზე უარყოფითად აისახა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაც.

ასევე, ამერიკაში 11 აპრილის კვირაში მოსალოდნელია სამომხმარებლო ფასების ინფლაციის მონაცემის გამოქვეყნება, გარდა ამისა, ელოდებიან მწარმოებელთა ფასების ინფლაციის მაჩვენებლის, რიტეილ-გაყიდვებისა და მომხმარებელთა განწყობების მაჩვენებლების გასაჯაროებასაც.

მნიშვნელოვანი ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებაა მოსალოდნელი დიდ ბრიტანეთშიც, სადაც მშპ-ის განახლებული მაჩვენებელი და თებერვლის სავაჭრო ბალანსი გახდება ცნობილი. თებერვლის სავაჭრო ბალანსს და უმუშევრობის დონეს გაასაჯაროებენ საფრანგეთსა და რუსეთშიც. ჩინეთში კი მარტის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები გამოქვეყნდება.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას საქსტატი 2022 წლის მარტის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულ ინდექსს გამოაქვეყნებს. ასევე ცნობილი გახდება საგარეო ვაჭრობის მარტის ექსპრეს-მონაცემები და საარსებო მინიმუმი. მიმდინარე კვირასვე გამოქვეყნდება კაპიტალის ანგარიში მიმდინარე ფასებში (2020 წელი, დაზუსტებული) და ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2022 წლის თებერვალი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *