ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ევროპის ცენტრალური ბანკი ეკონომიკის ბიულეტენს გამოაქვეყნებს, რომელიც ეკონომიკის შესახებ ბანკის მიერ მომზადებულ ანალიზს მოიცავს. როგორც წესი, ეკონომიკური ბიულეტენი მონეტარული პოლიტიკის სხდომიდან ორ კვირაში საჯაროვდება, რომელშიც ცენტრალური ბანკი ევროზონაში არსებულ ეკონომიკურ ფაქტორებს მიმოიხილავს და აანალიზებს. დაახლოებით ორი კვირის წინ ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველმა საბჭომ განაცხადა, რომ ივლისის შეხვედრაზე საპროცენტო განაკვეთებს 25 ბაზისური პუნქტით გაზრდის.

გარდა ამისა, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ევროპარლამენტის წინაშე წარდგება, სადაც ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ბანკის მიერ შემუშავებული კრიზისთან ბრძოლის ახალი სტრატეგია.

ასევე, ესპანეთი 2022 წლის პირველი კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს, დიდი ბრიტანეთი – მაისის რიტეილ-გაყიდვების მონაცემებს, გერმანიაში ბიზნესის მოლოდინები და ბიზნესკლიმატის განახლებული მაჩვენებლები გამოქვეყნდება, ბიზნესისა და მომხმარებლების კმაყოფილების ახალ მონაცემებს ელოდებიან იტალიაშიც.

მიმდინარე კვირას, ამერიკის ეკონომიკური კალენდარი შედარებით მსუბუქია. თუმცა, როგორც მოსალოდნელია, იგეგმება საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებლების გამოქვეყნება. ასევე წარმოებისა და მომსახურების სექტორების აქტიურობის წინასწარი მაჩვენებლების გასაჯაროება.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდარი დატვირთული იქნება. მხოლოდ 20 ივნისს არაერთი მაჩვენებლის გამოქვეყნება იგეგმება. კერძოდ, მაისის საგარეო ვაჭრობისა და ადგილობრივი ექსპორტის, ასევე, ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსის, პირველი კვარტალის მშპ-ის და ეროვნული ანგარიშების სხვა წინასწარი მაჩვენებლების, მაისის სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის, მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსის, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსისა და ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსის (2022 წლის მაისი) გამოქვეყნებაა დაგეგმილი. ასევე, მიმდინარე კვირის ეკონომიკურ კალენდარშია დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვებით უზრუნველყოფის მომსახურებაზე მწარმოებელთა ფასების ინდექსის (2022 წლის მაისი), მშენებლობის ღირებულების ინდექსისა (2022 წლის I კვარტალი)  და მრეწველობის პროდუქციის ინდექსის (2022 წლის I კვარტალი) გამოქვეყნებაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *