ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ევროკავშირი აგვისტოს მწარმოებელთა ფასების ინდექსის გამოქვეყნებას გეგმავს, ასევე, ევროპული ბლოკი რიტეილ-გაყიდვების აგვისტოს მაჩვენებელს გამოაქვეყნებს.

გარდა ამისა, დაგეგმილია ევროჯგუფის ტრადიციული შეხვედრა. ამასთან ევროპის ცენტრალური ბანკი არამონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს. აღნიშნულ შეხვედრას საპროცენტო განაკვეთებზე გავლენა არა აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ტრადიციულ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებები არაპირდაპირ ეფექტს ახდენს ევროზე.

ამასთან, 3 ოქტომბრის კვირაში ინდოეთი, კანადა, საფრანგეთი და აშშ სავაჭრო ბალანსის ბოლო მონაცემების გასაჯაროებას, გერმანია კი აგვისტოს იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლების გამოქვეყნებას აპირებს. ასევე, აშშ და კანადა სექტემბრის უმუშევრობის მაჩვენებლებსაც გამოაქვეყნებენ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის უმუშევრობის განახლებული მონაცემი ნათელს გახდის, რამდენად აისახა ფედერალური სარეზერვო სამსახურის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები შრომის ბაზარზე. ეკონომისტების პროგნოზით, გასულ თვეს ამერიკაში დასაქმების ბაზარი 250 000 ახალი სამუშაო ადგილით იქნება გაზრდილი.

მნიშვნელოვანი იქნება ნავთობექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის, OPEC-ისა და მისი მოკავშირეების შეხვედრაც, რომელიც ვენაში მიმდინარე კვირის ოთხშაბათსაა დანიშნული. შეხვედრაზე, რომელშიც რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას, მხარეები შეთანხმდებიან ნოემბრის კვოტებზე. Bloomberg-ის პროგნოზით, ქვეყნები დღეში წარმოების 1 მილიონ ბარელამდე შემცირებაზე შეთანხმდებიან, რათა ნავთობზე ფასების კლებას უპასუხონ.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას საქსტატი 2021 წლის საწარმოთა საქმიანობის შედეგებს გამოაქვეყნებს, რომელშიც პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვა მონაცემები მოიაზრება. გარდა ამისა, მოსალოდნელია გასული წლის არაკომერციული ორგანიზაციების გამოკვლევის შედეგებისა და 2022 წლის სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოქვეყნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *