გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მნიშვნელოვანი სიახლეების კუთხით მეცნიერების სფეროში განსაკუთრებით გამორჩეული აღმოჩნდა. წარმატებით განხორციელდა მისია DART, რომლის ფარგლებშიც NASA-მ კოსმოსური ხომალდი ასტეროიდს მიზანმიმართულად შეაჯახა, რათა მისი მოძრაობის ტრაექტორია შეეცვალა. კლინიკურმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ალცჰაიმერის სამკურნალო ექსპერიმენტულმა პრეპარატმა ცდისპირებში დაავადების პროგრესირება შეანელა. ამის პარალელურად FDA-მ კომპანია Amylyx-ის მიერ დამზადებული, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა. ასევე კონგრესის ანგარიშზე დაყრდნობით გაირკვა, რომ 2020 წელს აშშ-ის მიერ ოპიოიდების კრიზისისთვის გაღებულმა ხარჯმა თითქმის $1.5 ტრილიონი შეადგინა.

მოცემულ ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარი ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ შეიტყობთ.

NASA-მ ასტეროიდს კოსმოსური ხომალდი შეაჯახა

ისტორიაში პირველად, დედამიწისთვის პოტენციური საფრთხის თავიდან არიდების მიზნით პლანეტური თავდაცვის სისტემა გამოიცადა – მისია DART-ის ფარგლებში NASA-მ კოსმოსური ხომალდი ასტეროიდს მიზანმიმართულად შეაჯახა, რათა მისი მოძრაობის ტრაექტორია შეეცვალა.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ 2021 წლის ნოემბერში დედამიწიდან გაშვებული ზონდი 27 სექტემბერს, თბილისის დროით 03:14 საათზე ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 11 მილიონი კილომეტრის მოშორებით მოძრავ მცირე ზომის ასტეროიდს „დიმორფოსს“ შეეჯახა, რომელიც უფრო დიდი ზომის ასტეროიდის, „დიდიმოსის“ მთვარედ მიიჩნევა.

NASA-ს ინფორმაციით, შეჯახების დროს 570 კილოგრამი წონის მქონე კოსმოსური ხომალდის სიჩქარე 22,530 კმ/სთ-ის შეადგენდა. ცნობისთვის, „დიმორფოსის“ დიამეტრი დაახლოებით 160 მეტრს უტოლდება.

Reuters-ის ინფორმაციით, DART-ის პროგრამის მთლიანი ღირებულება 330 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პლანეტური თავდაცვის სისტემის გამოსაცდელი პირველი მისია დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში მუშავდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ „დიმორფოსი“ დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, სპეციალისტების თქმით, ის პლანეტური თავდაცვის სისტემის გამოსაცდელად საუკეთესო კანდიდატი იყო. ამ ტესტირების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ საჭიროების შემთხვევაში კაცობრიობა ასტეროიდებისგან მომავალ საფრთხეს თავიდან წარმატებით აირიდებს.

ალცჰაიმერის სამკურნალო ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა კვლევის დროს დაავადების პროგრესირება შეანელა

იაპონური ფარმაცევტული კომპანია Eisai-ისა და აშშ-ში, მასაჩუსეტსში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანია Biogen-ის მიერ დამზადებულმა ალცჰაიმერის სამკურნალო ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა მასშტაბურ კლინიკურ კვლევაში მონაწილე ცდისპირებში დაავადების ადრეულ სტადიაზე კოგნიტიური დარღვევების განვითარება შეანელა.

აღსანიშნავია, რომ ალცჰაიმერის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატის შექმნა აქამდე არაერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ სცადა, თუმცა შედეგები არც ისე დამაიმედებელი იყო. ახალი გარღვევა კი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მსგავსი მიმართულებით მომუშავე მწარმოებლებისთვის, მათ შორის Roche-ისა და Eli Lilly-ისთვის, რომლებიც ალცჰაიმერის სამკურნალო თერაპიის შესაქმნელად კვლევებს ატარებენ. ცნობისთვის, ეს დაავადება მსოფლიოში დაახლოებით 55 მილიონ ადამიანს აწუხებს.

ფოტო: Getty Images

როგორც 1800 ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, Eisai-ისა და Biogen-ის წამალმა, ლეკანემაბმა, დაავადების პროგრესირება პლაცებოსთან შედარებით 27%-ით შეანელა. ეს ალცჰაიმერის ადრეულ სტადიაზე პაციენტთა ტვინიდან ტოქსიკური ცილის, ამილოიდი ბეტას ამოღების გზით გახდა შესაძლებელი.

ალცჰაიმერის ასოციაციის განცხადებით, აღნიშნული დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ და ამისთვის ყველაზე ეფექტიან გზებს ეძებენ, ვინაიდან, მათი ვარაუდით, მხოლოდ აშშ-ში 2050 წლისთვის ალცჰაიმერით დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდება და 13 მილიონს მიაღწევს. პროგნოზის მიხედვით, გლობალურად, ამავე პერიოდისთვის მაჩვენებელი 139 მილიონს შეადგენს, თუ მანამდე მკურნალობის ეფექტიანი მეთოდი არ შემუშავდება.

Eisai პრეპარატის დაჩქარებული წესით დასამტკიცებლად აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) მიმართავს. მოსალოდნელია, რომ ორგანიზაციამ გადაწყვეტილება იანვრის დასაწყისში მიიღოს.

როგორც Eisai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰარუო ნაიტომ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი მიზნად ისახავენ პრეპარატის სრულ დამტკიცებას და კომერციალიზაციის უფლების მოპოვებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და იაპონიაში 2023 წლის ბოლოსთვის.

რუსი კოსმონავტები ISS-დან დედამიწაზე დაბრუნდნენ

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი რუსი კოსმონავტები – ოლეგ არტემიევი, დენის მატვეევი და სერგეი კორსაკოვი დედამიწაზე დაბრუნდნენ. მათ ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ მოდულზე 195 დღე გაატარეს.

Soyuz MS-21-ის კაფსულა, რომლის ბორტზეც რუსი კოსმონავტები იმყოფებოდნენ 29 სექტემბერს, ყაზახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პარაშუტის დახმარებით დაეშვა. აღსანიშნავია, რომ ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ISS-დან „სოიუზის“ ტიპის კოსმოსური ხომალდით მხოლოდ რუსი კოსმონავტებისგან შემდგარი ეკიპაჟი პირველად დაბრუნდა.

ფოტო: thespec.com

შეგახსენებთ, ოლეგ არტემიევი, დენის მატვეევი და სერგეი კორსაკოვი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 18 მარტს ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაემგზავრნენ. ამ დროს რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო დასავლეთს ოკუპანტისთვის გარკვეული სანქციები უკვე ჰქონდა დაწესებული.

აშშ-სა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ უფრო გაამძაფრა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სახელმწიფოთა თანამშრომლობაზეც აისახა. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, დმიტრი როგოზინი, რომელიც ISS-ის პროგრამიდან გასვლით არაერთხელ დაიმუქრა.

მას შემდეგ, რაც როგოზინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მისი ადგილი  რუსეთის ვიცე-პრემიერმა, იური ბორისოვმა დაიკავა, NASA-სა და „როსკოსმოსს“ შორის ურთიერთობა გარკვეულწილად დასტაბილურდა. ამას ისიც მოწმობს, რომ მხარეებმა ძველი შეთანხმება, რომელიც NASA-ს ასტრონავტებს რუსული ხომალდით, ხოლო რუს კოსმონავტებს NASA-ს მიერ დაქირავებული აპარატით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამგზავრების საშუალებას აძლევს, ძალაში დატოვეს.

სწორედ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, 21 სექტემბერს რუსული Soyuz MS-22-ით ISS-ზე რუს კოსმონავტებთან – სერგეი პროკოპიევთან და დმიტრი პეტელინთან ერთად NASA-ს ასტრონავტი, ფრენკ რუბიო გაემგზავრა.

FDA-მ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის სამკურნალო ახალი მედიკამენტი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კომპანია Amylyx-ის მიერ დამზადებული, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა. წამალს ავტორიზაცია მცირე მასშტაბის, შუალედური სტადიის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიენიჭა. ტესტირებამ აჩვენა, რომ პაციენტებში, რომლებმაც მედიკამენტი მიიღეს, დაავადება უფრო ნელა პროგრესირდებოდა და მათი სიცოცხლე რამდენიმე თვით გახანგრძლივდა.

მედიკამენტის შემუშავება გარკვეულწილად 2014 წლის ინიციატივის „Ice Bucket Challenge“-ის წყალობით მოხდა, რომელიც ხალხს მოუწოდებდა, ALS-ასოციაციისთვის შემოწირეულობა გაეღოთ ან თავზე ყინულივით ცივი წყალი გადაესხათ. ALS-ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, ინიციირებამ მოიზიდა $115 მილიონი, საიდანაც $2.2 მილიონი ახლახან ავტორიზებული წამლის, Relyvrio-ს კვლევის დასაფინანსებლად გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, ან მოკლედ ALS, არის პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინის ნერვულ უჯრედებს, რაც კუნთებზე კონტროლის დაკარგვას იწვევს. ის ასევე ცნობილია როგორც მოტორული ნეირონების დაავადება (MND) და ლუ გერიგის დაავადება.

აღსანიშნავია, რომ დაავადებისგან განსაკურნებელი ეფექტიანი თერაპია აქამდე შემუშავებული არ არის და პაციენტების უმეტესობა დიაგნოზის დასმიდან მხოლოდ ორიდან ხუთ წლამდე ცოცხლობს.

რაც შეეხება Amylyx-ის პრეპარატს, რომელიც 137 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევისას გამოიცადა, ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ სუბიექტებმა, რომლებიც წამალს იღებდნენ, თითქმის ათი თვით მეტხანს იცოცხლეს მათთან შედარებით, ვინც მედიკამენტს არ იღებდა. გარდა ამისა, როგორც შედეგებიდან ჩანს, Relyvrio ჰოსპიტალიზაციის საჭიროების დროსაც აჭიანურებდა.

2020 წელს ოპიოიდების კრიზისით გამოწვეულმა ხარჯმა აშშ-ში თითქმის $1.5 ტრილიონს მიაღწია – კონგრესის ანგარიში

კონგრესის მოხსენების თანახმად, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპიოიდებზე დამოკიდებულებისა და დოზის გადაჭარბების შემთხვევების ზრდის გამო ქვეყნის ეკონომიკურმა ხარჯმა თითქმის 1,5 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დაფიქსირებული ხარჯის მოცულობა 2019 წლის მაჩვენებელს დაახლოებით $487 მილიარდით აჭარბებს. სპეციალისტების განცხადებით, 2021 წლის მონაცემები კიდევ უფრო უარყოფითი იქნება და მათი პროგნოზით, ე.წ. ოპიოიდების პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ხარჯის მოცულობის ზრდა მომავალშიც არის მოსალოდნელი.

ოპიოიდებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ზრდა დიდწილად ძლიერი სინთეზური ტკივილგამაყუჩებლის, ფენტანილისგან ზედოზირების შემთხვევებმა გამოიწვა. როგორც ცნობილია, 2021 წელს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის შედეგად დაღუპული 107,000 ადამიანიდან 75%-ის შემთხვევაში პასუხისმგებლობა სწორედ აღნიშნულ პრეპარატს ეკისრება. წარმოდგენილ მონაცემებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) აქვეყნებს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ახლახან თეთრმა სახლმა აშშ-ში ოპიოიდების ეპიდემიის დასაძლევად 1.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის პირობა დადო. ცნობილია, რომ დაფინანსება მიმართული იქნება ზედოზირების შემთხვევების შემცირებისკენ და ოპიოიდებზე დამოკიდებული ადამიანების გამოჯანმრთელების მხარდასაჭერად. უფრო კონკრეტულად კი, ფინანსური სახსრები ხელს შეუწყობს ზედოზირების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე წვდომის გაზრდას, მათ შორის ნალოქსონზე, რომელსაც ოპიოიდების ჭარბი დოზის გაუვნებლება და ამ გზით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოპიოიდების ეპიდემიის დაძლევას მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს. 2023 წლისთვის ის მოითხოვს $42,5 მილიარდის დაფინანსებას ნარკოტიკების კონტროლის ეროვნული პროგრამის სააგენტოებისთვის.

NASA-მ მისია Artemis I ნოემბრამდე გადადო

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ მთვარისკენ მისია Artemis I-ის ფარგლებში კოსმოსური ხომალდის გასაშვებად 12-დან 27 ნოემბრამდე პერიოდი შეარჩია. ამის შესახებ ინფორმაცია NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, პარასკევს ქარიშხალ იანისგან პოტენციური ზემოქმედების შესაფასებლად NASA-ს კუთვნილი კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის სპეციალისტების ჯგუფმა ბაზაზე განლაგებული მეგარაკეტა SLS-ი და კაფსულა Orion-ი დაათვალიერეს. მათი განცხადებით, ბუნებრივ მოვლენას კოსმოსური ხომალდისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია და მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთში წყლის შეღწევა დააფიქსირეს. როდესაც გუნდი ქარიშხლის შემდგომ აღდგენით ოპერაციებს დაასრულებს, უკვე ნოემბრის ფრენაზე ფოკუსირდება.

შეგახსენებთ, NASA მეგარაკეტა SLS-ის დახმარებით Orion-ის სახელწოდებით ცნობილი კაფსულის ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრისკენ გაგზავნას თავდაპირველად 29 აგვისტოს აპირებდა, თუმცა ფრენა ჩაიშალა. უშედეგოდ დასრულდა სექტემბერში დაგეგმილი გაშვებებიც, რისი მიზეზიც SLS-ის ძრავის გაუმართაობა იყო.

ფოტო: NASA/Kim Shiflett

ცნობისთვის, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო აღნიშნული რაკეტის შექმნასა და განვითარებაზე 2011 წლიდან მუშაობს. ამაში მას კომპანიები: Aerojet Rocketdyne-ი, Northrop Grumman-ი, Boeing-ი და United Launch Alliance-ი ეხმარებიან. აპარატი, რომლის სიგრძე 110 მეტრს შეადგენს, ორი ნაწილისგან შედგება. ბოლო ცნობებით, პროექტის ღირებულება 23 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. რაც შეეხება კაფსულა Orion-ს, ის Lockheed Martin-ისა და Airbus Defence and Space-ის მიერაა დამზადებული.

NASA პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში მთვარისკენ ეკიპაჟიანი მისიის, Artemis 2-ის განხორციელებას, ბოლო ინფორმაციით, 2024 წელს აპირებს. მისიის ფარგლებში კოსმოსური ხომალდით ასტრონავტები ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრს შემოუვლიან და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდებიან.

ამის შემდეგ კი, წინასწარი ცნობით 2025 წლისთვის აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მისია Artemis 3-ის ფარგლებში მთვარის ზედაპირზე ორი ადამიანის დასმას ეცდება, რომელთაგან ერთი ქალი იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *