მიმდინარე კვირას მთელი მსოფლიო ე.წ. შავ პარასკევს ელოდება. სწორედ ამ დღეს სხვადასხვა კომპანია მასშტაბურ ფასდაკლებებს აცხადებს. როგორც წესი, „შავი პარასკევი“ აქტიურად რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. ტრადიციულად ამ პერიოდში მსოფლიო მასშტაბით რეკორდული რაოდენობის პროდუქცია იყიდება. ამიტომაც აღნიშნული კვირა მიჩნეულია შოპინგის ყველაზე აქტიურ პერიოდად. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირის მსოფლიო ეკონომიკურ კალენდარში მონიშნულია სამხრეთ კორეაში მონეტარული პოლიტიკის სხდომა, რომელზეც საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ამასთან, გერმანია მესამე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. შვეიცარიაში მესამე კვარტალის დასაქმების მონაცემები გახდება ცნობილი, კანადაში კი რიტეილ-გაყიდვების ბოლო მონაცემების გამოქვეყნებას ელიან.
გარდა ამისა, რუსეთი მწარმოებელთა ფასების ინდექსსა და ინდუსტრიული წარმოების ოქტომბრის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს.
რაც შეეხება საქართველოს, საქსტატი მიმდინარე კვირის დასაწყისში 2022 წლის ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს. გარდა ამისა, იგეგმება ოქტომბრის სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის, მწარმოებელთა ფასების ინდექსის სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე, მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსის, ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსის, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსის, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსისა და დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვებით უზრუნველყოფის მომსახურებაზე მწარმოებელთა ფასების ინდექსის გამოქვეყნება. 24 ნოემბერს მიმდინარე წლის მესამე კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა გახდება ცნობილი, ხოლო კვირის ბოლოს რამდენიმე სტატისტიკური პუბლიკაცია გასაჯაროვდება, მათ შორის „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა, 2021“ და „ბიზნესსექტორი საქართველოში 2021“.