პოლონეთი Volvo-ს მფლობელ Geely-სთან პარტნიორობით ადგილობრივი წარმოების პირველ EV-ს შექმნის

პოლონეთი Volvo-ს მფლობელ Geely-სთან პარტნიორობით ადგილობრივი წარმოების პირველ EV-ს შექმნის

პოლონეთმა ადგილობრივი წარმოების პირველი ელექტრომობილის შესაქმნელად, პარტნიორად შვედური Volvo-ს მფლობელი ჩინური ავტომწარმოებელი Zhejiang Geely Holding Group-ი შეარჩია. აღნიშნული გადაწყვეტილება აღმოსავლეთევროპულმა სახელმწიფომ ევროპაში ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნის გამო მიიღო. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ელექტრომობილების ადგილობრივად წარმოებაში ეკონომიკურ ინტერესებსაც ხედავს.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პოლონურ ElectroMobility Poland-სა და ჩინურ ავტომწარმოებელს შორის დადებული შეთანხმება ქვეყანას ავტომობილების ადგილობრივად წარმოების შესაძლებლობას Izera-ს ბრენდის სახელით 2025 წლიდან მისცემს.

პოლონური ავტომწარმოებლის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, შეთანხმების თანახმად, ჩინური Geely პოლონელებს ელექტრომობილების ტექნოლოგიებსა და პლატფორმას მიაწვდის.

ცნობისათვის, პოლონეთს Izera-ს ბაზარზე გატანა ჯერ კიდევ 2020 წლისთვის სურდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო წარმოების დაწყება მრავალჯერ გადაიდო. პოლონური ElectroMobility-ს მეწილეების უმეტესობას ენერგოკომპანიები წარმოადგენენ, რომლებიც საწარმოს მშენებლობას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. ავტომწარმოებლის განცხადებით, ქარხანას წლიურად 100,000 ერთეული ელექტრომობილის წარმოების შესაძლებლობა ექნება.

შეთანხმების ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. თუმცა ფაქტია, რომ პარტნიორობა პოლონეთს ინდუსტრიაში უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. ამჟამად პოლონეთში იმაზე ცოტა ელექტრომობილია რეგისტრირებული, ვიდრე გერმანიაში ყოველთვიურად რეგისტრირდება.

ცნობისთვის, პოლონეთმა ადგილობრივი წარმოების ავტომობილის, Polonez-ის გამოშვება 20 წლის წინ შეწყვიტა. 20 წლის შემდეგ კი ქვეყანა ინდუსტრიაში პირდაპირ ელექტრომობილებით ბრუნდება. პოლონეთში ელექტრომობილების ელემენტების არაერთი ქარხანა, LG Chem-ი, Northvolt-ი და Umicore SA მდებარეობს. გარდა ამისა, ქვეყანაში Stellantis-ის, Volkswagen-ისა თუ Mercedes-Benz-ის წარმომადგენლობებიც გვხვდება. ეს კი ElectroMobility-ს Izera-სათვის ავტონაწილების 60%-ის შეძენის შესაძლებლობას ადგილობრივად მისცემს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *