ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას კათოლიკური სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს, ამიტომაც მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც ამ დღეს ზეიმობენ, მნიშვნელოვან ეკონომიკურ ღონისძიებებს არ უნდა ველოდოთ. თუმცა, გამოქვეყნდება არაერთი მნიშვნელოვანი მონაცემი, რაც როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე გლობალურ ეკონომიკაზეც აისახება.

მაგალითად, მიმდინარე კვირას იაპონიაში, შვეიცარიასა და ესპანეთში თებერვლის რიტეილ-გაყიდვების მაჩვენებელს გამოაქვეყნებენ. იაპონიასა და გერმანიაში გამოქვეყნდება უმუშევრობის დონის განახლებული მონაცემები, ხოლო სამხრეთ კორეაში – მარტის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები.

ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომელთაც გასული წლის მეოთხე კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტი არ გამოუქვეყნებიათ, ასეთია, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი. სწორედ ამ ორ ქვეყანაში მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ 2020-ის ბოლო კვარტალის მშპ-ის მაჩვენებლის გასაჯაროებას.

პარალელურად, ევროკავშირში ბიზნესისა და მომხმარებლის ნდობის ინდექსს გამოაქვეყნებენ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ეკონომიკის აღდგენის პროცესში.

ამასთან, საქართველოში მიმდინარე კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება შემდეგი ინფორმაცია:

  • 29 მარტი – საგადასახდელო ბალანსი (2020 წლის IV კვარტალი);
  • 31 მარტი – მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება (2021 წლის თებერვალი);
  • 2 აპრილი – სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2021 წლის მარტი)

დაბოლოს, ამ კვირას OPEC-ის წევრი ქვეყნები ტრადიციულ შეხვედრას გამართავენ, სადაც ნავთობბაზარზე არსებულ ტენდენციებს განიხილავენ და შეთანხმდებიან, უნდა გაზარდონ თუ არა ნავთობის წარმოების დღიური მოცულობა. მათი გადაწყვეტილება ე.წ. შავი ოქროს ფასების ცვლილებაზეც იმოქმედებს. ცნობისთვის, ნავთობის ფასები გასულ კვირას სუეცის არხზე წარმოქმნილი გემების საცობის შედეგად გაიზარდა. საცობი, თავის მხრივ, უზარმაზარი საკონტეინერო გემის გაჭედვას მოჰყვა. ამჟამად „ბრენტის“ ტიპის საწვავი დაახლოებით $64 ღირს, WTI-ის ნავთობი კი დაახლოებით $61.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *