ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირის მსოფლიო ეკონომიკური კალენდარი ნაკლებად დატვირთულია. მსოფლიოს ნაწილი შობას ზეიმობს და საშობაო არდადეგებია გამოცხადებული, ამასთან, გლობალური სამყარო ახალი წლისთვის ემზადება და მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის წლის შემაჯამებელი შეხვედრები დასრულებულია. თუმცა ცალკეულ ქვეყნებში ამ კვირაშიც მოსალოდნელია რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემის გამოქვეყნება. მაგალითად, იაპონია რიტეილ-გაყიდვების ბოლო მაჩვენებელს, ასევე უმუშევრობის დონეს გამოაქვეყნებს. აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნება მოსალოდნელია რუსეთშიც. ამასთან, რუსეთში ინდუსტრიული წარმოებისა და ხელფასების ზრდის მონაცემების გამოქვეყნებას გეგმავენ.

მიმდინარე კვირას ესპანეთიც ნოემბრის რიტეილ-გაყიდვების მოცულობას გამოაქვეყნებს. ასევე ცნობილი გახდება სამომხმარებლო ფასების ინდექსიც.

რაც შეეხება საქართველოს, საქსტატი მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაქვეყნებს სტატისტიკურ პუბლიკაციას „შინამეურნეობებში ენერგორესურსების მოხმარება”, ასევე ცნობილი გახდება 2021 წლის რეგიონული მთლიანი შიდა პროდუქტი. კვირის დასაწყისშივე გამოქვეყნდება შინამეურნეობებში ენერგიის მოხმარების მაჩვენებლები. გარდა ამისა, იგეგმება კიდევ ერთი სტატისტიკური პუბლიკაციის „სტატისტიკური წელიწდეული, 2022″ გამოქვეყნება.

28 დეკემბერს საქსტატი აპირებს 2022 წლის ოქტომბრის ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლების გასაჯაროებასაც. ასევე ცნობილი გახდება მთლიანი შიდა პროდუქტი დანახარჯებისა და შემოსავლების მიხედვით; ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2022 წლის III კვარტალი, წინასწარი); პირდაპირი უცხოური ინვესტიციები BPM6-ის კლასიფიკაციის მიხედვით, აქტივები და პასივები (2022 წლის III კვარტალი, წინასწარი) და ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2022 წლის ნოემბერი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *