როგორ დაკარგა Amazon-მა $1 ტრილიონის კაპიტალიზაცია?

როგორ დაკარგა Amazon-მა $1 ტრილიონის კაპიტალიზაცია?

ერთ დროს სილიკონის ველის ბრწყინვალე ვარსკვლავად წოდებულ Amazon-ს უმძიმესი პერიოდი დაუდგა, ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული ელექტრონული კომერციის პლატფორმა ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც საფონდო ბირჟაზე 1 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ცუდი შედეგის მქონე კომპანიად აქცევს.

თითქმის ერთ წელში Amazon-ის საბაზრო ღირებულება 1.88 ტრილიონი დოლარიდან 870 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ვარდნის 53%-იანი მაჩვენებელია.

კომპანიის აქციების გაუფასურების პარალელურად, შემცირებულია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონებაც. Forbes-ის შეფასებით, ბეზოსის ქონება ამჟამად 110 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს, მაშინ როცა გასულ წელს მისი ქონება 220 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული და ის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა.

Amazon-ის კაპიტალიზაციის შემცირება პირდაპირ კავშირშია კომპანიის ფინანსური შედეგების გაუარესებასთან და სამომავლო ზრდის პერსპექტივის შემცირებასთან, თუმცა სანამ Amazon-ის დაღმასვლის მიზეზებზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის ფაქტორები, რამაც გასულ წელს კომპანიის აქციების რეკორდული ზრდა გამოიწვია.

საფონდო ბირჟის მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ Amazon-ის აღმასვლა 2020 წლის აპრილიდან დაიწყო, რაც პირდაპირ კავშირში იყო მსოფლიოში პანდემიის დადგომასთან. ლოკდაუნების, რეგულაციებისა და შეზღუდვების დაწესების ფონზე, მსოფლიო მასშტაბით მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე, Amazon-ი კი ელექტრონული კომერციის სექტორის უმსხვილესი მოთამაშეა, რომელიც ბაზრის თითქმის 40%-ს აკონტროლებს.

გასაგები მიზეზების გამო ონლაინ შოპინგზე მოთხოვნის ზრდას დაემატა ელექტრონული მოწყობილობების ბუმიც, რაც დისტანციური სწავლებისა და მუშაობის რეჟიმით იყო განპირობებული. პანდემიურ პერიოდში რეკორდულად გაიზარდა მოთხოვნა სმარტფონებზე, ლეპტოპებზე, პერსონალურ კომპიუტერებსა და ტელევიზორებზე, რისი სარეალიზაციო ძირითადი ბაზარიც სწორედ Amazon-ია.

კომპანიის შემოსავლების ზრდას, ბუნებრივია, თან მოჰყვა საფონდო ბირჟაზე აქციების ზრდაც, რომელსაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი კაპიტალის ბაზრის მიმართ რეკორდულად გაზრდილმა ინტერესმა. პანდემიური პერიოდი განსაკუთრებით გამორჩეული სწორედ იმით იყო, რომ მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ დამატებითი შემოსავლის მიღების წყაროების მოძიება დაიწყო, საფონდო ბირჟა და ტრეიდინგი კი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ინვესტირების ყველაზე ხელსაყრელ საშუალებად იქცა. ბირჟაზე ვაჭრობის პროცესი განსაკუთრებით გაამარტივა ისეთი პლატფორმების პოპულარიზაციამ, როგორიც Robinhood-ია, რომელმაც მომხმარებელს კომპანიებში ინვესტირების დაწყების საშუალება მინიმალური თანხითაც კი მისცა.

საფონდო ბირჟების ბუმს ხელი შეუწყო მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოდ შემსუბუქებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ და სოციალური დახმარების მრავალჯერადმა პროგრამებმა. ამერიკელი მოსახლეობის ნაწილმა 1,400-დოლარიანი სახელმწიფო დახმარების პაკეტი არა პირადი მოხმარებისთვის, არამედ მზარდ კომპანიებში ინვესტირებისთვის გამოიყენა, Amazon-ი კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე მსხვილი კომპანია იყო, რომელზეც არჩევანი დამწყების ინვესტორებისა და ტრეიდერების დიდმა ნაწილმა შეაჩერა. პანდემიურ პერიოდში Amazon-ის აქციების ღირებულება თითქმის გაორმაგდა, თუმცა მსგავს არამდგრად აღმასვლას და bull run-ს აუცილებლად მოჰყვება არანაკლებ მკვეთრი კორექცია, რომელსაც კომპანია Amazon-ი ამჟამად სრული სიმძაფრით განიცდის.

პანდემიის დასრულებამ ონლაინ კომერციაზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია, მსოფლიო მასშტაბით მკვეთრად დაეცა ელექტრონული მოწყობილობების გაყიდვების მაჩვენებლები. ქალაქებში ლოკდაუნების გაუქმებამ ფიზიკური სავაჭრო მაღაზიების გახსნას შეუწყო ხელი, ნორმალურ ცხოვრებას მონატრებული საზოგადოება კი უმეტესად სწორედ მაღაზიებში საშოპინგოდ სიარულზე გადაერთო, ამან კი Amazon-ის შემოსავლების შემცირება გამოიწვია.

არასახარბიელო კვარტალური შედეგების გასაჯაროებამ ინვესტორების იმედგაცრუება გამოიწვია, განსაკუთრებით კი იმ დამწყები ინვესტორებისა და ტრეიდერების, რომლებმაც Amazon-ის აქციები პიკურ პერიოდში შეიძინეს და ელოდნენ, რომ ინვესტიციის სანაცვლოდ დიდ მოგებასაც მიიღებდნენ.

Amazon-ის დაღმასვლა განსაკუთრებით დააჩქარა 2022 წელს საფონდო ბირჟაზე დამდგარმა bear market-მა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით რეკორდულად გაზრდილი ინფლაციითა და მის საპასუხოდ მკვეთრად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით იყო განპირობებული.

აშშ-ის ფედერალური რეზერვის, ევროპის ცენტრალური ბანკისა თუ ინგლისი ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ მოსახლეობას უბიძგა, არარაციონალური ხარჯვისგან თავი შეეკავებინათ, საინვესტიციო პორტფელში კი სარისკო პოზიციები შეემცირებინათ. ინფლაციური წნეხი განსაკუთრებით ნეგატიურად ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე აისახა, რადგან გაზრდილი ფასების გამო მომხმარებლებმა ხარჯვას მოუკლეს, ამან კი Amazon-ის აქციების ვარდნას შეუწყო ხელი.

კვარტალური შედეგების გაუარესებისა და საფონდო ბირჟაზე აქციების ვარდნის ფონზე, Amazon-ი ამჟამად 10,000 თანამშრომლის განთავისუფლებას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ მძიმე ეკონომიკური ვითარება რამდენიმე წლით გაგრძელდება, Amazon-ი ზრდის ტენდენციასთან დაბრუნებას გეოპოლიტიკური ვითარების გამოსწორებისა და გლობალური საფონდო ბირჟების აღდგენის შემდეგ შეძლებს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ Amazon-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც წელს უაღრესად არასახარბიელო შედეგები დააფიქსირა. მაგალითად, Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ ერთ წელში 750 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაცია დაკარგა. ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის, Tesla-ს საბაზრო ღირებულება თითქმის 800 მილიარდი დოლარითაა შემცირებული. წელს Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის კაპიტალიზაციაც საფონდო ბირჟაზე დაახლოებით 800 მილიარდი დოლარით დაეცა. კომპიუტერული პროცესორებისა და ვიდეობარათების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის, Nvidia-ს კაპიტალიზაცია კი 400 მილიარდი დოლარითაა შემცირებული. აღნიშნული ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ bear market-ის პერიოდში უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები მკვეთრად კარგავენ ღირებულებას, რაც საფონდო ბირჟისათვის დამახასიათებელი მოვლენაა და ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ზემოხსენებული კომპანიები კრახისთვის არიან განწირულნი ან სულაც გაკოტრებისთვის. ეს ტენდენცია მხოლოდ იმას ცხადყოფს, რომ 2021 წელს საფონდო ბირჟა სპეკულაციურ მწვერვალზე იყო, ანუ მდგომარეობაში, როდესაც კომპანიები და აქტივები არარაციონალურადაა შეფასებული.

Bear market-ი ბირჟას რეალობას უბრუნებს, კომპანია Amazon-ს კი თავის 28-წლიან ისტორიაში არაერთი გამოწვევა აქვს გადალახული, მათ შორის, ყველაზე მწვავე – dot.com-ის ბუშტი და 2008 წლის ფინანსური კრიზისიც. 1994 წელს ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული Amazon-ის ისტორია მხოლოდ იმას გვასწავლის, რომ ბირჟაზე მუდმივი აღმასვლა შეუძლებელია და კარგი ბიზნესი ყველანაირი გამოწვევისათვის უნდა იყოს მზად, მათ შორის, $1-ტრილიონიანი დანაკარგისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *