მიმდინარე კვირას ევროპის ცენტრალური ბანკის მაღალჩინოსნები საზოგადოების წინაშე წარდგებიან და დამატებით განმარტებებს გააკეთებენ გასულ კვირას საპროცენტო განაკვეთების გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა უკვე განაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მაღალი ინფლაცია გახდა.
გარდა ამისა, გერმანია იანვრის ინფლაციის მაჩვენებლის გამოქვეყნებას აპირებს. ეკონომისტების მოლოდინით, ინფლაცია კვლავ გაზრდილი იქნება. ინფლაციამდე კი გერმანია ქარხნების მუშაობისა და ინდუსტრიული წარმოების შესახებ ახალი მონაცემების გასაჯაროებასაც გეგმავს. ამასთან, ევროკავშირი დეკემბრის რიტეილ-გაყიდვებს გამოაქვეყნებს, შვეიცარია კი – იანვრის უმუშევრობის მაჩვენებელს.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, დიდ ბრიტანეთში მშპ-ის ბოლო მონაცემი გახდება ცნობილი, რომელიც, სავარაუდოდ, აჩვენებს, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში ბრიტანეთის ეკონომიკამ დაახლოებით იგივე ტემპი შეინარჩუნა, როგორც მანამდე. ცნობისთვის, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ენერგოკრიზისმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, რაც, თავის მხრივ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. თავად რუსეთი მიმდინარე კვირას რიტეილ-გაყიდვების და უმუშევრობის ბოლო მონაცემებს გამოაქვეყნებს.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ინდოეთის ცენტრალური ბანკი გამართავს მონეტარული პოლიტიკის სხდომას, რომელზეც საპროცენტო განაკვეთების 25 ბაზისური პუნქტით ზრდაა მოსალოდნელი.
ასევე, აშშ-ი და კანადა დეკემბრის სავაჭრო ბალანსს გამოაქვეყნებენ. პარალელურად, მსხვილი ამერიკული კომპანიები აგრძელებენ გასული წლის ბოლო კვარტალის შემოსავლების შესახებ მონაცემების გასაჯაროებას. 6 თებერვლის კვირაში Walt Disney-ის, PepsiCo-ს, ასევე მედიაორგანიზაციების – News Corp-ის, New York Times-ის და Fox Corp-ს შემოსავლების გამოქვეყნებას უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება საქართველოს, საქსტატი კვირის დასაწყისშივე მშენებლობის ღირებულების ინდექსს (2022 წლის დეკემბერი) გამოაქვეყნებს, ხოლო კვირის ბოლოს ცნობილი გახდება სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2023 წლის იანვარი) და სოციალური დაცვის მაჩვენებლები (2022 წელი).