ელექტროელემენტების შემდეგი ბუმი შესაძლოა სატვირთო გემებში ვიხილოთ

ელექტროელემენტების შემდეგი ბუმი შესაძლოა სატვირთო გემებში ვიხილოთ

დღეს მსოფლიო ოკეანეებში წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ათასობით გემი დაცურავს. მათ მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა კი ყოველწლიურად ერთ მილიარდ ტონას უტოლდება. . შესაბამისად, ელექტროძრავების რევოლუცია აღნიშნული პრობლემის გადაჭრასაც ისახავს მიზნად.

ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა, ამ საქმეში პიონერის სტატუსი მიიღოს, სტარტაპი FleetZero გახლავთ. ამერიკელი დამფუძნებლების მიერ შექმნილი კომპანია ელექტროძრავიან სატვირთო გემებს აგებს. მათი მიზანი კი არა მხოლოდ ინდუსტრიის დეკარბონიზაცია, არამედ მიწოდების ჯაჭვების გაუმჯობესებაც იქნება.

საინტერესოა, რომ ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა, აღნიშნული პროგნოზი ჯერ კიდევ 2017 წელს გამოთქვა. ოთხი წლის წინ მასკმა განაცხადა, რომ მომავალში ყველაფერი ელექტროძრავებზე იმუშავებს, გარდა კოსმოსური ხომალდებისა. ავტომობილების შემდეგ კი ყველაზე სწრაფად ელექტროძრავების რევოლუცია საზღვაო ინდუსტრიას ემუქრება.

2018 წელს გაეროს ერთ-ერთმა მარეგულირებელმა ორგანომ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ, მიზნად დაისახა, რომ 2050 წლისათვის საერთაშორისო ნაოსნობით გამოყოფილი გამონაბოლქვის რაოდენობა 50%-ით შეამციროს. თუმცა აქ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი: ამ მიზნის მისაღწევად სატვირთო გემების ძრავები ნულოვანი გამონაბოლქვის საწვავზე უნდა გადავიდნენ.

საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით, ერთ-ერთი გამოსავალი, შესაძლოა, საწვავად ამიაკის გამოყენება იყოს. თუმცა ეს გზა მეტად ძვირად ღირებულია. მისი ღირებულება გემებისათვის განკუთვნილ ტრადიციულ საწვავზე სამჯერ მეტია. შესაბამისად, ყველაზე რელევანტურ გზად ელექტროძრავების გამოყენება რჩება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *