ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირება

ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირება

ელექტროენერგეტიკულ სექტორში სიახლეა – პირველი ივლისიდან გაიხსნა საცალო ბაზარი, გაჩნდა სრულად ახალი ინსტიტუტები და რეფორმის ფარგლებში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელთა მიზანიცაა, ერთი მხრივ, მომხმარებლებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა, კონკურენტული ბაზრიდან ელექტროენერგია მიიღონ უკეთესი ფასითა თუ მომსახურების პირობებით, ხოლო მეორე მხრივ, ხელი შეეწყოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებელია დარგის მდგრადობის, განვითარებისა და ენერგოსტაბილურობისათვის. მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ პირველი ივლისიდან ბაზარზე რეფორმის ფარგლებში ძალაში შესული ცვლილებები ტარიფების მატებას არ იწვევს – სამომხმარებლო ტარიფები არ იცვლება.

რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები და საცალო ბაზრის გახსნა ყველა ტიპის მომხმარებელს ეხება.

განვიხილოთ დეტალურად, თუ რაში მდგომარეობს ცვლილებები.

პირველი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებელსა და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას აწვდიან საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული ენერგეტიკული საწარმოები – უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები. ქ. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელია „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“, შემოკლებულად თ ელ მი კო, რომელმაც უკვე გამოიწვია საზოგადოების დიდი ინტერესი. რეგიონებში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიწოდებას ახორციელებს „ეპ ჯორჯია მიწოდება“. აღნიშნული კომპანიები ჩამოყალიბდნენ „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ საქმიანობების (განაწილება, მიწოდება) განცალკევების საფუძველზე.

საყოფაცხოვრებო მომხმარებლების კატეგორია გასაგებია, ვისაც მოიცავს – ეს არის ყველა ის აბონენტი, რომლებიც ელექტროენერგიას მოიხმარენ საკუთარი, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის და გადასახადს იხდიან საფეხურებრივი ტარიფით. რაც შეეხება იმას, თუ რა კატეგორიის მომხმარებელი იგულისხმება მცირე საწარმოში, აღნიშნული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განიმარტა.

კერძოდ, 2023 წლამდე მცირე საწარმოდ მიიჩნევა ელექტროენერგიის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც არ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს და ამავე დროს მიერთებულია მხოლოდ 0.4 კვტ ძაბვის ქსელზე. 2023 წლის 1 იანვრიდან მცირე საწარმოს განმარტებას ემატება კიდევ ერთი კრიტერიუმი – ქსელზე მისაერთებელი ჯამური სიმძლავრე, რომელიც ეტაპობრივად მცირდება და 2026 წლის 1 იანვრისთვის არ უნდა აღემატებოდეს 50 კილოვატს. 2021 წლის პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის სექტორში მცირე საწარმოს იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება 2019 წლის მონაცემები.

რაც შეეხება ელექტროენერგიის განაწილების სექტორს, „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ფლობენ განაწილების ქსელს, მათთვის გავეცით განაწილების საქმიანობის ლიცენზიები და, შესაბამისად, ისინი ამ ლიცენზიების საფუძველზე განახორციელებენ განაწილების საქმიანობას. მათ უნდა უზრუნველყონ ყველა მიმწოდებლის ელექტროენერგიის განაწილება და ნებისმიერი მიმწოდებლის მომსახურება.

საცალო ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესი ითვალისწინებს ელექტროენერგიის შესყიდვას თავისუფალი მიმწოდებლებისგან, რომლებიც ივაჭრებენ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე, ხოლო 2022 წლის პირველი იანვრიდან ასევე ივაჭრებენ ენერგეტიკულ ბირჟაზე და ელექტროენერგიას მოსახლეობას მიაწ­ვდიან სახელშეკრულებო ფასად. თავისუფალი მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, წინასწარ გამოაქვეყნონ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომლებიც დამტკიცებული იქნება კომისიის მიერ. მომხმარებელს, თავის მხრივ, აქვს უფლება და არჩევანის თავისუფლება, რომ თავად შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს ხელშეკრულება მისთვის მისაღები პირობებითა და ფასით.

გარდა უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციისა, „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ და „ეპ ჯორჯია მიწოდება“ ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ფუნქციასაც შეასრულებენ. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ახალი ტერმინი და ახალი სუბიექტია ელექტროენერგეტიკის ბაზარზე – ეს არის ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც მომსახურებას გაუწევს იმ მომხმარებელს, რომელმაც ვერ აირჩია ან დაკარგა მიმწოდებელი. აღნიშნული მექანიზმი წარმოადგენს გარანტიას, რომ მომხმარებელი მუდმივად იქნება უზრუნველყოფილი უწყვეტი და საიმედო ელექტრომომარაგებით.

ბაზარზე ჩნდება ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც საჯარო მომსახურების სახით, რეგულირებული პირობებითა და ფასით ელექტროენერგიას მიაწვდის იმ მომხმარებლებს, რომლებზეც არ გავრცელდება უნივერსალური მომსახურება.

საცალო ბაზარზე ამჟამად გვაქვს გარდამავალი პერიოდი, როდესაც ბაზრის სტრუქტურის ცვლასთან ერთად, მომხმარებლებმა უნდა შეიძინონ ახალი უნარები. სიახლეების მიმართ საზოგადოება ზოგადად სკეპტიკურად არის ხოლმე განწყობილი, თუმცა თუ გვსურს, რომ ენერგეტიკაში თამაშის ევროპული წესები და პრინციპები დავამკვიდროთ, სიახლეებთან ადაპტირებაც უნდა შევძლოთ.

სანამ მივეჩვევით ახალი მიმწოდებელი კომპანიების ბაზარზე არსებობას, მათ შორის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ შემოკლებულ სახელს „თელმიკოს“, როგორც ელექტროენერგიის მომხმარებლებმა, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი აუცილებელი წესები და პირობები:

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ, როგორც ელექტროენერგიის მომხმარებლებს, გვქონდა დეპოზიტი ან დადებითი ბალანსი სააბონენტო ბარათზე, შეგვიძლია მივმართოთ „თელასს“ ან „ენერგო პრო ჯორჯიას“ და მოვითხოვოთ თანხის დაბრუნება საბანკო ანგარიშზე ან ამ თანხის მიმწოდებელი კომპანიისთვის – „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“ გადაცემა.

თავის მხრივ „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ვალდებულნი არიან, ეს ინფორმაცია მიაწოდონ აბონენტებს და მომხმარებლის მიერ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების წარდგენამდე თანხა შეინახონ. რაც შეეხება დავალიანების განწილვადებას, რომლის შესახებაც მომხმარებელს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული „თელასთან“ და „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“, ასეთ შემთხვევაში ვალდებულებები უცვლელად აისახება პირველი ივლისის შემდგომ მომხმარებლისთვის გაგზავნილ ქვითარში.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პირველი ივლისიდან 19 მსხვილი მომხმარებელი ელექტროენერგიას შეისყიდის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე, ხოლო 2022 წლის პირველი იანვრიდან ისინიც სხვა სუბიექტებთან ერთად ივაჭრებენ ენერგეტიკულ ბირჟაზე, რასაც მომდევნო ეტაპზე განვიხილავთ.

არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე კონკურენციის განვითარებას, იმ მექანიზმების დამკვიდრებას, რაც საჭიროა რეფორმირების პროცესში. თავის მხრივ, სემეკში შექმნილია ყველა წინაპირობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის არსებობა, განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა, ენერგეტიკული ბაზრის შემზღუდველი ქმედებების დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა. ჩვენ გვინდა თავისუფალი და კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი, სადაც მონაწილეები სარგებლობენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით, სადაც გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, სადაც მომხმარებელს ეძლევა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *