ელექტროტრანსპორტი „მწვანე“ მომავლისთვის

ელექტროტრანსპორტი „მწვანე“ მომავლისთვის

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, სალომე ჯანელიძე ელექტროტრანსპორტის შესახებ საუბრობს: „შიგაწვისძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების ელექტრომობილებით ჩანაცვლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დეკარბონიზაციისა და ენერგეტიკული ტრანზიციისთვის. ჯერ კიდევ 10 წლის წინ, გაყიდული სატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ 0.2%-ს წარმოადგენდა სრულად ელექტროძრავიანი და სადენით დამუხტვადი ჰიბრიდული ელექტრომობილები. თუმცა, მოთხოვნა ელექტრომობილებზე მკვეთრად გაიზარდა უკანასკნელ წლებში. მსოფლიო მასშტაბით, 2022 წელს 10 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა, რამაც გაყიდული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების 14% შეადგინა. ამასთან, BloombergNEF-ის პროგნოზით, აღნიშნული მონაცემი 2026 წლისთვის 30%-მდე გაიზრდება.

ელექტროტრანსპორტის პოპულარობა სწრაფად იზრდება ევროპაში. ავტომობილების ევროპული მწარმოებლების ასოციაციის (ACEA) თანახმად, 2019 წელს ევროკავშირში ახლადრეგისტრირებულ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი 1.9% იყო, რაც მკვეთრად გაიზარდა და 2022 წელს 12.1%-ს მიაღწია. პირველად 2022 წელს, ევროკავშირში ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების საერთო რაოდენობამ მხოლოდ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვების რაოდენობას გადააჭარბა.

ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნა, დიდწილად, რეგულაციების დამსახურებაა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული, წმინდა ნულოვანი ნახშირორჟანგის ემისიების მისაღწევად 2050 წლისთვის, ტრანსპორტის ემისიები დაახლოებით 25%-ით უნდა შემცირდეს 2030 წლისთვის. ევროკავშირში სათბურის გაზების ემისიების თითქმის მეოთხედი სატრანსპორტო სექტორზე მოდის. სწორედ ამიტომ, ბლოკის მიზანია, 2021 წლის მონაცემებთან შედარებით, ახალი სამგზავრო ავტომობილების ნახშირორჟანგის ემისია 2030 წლისთვის 55%-ით შეამციროს. მიზნის მისაღწევად სხვადასხვა წამახალისებელი თუ ამკრძალავი რეგულაციები გამოიყენება. მაგალითად, 2023 წლის მარტში ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული რეგულაციით, 2035 წლიდან, იკრძალება შიგაწვისძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ აკრძალვა არ ეხება ავტომობილებს, რომლებიც მოიხმარს ნახშირბად-ნეიტრალურ, სინთეტიკურ საწვავს, რომელიც მიიღება წყალბადისა და ნახშირბადის კომბინირებით.

ელექტროტრანსპორტის ფართო გავრცელებისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს მათი დამმუხტველი ინფრასტრუქტურის არასაკმარისი რაოდენობა და არათანაბარი ხელმისაწვდომობა რეგიონების მიხედვით. ACEA-ს თანახმად, 2016 წლიდან მოყოლებული, გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობა თითქმის სამჯერ აღემატება დამონტაჟებული დამტენი პუნქტების რაოდენობას. ამავე პერიოდში, ელექტრომობილების გაყიდვების რაოდენობა 17-ჯერ გაიზარდა, ხოლო საჯარო დამტენების რაოდენობა – მხოლოდ 6-ჯერ. შედეგად, სახეზეა ასიმეტრია დამტენებზე არსებულ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.

ACEA-ს შეფასებით, სამგზავრო ავტოტრანსპორტის ემისიების 55%-ით შესამცირებლად, 2030 წლისთვის ევროკავშირს, სულ ცოტა, 6.8 მილიონი საჯარო დამტენი პუნქტი დასჭირდება, რაც 144 მილიარდი ევროს ინვესტიციასა და ყოველკვირეულად 14,000 დამტენი პუნქტის მონტაჟს გულისხმობს. მიუხედავად მნიშვნელოვანი თანხების მობილიზების საჭიროებისა, ცხადია, რომ ელექტროტრანსპორტის დამტენი საჯარო პუნქტების ბენზინგასამართი სადგურების მსგავსად ხელმისაწვდომობის გარეშე, შიგაწვისძრავიანი ავტომობილების ჩანაცვლება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამასთან, დიდ მანძილზე გადაადგილებისთვის, აუცილებელია სწრაფი დამტენი პუნქტების ხელმისაწვდომობა მაგისტრალურ გზებსა და რეგიონებშიც.

ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარებაში მარეგულირებელმა ჩარჩომ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. გასულ კვირას, ევროკავშირის ახალი რეგულაციის მიღებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ელექტროტრანსპორტის მომავლისთვის. რეგულაციის თანახმად, 2025 წლისთვის, ევროკავშირის მთავარი სატრანსპორტო კორიდორის – ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის – ფარგლებში, ყოველ 60 კილომეტრში უნდა მოეწყოს არანაკლებ 150 კვტ სიმძლავრის სწრაფი დამტენები. ამასთან, მძიმე ელექტროტექნიკისთვის ყოველ 60 კილომეტრში უნდა მოეწყოს არანაკლებ 350 კვტ სიმძლავრის სწრაფი დამტენები. კონკურენციის წახალისებისა და მომხმარებლების დაცვის მიზნით, რეგულაცია ითვალისწინებს მომხმარებლის უფლებას, მიიღოს გამჭვირვალე ინფორმაცია დამუხტვის ფასის შესახებ და მარტივად მოახდინოს საფასურის გადახდა, მათ შორის უკონტაქტო გადახდის საშუალებით, რაიმე სახის წინასწარი სააბონენტო რეგისტრაციის გარეშე. ინიციატივა წარმოადგენს ე.წ. Fit for 55 პაკეტის ნაწილს, რომლის მიზანია ევროკავშირის სათბურის გაზების წმინდა ემისიების არანაკლებ 55%-ით შემცირება 2030 წლისთვის.

აღსანიშნავია, რომ დამუხტვის სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა ელექტრომობილების გავრცელების ხელშეწყობის მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებაა. ელექტრომობილების კონცენტრაციამ, შესაძლოა გამოიწვიოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ცალკეულ წერტილებში სიმძლავრის გაზრდის აუცილებლობა. ACEA-ს შეფასებით, ელექტრომობილების პენეტრაციით გამოწვეული გამანაწილებელი ქსელის გაუმჯობესებისთვის საჭიროა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების წლიური ინვესტიციების 11%. ამასთანავე, მიზანშეწონილია „ჭკვიანი“ დამტენი პუნქტების მოწყობა, რომლებიც ელექტროენერგიის მიმდინარე ფასისა და ელექტროსისტემის დატვირთვის მდგომარეობის შესაბამისად უზრუნველყოფს ელექტრომობილის დამუხტვის მართვას.

ელექტრომობილების გავრცელება, ბუნებრივია, იწვევს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდას. შიგაწვისძრავიანი ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლება ხელს უწყობს სათბურის გაზების ემისიების შემცირებას იმ შემთხვევაში, თუ მოხმარებული ელექტროენერგიის წყარო განახლებადი ენერგიაა. შესაბამისად, ელექტრომობილების გამოყენების წახალისების პოლიტიკა ასევე უნდა იყოს განხილული განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის კონტექსტშიც.

საქართველოში შიგაწვისძრავიანი ავტომობილების ჩანაცვლება ელექტროტრანსპორტით არასაკმარისი ტემპით მიმდინარეობს. 2017 წელს განხორციელებული საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილების შედეგად და ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების აქციზისგან გათავისუფლებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ელექტროტრანსპორტის იმპორტი თუმცა, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიან ავტოპარკში ელექტრომობილების წილი დაახლოებით 0.2%-ია. ერთ-ერთი მიზეზი ელექტრომობილების ფასია, რომელიც, უმეტესწილად, აღემატება შიგაწვისძრავიანი ავტომანქანის ფასს. მსოფლიოში ელექტრომობილების პოპულარობის ზრდასთან ერთად, რამდენიმე წელიწადში მოსალოდნელია ელექტრომობილების ფასისა და მათ ოპერირებასთან დაკავშირებული ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება, რაც, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს მათ გავრცელებას, მათ შორის, საქართველოშიც.

გარდა შედარებით მაღალი ფასისა, საჯაროდ ხელმისაწვდომი დამტენი პუნქტების ნაკლებობა ასევე მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს საქართველოში ელექტრომობილების ფართო გავრცელებისთვის. შედარებისთვის, ნიდერლანდების სამეფოში, რომლის ტერიტორიის ფართობი საქართველოსთან შედარებით 40%-ით ნაკლებია, ელექტრომობილების საჯაროდ ხელმისაწვდომი დამტენი პუნქტების რაოდენობა 120,000-ს აღემატება, საიდანაც 4,000-ზე მეტი სწრაფი დამტენია.

ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესები, დამტენი პუნქტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურისთვის ითვალისწინებს 50%-იან შეღავათს. რეგულაციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ახალი დამტენი პუნქტების მოწყობას საქართველოს მასშტაბით, თუმცა, საჭიროა დამატებითი წახალისების მექანიზმების დანერგვას. მიზანშეწონილია საჯარო და კერძო თანამშრომლობა ელექტროტრანსპორტის დამტენი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად; დამტენ პუნქტებს შორის კონკურენციის ხელშეწყობა; შიგაწვისძრავიანი ავტომანქანების ეტაპობრივი სავალდებულო ჩანაცვლება; სახელმწიფო ავტოპარკისთვის ელექტრომობილების შესყიდვის ხელშეწყობა; გრანტებისა და სხვადასხვა სახის ფინანსური შეღავათების ხელმისაწვდომობა და სხვა“.