შემდეგი დიდებული საჩუქარი

შემდეგი დიდებული საჩუქარი

თაღლითობასთან მებრძოლები — თანადამფუძნებლები ნაფტალი ჰარისი (მარცხნივ) და მაქსველ ბლუმენფელდი, რომლებიც გადაიღეს SentiLink-ის გასვლითი შეხვედრისას, პარკ­-­სიტიში, იუტაში, თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლებას აძლევდნენ. ისინი ახლა ტეხასის შტატში, ოსტინში ცხოვრობენ.

SENTILINK-ი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს სინთეზური პირადობის ქურდობის წინააღმდეგ (ყალბი ადამიანები, რომლებიც შექმნილია რეალური კრედიტის მისაღებად) და ფინანსური თაღლითობის სხვა ახალ ფორმებთან ბრძოლაში. მაგრამ მისი საიდუმლო ინგრედიენტი – ადამიანის გამჭრიახობაა.

2018 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, 40-იოდე წლის ფლორიდელი ჰასან ჰაკიმ ბრაუნი, ონლაინრეჟიმში სესხების მისაღებ განაცხადს ავსებდა – ყალბი კომპანიებისთვის და ყალბი პირადობისთვის, რომელიც მან შექმნა. მას არამდგრადი წარმატება ჰქონდა. მან ტეხასის ბანკიდან $1 მილიონზე მეტი მიიტაცა. მაგრამ მისმა ზოგიერთმა სხვა სამიზნემ, სან-ფრანცისკოში დაფუძნებული სტარტაპის, SentiLink-ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, დააფიქსირა მისი აპლიკაციები, როგორც საეჭვო, რადგან ძალიან ბევრი სოციალური დაცვის ნომერი ერთსა და იმავე მისამართს უკავშირდებოდა.

როგორც აღმოჩნდა, ბრაუნმა დაიწყო „სინთეზური იდენტობების“ წარმოება – მოპარული (მაგრამ რეალური) სოციალური დაცვის ნომრები შერწყმული გამოგონილ სახელებთან. მოგვიანებით მან დახვეწა თავისი ტექნიკა, იყიდა მოწყობილობა ატლანტაში კომპიუტერის კონსულტანტისგან, რომელიც საშუალებას აძლევდა, ერთდროულად ემართა მრავალი ვირტუალური დესკტოპი სხვადასხვა IP-მისამართიდან. ამით მან თავიდან აიცილა თაღლითობის გამოსავლენი გარკვეული ფილტრები.

2020 წლის დასაწყისში, როდესაც Covid-19 მოხდა და კონგრესმა ბიზნესების ზიანის საპასუხოდ ასობით მილიარდი აითვისა არასავალდებულო სახელფასო დაცვის პროგრამის სესხების სახით, ბრაუნი მზად იყო. საბოლოო ჯამში, ფედერალური სასამართლოს ჩანაწერების თანახმად, ბრალის აღიარების ჩათვლით, ბრაუნი და მისი ხუთი კრიმინალური თანამოაზრე აკონტროლებდნენ 700 სინთეზურ პირადობას, ასევე ათობით ფარატინა ბიზნესს და მათთან დაკავშირებულ საბანკო ანგარიშებს. მთლიანად ბანდამ მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია და სხვადასხვა ბანკი $20 მილიონზე მეტით მოატყუა. ბრაუნს 60 თვე მიუსაჯეს.

სანამ ბრაუნი ქურდობით იყო დაკავებული, SentiLink-ის თანადამფუძნებლები ნაფტალი ჰარისი და მაქსველ ბლუმენფელდი, დღეს ორივე 31 წლის, ასევე ფიქრობდნენ სინთეზური პირადობის მოწმობების გაყალბებაზე, და თავიანთ ადრეულ შეხედულებებს მშვენივრად მზარდ ბიზნესად აქცევდნენ. „თავიდან ყველამ გვითხრა, რომ ამ ტიპის თაღლითობა შეუძლებელი იყო და რომ რაღაც არასწორად გავიგეთ“, – ამბობს აღმასრულებელი დირექტორი ჰარისი.

გასულ წელს ჰარისისა და ბლუმენფელდის ექვსი წლის სტარტაპს დაახლოებით $25 მილიონის შემოსავალი ჰქონდა, რაც, Forbes-ის შეფასებით, წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. თავის 300-ზე მეტ მომხმარებელს შორის ის ითვლის აშშ-ის 15 უმსხვილესი ბანკიდან შვიდს და ათი უმსხვილესი საკრედიტო გაერთიანებიდან – ექვსს, ისევე როგორც მთავარ ფინტექებს, როგორიცაა Ramp-ი და Plaid-ი. 2021 წლის ივლისში, PitchBook-ის თანახმად, SentiLink-მა $430 მილიონის შეფასებით $70 მილიონი შეაგროვა. ჰარისის თქმით, ის თვეში მხოლოდ $1 მილიონს წვავს და აქვს ნაღდი ფულის საკმარისი რაოდენობა, რომ გააგრძელოს მუშაობა დამატებითი დაფინანსების გარეშე ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ის და ბლუმენფელდი 2020 წლის Forbes-ის 30 30-წლამდელის რეიტინგის ვეტერანები არიან და წელს SentiLink-ს დებიუტი აქვს Fintech 50-ზე, ჩვენს ყველაზე ინოვაციური კერძო ფინტექ-სტარტაპების ყოველწლიურ რეიტინგში.

ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, SentiLink-ის ბიზნესის ძირითადი ნაწილია. მაგრამ ჰარისმა და ბლუმენფელდმა მიიღეს გადამწყვეტი გაკვეთილი იმით, თუ როგორ ამოიცნეს პირველად სინთეზური თაღლითობა: ადამიანმა, და არა კომპიუტერმა შექმნა საკვანძო კავშირი. 2016 წლის აგვისტოში, კოლეჯის მეგობრები იყვნენ მონაცემთა სპეციალისტები იყიდე-ახლა-გადაიხადეშემდეგ-სტარტაპ Affirm-ში. ჰარისის გუნდი ქმნიდა მოდელებს მსესხებლების დასამტკიცებლად ან უარყოფისთვის. ბლუმენფელდის სამუშაო იყო თაღლითობის ამოცნობა. ერთ დღეს ბლუმენფელდმა შენიშნა, რომ ორ განმცხადებელს ჰქონდა იგივე სახელი და დაბადების თარიღი, მაგრამ განსხვავებული სოციალური დაცვის ნომერი. მან ეს სახელი გაუშვა კომპიუტერში და აღმოაჩინა, რომ თორმეტმა ადამიანმა მოითხოვა სესხი იმავე სახელითა და დაბადების თარიღით, მაგრამ განსხვავებული სოციალური დაცვის ნომრით. უფრო შოკის მომგვრელი კი ის იყო, რომ თორმეტს ჰქონდა საკრედიტო ბიუროს ისტორია და 700-ზე მაღალი, FICO-ს კარგი საკრედიტო ქულები. ერთს ჰქონდა საკრედიტო ბარათი $20,000 ლიმიტით. მეორემ მიიღო $35,000 პერსონალური სესხი. მესამეს ჰქონდა სესხი $80,000-იანი BMW-სთვის.

„ეს სიგიჟეა, – იხსენებს თავის ფიქრებს ჰარისი. – ეს ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ მათ მოატყუეს ბიუროები საკრედიტო ანგარიშის მისაღებად“. იმავე სახელისა და დაბადების თარიღის გამოყენება სისულელე იყო. თუმცა ძირითადი სტრატეგია ჭკვიანური და დაჟინებული გახლდათ: თაღლითები იპარავდნენ სოციალური დაცვის ნომრებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც სავარაუდოდ არ აპირებდნენ აქტიურად კრედიტის მოძიებას, როგორებიც არიან ბავშვები, პატიმრები და მოხუცთა სახლის მცხოვრებლები. მათ დააწყვილეს ეს ნომრები ფიქციურ სახელებთან და რეალურ მისამართებთან. შემდეგ მათ შექმნეს საკრედიტო ჩანაწერები თავიანთი არსებებისთვის მიმდინარე ანგარიშების გახსნით, და სესხებისა და საკრედიტო ბარათების დროული გადახდების გზით. საბოლოოდ, მათ შეეძლოთ ამ საკრედიტო ისტორიების დიდი სესხების მისაღებად გამოყენება, რომლებსაც ისინი აღარ დაფარავდნენ – მოვლენა, რომელიც ახლა „გაფუჭების“ სახელითაა ცნობილი.

მაგრამ როდესაც ჰარისი და ბლუმენფელდი პირველად შეეხნენ ამ ტიპის თაღლითობას, ის ექსპერტებისთვისაც კი ნაკლებად იყო ცნობილი. „მათ გვითხრეს, რომ ბიუროებს ჰქონდათ ზუსტი ჩანაწერები ყველა კრედიტით მოსარგებლე ამერიკელის შესახებ და რომ თუ თქვენ შეამოწმებდით, რომ პირადობას ჰქონდა ბიუროს ჩანაწერი, ეს თაღლითობა შეუძლებელი იქნებოდა“, – იხსენებს ჰარისი. მაგრამ ეს შესაძლებელი იყო. და დღესაც არის, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ამოქმედდა გარკვეულწილად უხერხული ფედერალური მონაცემთა ბაზა (მას SentiLink-ი იყენებს), რომელიც უფლებამოსილ მომხმარებლებს სოციალური უსაფრთხოების ნომრებისა და სახელების გადამოწმების საშუალებას აძლევს.

დღეს 78-კაციან SentiLink-ს ჰყავს რვა სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი, რომელთა მოვალეობაც პოტენციური თაღლითობის მცდელობების ხელით გადახედვაა, და მოითხოვს კვირაში მინიმუმ ერთი საათის გატარებას ქეისებში გასარკვევად, რათა აღმოაჩინონ თაღლითობის ახალი მეთოდები ან თუნდაც კანონიერი განმცხადებლები, რომლებიც ალგორითმმა შეიძლება უსამართლოდ უარყოს. „AI-სთან დაკავშირებით არსებობს დიდად მცდარი წარმოდგენა, რომ ის ასეთ რამეებს თავისთავად აღმოაჩენს“, – ამბობს ბლუმენფელდი, რომელიც მთავარი ოპერაციული ოფიცერია და SentiLink-ის კვლევასა და განვითარებას ხელმძღვანელობს. „[AI] მოდელი ჩვენს შემთხვევაში ფაქტობრივად ცდილობს, მიბაძოს იმას, რასაც ადამიანი გააკეთებს. მას ძალიან სწრაფად მასშტაბირება შეუძლია“.

გამომგონებლობა და სიჩქარე აქამდე წყვილის წარმატების გასაღები იყო. ჰარისი გაიზარდა ლოს-ანჯელესში (მისი მამა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ფინანსთა პროფესორია) და სამი წლის განმავლობაში საშუალო სკოლის მათემატიკას, ინგლისურსა და ესპანურს სწავლობდა Milken Community School-ში, ებრაულ ყოველდღიურ სკოლაში, რომელსაც მილიარდერი დონორის, მაიკლ მილკენის სახელი ჰქვია. ჯერ კიდევ საშუალო სკოლის დამთავრებამდე, მან ათეულობით საუკეთესო კოლეჯში გაგზავნა მოთხოვნა. ჩიკაგოს უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი იმ ხუთთაგან, რომლებმაც ის მიიღეს. იქ ყოფნის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ის შეხვდა ბლუმენფელდს, ხელოვნების მასწავლებლისა და საგადასახადო ადვოკატის შვილს.

ჰარისმა ჩიკაგოში სამ წელიწადში მიიღო სტატისტიკის ხარისხი და Stanford-ში სადოქტოროზე ჩააბარა – მაგრამ ძალიან თეორიულად მიიჩნია და სტატისტიკაში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2014 წლის ივნისში Affirm-ის თანადამფუძნებელმა მაქს ლევჩინმა დაარწმუნა იგი, გამხდარიყო კომპანიის პირველი მონაცემთა მეცნიერი. ჰარისი, ამბობს ლევჩინი, არის „უპირველესად პრინციპული მოაზროვნე. ის არაფერს თვლიდა თავისთავად, აფასებდა ნივთებს ნულიდან და ძალიან, ძალიან კომპეტენტური იყო მათემატიკაში“. ბლუმენფელდი Affirm-ს ექვსი თვის შემდეგ შეუერთდა.

2017 წლის მარტში, სინთეზური პირადობის მოწმობების თაღლითობასთან გადაკვეთიდან სულ რაღაც შვიდი თვის შემდეგ, ჰარისმა და ბლუმენფელდმა მის გარშემო საკუთარი კომპანიის აშენება გადაწყვიტეს. მათ მიიღეს $575,000 საწყისი დაფინანსება – $300,000 დალასის ვენჩურული კაპიტალის ფირმა Goldcrest-ისგან, ხოლო დანარჩენი ნაწილი ლევჩინისგან. მათ დაიწყეს მუშაობა უფანჯრო სარდაფის ოფისიდან სან-ფრანცისკოს დაბინძურებულ ნაწილში. „ეს იყო ყველაზე იაფი ოფისი, რასაც იმ დროს ვწვდებოდით. და ამასთან, ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ კომპანია, რომელიც ებრძოდა თაღლითობას, სარდაფის ოფისში უნდა ყოფილიყო“, – იხსენებს ბლუმენფელდი.

თაღლითობის შეფასების სასარგებლო მოდელის შესაქმნელად, თქვენ გჭირდებათ მომხმარებლის მონაცემები, და რაც შეიძლება ბევრი. დასაწყებად მათ გამოიყენეს ჭკვიანური ხრიკი, კრედიტორებისგან დაახლოებით $10000-ად იყიდეს მილიონობით დოლარის ჩამოწერილი უიმედო დავალიანება. ეს მათ უფლებას აძლევდა, ამოეღოთ საკრედიტო ანგარიშები გაკოტრებული მსესხებლების შესახებ და მოეძიებინათ საგულისხმო პატერნები. მათ ასევე დაიწყეს კონკრეტული ქცევების კოდირება თავიანთ ალგორითმში. თუ ვინმეს განაცხადი მხოლოდ ერთი თვით ადრე შექმნილი ელფოსტის მისამართით შემოჰქონდა, ან იყენებდა IP-მისამართს მისი ფიზიკური მისამართისგან განსხვავებული ადგილიდან, ეს საყურადღებო დეტალად ჩაითვლებოდა.

სანამ ისინი თავიანთი მოდელის შექმნისთვის წვალობდნენ, მისი საჭიროება სულ უფრო იზრდებოდა. კვლევითი ფირმა Aite-Novarica-ის შეფასებით, აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტების ზარალი სინთეზური პირადობის მოწმობებით თაღლითობის შედეგად სამჯერ გაიზარდა 2017 წლის $800 მილიონიდან, გასულ წელს მინიმუმ $2.4 მილიარდამდე. მაგრამ ფირმა აღნიშნავს, რომ ზარალი შეიძლება იყოს ნავარაუდებზე ორჯერ მეტი, რადგან ზოგიერთი კრედიტორი მაინც ჩამოწერს უიმედო ვალს ისე, რომ არ ეცოდინება, ეს უკუჩვენება სინთეზურია თუ რეალური. (Aite-Novarica არ აფასებს მთავრობის, ტელეკომის ან ონლაინ სათამაშო საიტების ზარალს, რომლებიც ასევე დიდი მსხვერპლია.)

2019 წელს ჰარისმა და ბლუმენფელდმა საბოლოოდ მიიღეს პირველი დიდი ბანკის კლიენტი: Synchrony, სამომხმარებლო დაკრედიტების სპეციალისტი იმ საცალო საკრედიტო ბარათების უკან მდგომი, რომლებსაც Amazon-ი და JCPenney გასცემენ. იმ წელს SentiLink-მა ასევე მოიზიდა თავისი პირველი მნიშვნელოვანი დაფინანსება – $14 მილიონი, სხვებთან ერთად, Andreessen Horowitzისა და Felicis Ventures-ისგან. ჰანს მორისი, ვენჩურული კაპიტალის ფირმა NYCA-ს მმართველი პარტნიორი, ერთ-ერთი ინვესტორი, ამბობს, რომ ბიჭური გარეგნობისა და ჯიუტი შესახედაობის მქონე წყვილს ფინანსური სერვისების აღმასრულებელ ხელმძღვანელებთან თავიანთი მიდგომა აქვთ. „ისინი ისე ნერვიულად მომართულები არიან, რომ ნდობასა და კეთილგანწყობას იმსახურებენ“.

მოგწონთ თუ არა, ეს ხელს უწყობს იმას, რომ დუეტს მიზანში ჰქონდეს ახლად გაჩენილი თაღლითობის პრობლემის სწორი ფორმები – რომლებიც იზრდება როგორც საფრთხე, მაგრამ ჯერ კიდევ არაა ისეთი მნიშვნელოვანი, რომ უკვე არსებობდეს კარგი მოდელებისგან დამცავი უამრავი დიდი კონკურენტი. შემდეგ მოვიდა პანდემია. ელექტრონული კომერციის ზრდა და ფედერალური ფულის გადინება კარგი იყო როგორც თაღლითებისთვის, ასევე SentiLink-ისთვის, რომელიც გაიზარდა 12 კლიენტიდან 2019 წლის დეკემბერში 45-მდე 2020 წლის ბოლოსთვის. გასულ წელს მან მომხმარებლებისთვის 323 მილიონი პირადობის შემოწმება დაამუშავა, 2021 წლის 148 მილიონთან შედარებით. რაც უფრო მეტ მონაცემს ამუშავებს, მით უკეთესი იქნება მისი მოდელების ტრენინგი და მეტ შემოსავალსაც გამოიმუშავებს, რადგან ბევრი კლიენტი, თითოეული პირადობის შემოწმებისთვის როგორც ლიცენზირების, ასევე გამოყენების საფასურს იხდის.

SentiLink-ი გაფართოვდა სინთეზური თაღლითობის მიღმა ძველმოდურ პირადობის ქურდობამდე და პირველი პირის თაღლითობამდე, რომლის დროსაც ადამიანები იყენებენ თავიანთ რეალურ პირადობას ფულის ან საქონლის მოსაპარად, ხშირად ლეგიტიმური გადახდების გასაჩივრების გზით.

ასეთი შედეგების მიუხედავად, SentiLink-ს აქვს მხოლოდ მცირე ნაწილი თაღლითობის პრევენციის ბაზრისა, რომელიც, საკრედიტო ბიურო (და კონკურენტ) Experian-ის შეფასებით, წელიწადში $15 მილიარდს შეადგენს. სინამდვილეში ზოგიერთი ბანკი ერთდროულად მუშაობს თაღლითობის პრევენციის ათ ფირმასთან. კომპანიები, როგორიცაა Experian-ი, Lexis-Nexis-ი და ფინტექ-უნიკორნი Socure-ი – ყველა მათგანი SentiLink-თან შედარებით სერვისების უფრო ფართო კომპლექსს გთავაზობთ.

კიდევ ერთი გამოწვევა: ბიზნესი სწრაფად ვითარდება. თაღლითები მუდმივად ამუშავებენ ახალ სქემებსა და ვარიაციებს, რადგან თაღლითობის პრევენციის მოდელები მრავლდება. „წელიწადში 1000 კომპანია მყავს, რომელიც ამბობს: „ამაში ყველა სხვაზე უკეთესი ვარ“, – ამბობს მაქს აქსლერი, Synchrony-ის მთავარი საკრედიტო ოფიცერი. ჰარისსა და ბლუმენფელდს მოუწევთ მუხლჩაუხრელად მუშაობის გაგრძელება, თუ მათ სურთ რომ არ ჩამორჩნენ – როგორც კონკურენტებს, ასევე კრიმინალებს.

 

ფოტო: ჩად კირკლანდი Forbes-ისთვის

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *