პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სწრაფად გადაიზარდა ხმამაღალ კამათში, რომლის დროსაც ტრამპმა და ვენსმა ზელენსკი აშშ-ის მხარდაჭერის არასაკმარისად დაფასებაში დაადანაშაულეს.
მთავარი ფაქტები
- ზელენსკი აშშ-ში მინერალების შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად იმყოფებოდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი მინერალური რესურსებიდან მიღებული შემოსავლის 50%-ს ერთობლივ ფონდში გადაიტანდა — ეს შეთანხმება ტრამპის საკამათო სტრატეგიის ნაწილია, რომლითაც ის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
- შეხვედრისას, როცა ლიდერები ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდნენ, სიტუაცია გამწვდავდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინი 2022 წლამდე ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა, რაზეც ვენსმა უპასუხა, რომ ზელენსკი “ამ საკითხებს ამერიკული მედიის წინაშე არ უნდა განიხილავდეს”.
საუბრის სრული ტრანსკრიპტი
ტრამპი (მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა ის პუტინთან ზედმეტად დაახლოებული):
“თუ არ ვეცდები ორივე მხარესთან დაახლოებას, შეთანხმებას ვერ მივაღწევთ. თქვენ გინდათ, რომ პუტინზე საშინელი რაღაცები ვთქვა, და მერე ვკითხო “ჰაი, ვლადიმირ, რა ხდება შეთანხმებაზე?”. ეს ასე არ მუშაობს. მე არ ვარ პუტინის ან ვინმეს მხარეს. მე აშშ-ისა და მსოფლიოს ინტერესებისთვის ვმუშაობ. მე ვარ მსოფლიოსთან თანხვედრაში და მინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. თქვენ ხედავთ, რამდენად სძულს მას პუტინი. ჩემთვის საკმაოდ რთულია, ამ სიძულვილის პირობებში შეთანხმების მიღწევა. მას საშინელი სიძულვილი ამოძრავებს და ეს ჩემთვის გასაგებია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არც მეორე მხარე არის მის მიმართ სიყვარულით განწყობილი. შესაბამისად, აქ არაა საუბარი რომელიმე მხარეს “გადახრისაკენ”. მე ვარ ალიანსში მსოფლიოსთან, ევროპასთან და მინდა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. გინდათ, რომ სიმკაცრე გამოვიჩინო? შემიძლია ნებისმიერ ადამიანზე მკაცრი ვიყო, მაგრამ ამგვარად შეთანხმებას ვერ მივაღწევთ. საქმე ასეა. კიდევ ერთი კითხვა… “
ვენსი: მინდა, მეც ვუპასუხო ამას. მისმინეთ, ოთხი წლის განმავლობაში გვყავდა აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც კონფერენციებზე გამოდიოდა და პუტინზე მკაცრ განცხადებებს აკეთებდა, ამის შემდეგ კი პუტინი უკრაინაში შეიჭრა და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მშვიდობისაკენ და კეთილდღეობისკენ გზა დიპლომატიაზე გადის. ჩვენ ვცადეთ ჯო ბაიდენის მეთოდიც – გულზე მუშტების ცემა და თავის მოჩვენება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტის ქმედებები. ის, რაც აშშ-ს კარგ ქვეყნად აქცევს სწორედ დიპლომატიაში ჩართულობაა. სწორედ ამას აკეთებს პრეზიდენტი ტრამპი.
ზელენსკი: შეიძლება ერთი კითხვა დავსვა?
ვენსი: რა თქმა უნდა
ზელენსკი: დიახ?
ვენსი: დიახ.
ზელენსკი: კარგი, მან დაიკავა ჩვენი ტერიტორიები, დიდი ტერიტორიები, აღმოსავლეთ ნაწილსა და ყირიმში 2014 წელს. ასე რომ, ეს ყველაფერი მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს არ დაწყებულა — იმ დროს ჯერ პრეზიდენტი ობამა იყო, შემდეგ — პრეზიდენტი ტრამპი, შემდეგ — პრეზიდენტი ბაიდენი, ახლა ისევ პრეზიდენტი ტრამპი და ღმერთმა ქნას, რომ ტრამპმა მისი შეჩერება შეძლოს, თუმცა 2014 წელს ის არავის შეუჩერებია. მან უბრალოდ დაიპყრო, დაიკავა და წაიღო. ადამიანები მოკლა, გესმით? წინა ხაზზე…”
——–
ტრამპი: 2015?
ზელენსკი: 2014.
ვენსი: 2014-2015
ტრამპი: კარგი, 2014
ზელენსკი: დიახ.
ტრამპი: მაშინ აქ არ ვიყავი
ზელენსკი: დიახ, მაგრამ…
ვენსი: ეს ზუსტად ასეა.
ზელენსკი: დიახ, მაგრამ 2014 წლიდან 2022 წლამდე სიტუაცია იგივე იყო — ხალხი იხოცებოდა. ჩვენ მასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, საერთაშორისო შეთანხმებებს ვაფორმებდით. მე, როგორც 2019 წელს არჩეულმა ახალმა პრეზიდენტმა მასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოვაწერე ხელი მაკრონთან და მერკელთან ერთად. მასთან გაზთან დაკავშირებით მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი… მაგრამ ამის შემდეგ მან დაარღვია შეთანხმება, ჩვენი ხალხი დახოცა და ტყვეებიც არ გაგვიცვალა. ტყვეების გაცვლაზეც შევთანხმდით, მაგრამ არ გაუკეთებია. რა დიპლომატიაზე საუბრობთ, ჯეიდი, რას გულისხმობთ?
ვენსი: მე ვსაუბრობ დიპლომატიაზე, რომელიც თქვენს ქვეყანას განადგურებას აარიდებს.
ზელენსკი: დიახ, მაგრამ თუ თქვენ…
ვენსი: ბატონო პრეზიდენტო, სრული პატივისცემით, ვფიქრობ, რომ უპატივცემულობაა, რომ ოვალურ კაბინეთში შემოხვიდეთ და სცადოთ ამ თემაზე ამერიკული მედიის თანდასწრებით იკამათოთ. ამჟამად იძულებულები ხართ, რომ ახალწვეულები გაუშვათ წინა ხაზზე, რადგან ადამიანური ძალების ნაკლებობა გაქვთ. მადლობას უნდა ეუბნებოდეთ პრეზიდენტს, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ცდილობს.
ზელენსკი: თქვენ ოდესმე ყოფილხართ უკრაინაში, რომ ჩვენი პრობლემები საკუთარი თვალით გენახათ?
ვენსი: მე ვყოფილვარ…
ზელენსკი: გვეწვიეთ ერთხელ
ვენსი: მინახავს და მსმენია ისტორიები და ვიცი, რა ხდება, როცა ადამიანებს ეპატიჟებით, თქვენ ისინი პროპაგანდის ტურზე მიგყავთ, ბატონო პრეზიდენტო. უარყოფთ, რომ ჯართან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ?
ზელენსკი: გვაქვს პრობლემები…
ვენსი: და ფიქრობთ, რომ მისაღებია, აშშ-ის ოვალურ ოფისში დაბრძანდეთ და თავს დაესხათ ადმინისტრაციას, რომელიც ცდილობს, თქვენი ქვეყნის განადგურება თავიდან აგარიდოთ?
ზელენსკი: ბევრი კითხვაა, თავიდან დავიწყებ.
ვენსი: გისმენთ.
ზელენსკი: პირველ რიგში, ომში ყველას აქვს პრობლემები. მათ შორის, თქვენც, მაგრამ თქვენ დიდი ოკეანე გყოფთ და ახლა ვერ გრძნობთ, მაგრამ მომავალში იგრძნობთ. ღმერთმა ქნას..
ტრამპი: თქვენ ეს არ იცით. თქვენ ეს არ იცით და ნუ გვეუბნებით, რას ვიგრძნობთ. ჩვენ ვცდილობთ, პრობლემა გადავჭრათ. თქვენ ვერ გვეტყვით, რას უნდა ვგრძნობდეთ.
ზელენსკი: არ გეუბნებით. ვპასუხობ კითხვას —
ტრამპი: არ ხართ იმ პოზიციაში, რომ მითითებებს იძლეოდეთ.
ვენსი: ზუსტად ამას აკეთებთ
ტრამპი: არ ხართ იმ პოზიციაში, რომ გადაგვიწყვიტოთ, რას ვიგრძნობთ. ძალიან კარგად ვიგრძნობთ თავს. კარგად და ძალიან ძლიერად.
ზელენსკი: თქვენ იგრძნობთ გავლენას—
ტრამპი: თქვენ ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხართ. საკუთარი თავი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდეთ და ის (პუტინი) ამაში მართალია.
ზელენსკი: ომის დასაწყისიდანვე—
ტრამპი: ახლა კარგ პოზიციაში არ ხართ. ხელში კარგი კარტები არ გიჭირავთ. ჩვენთან ერთად უკვე გაქვთ კარტები.
ზელენსკი: მე ბანქოს არ ვთამაშობ [….] ბატონო პრეზიდენტო, [….]
[გაურკვეველი ერთობლივი საუბარი – ხმების გადაფარვა]
ტრამპი: ახლა თქვენ — თქვენ ბანქოს თამაშობთ. თქვენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით თამაშობთ. თქვენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით. თქვენ მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს ქმნით. და რასაც თქვენ აკეთებთ, ეს დიდი უპატივცემულობაა ამ ქვეყნის მიმართ. ამერიკამ ბევრად აქტიურად დაგიჭირათ მხარი, ვიდრე ბევრის აზრით, უნდა დაეჭირა.
ვენსი: მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთხელ მაინც გითქვამთ
მადლობა?
ზელენსკი: ბევრჯერ.
ვენსი: არა, ამ შეხვედრას ვგულისხმობთ..
ზელენსკი: კი, დღესაც..
ვენსი: არა, ამ შეხვედრის განმავლობაში. ოქტომბერში ჩამოსული იყავით და პენსილვანიაში ოპოზიციის მხარდასაჭერ კამპანიაში იღებდით მონაწილეობას. გამოხატეთ მადლიერება აშშ-სა და იმ პრეზიდენტის მიმართ, რომელიც თქვენს ქვეყანას გადარჩენაში ეხმარება.
ზელენსკი: თუ ფიქრობთ, რომ ომზე ხმამაღლა ლაპარაკით—
ტრამპი: ის ხმამაღლა არ ლაპარაკობს. თქვენი ქვეყანა ცუდ მდგომარეობაშია.
ზელენსკი: შემიძლია? შემიძლია ვუპასუხო?—
ტრამპი: მოიცადეთ ერთი წუთით. არა, არა. თქვენ უკვე ბევრი ილაპარაკეთ. თქვენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია.
ზელენსკი: ვიცი. ვიცი.
ტრამპი: თქვენ ვერ იგებთ ამ ომს. მაგრამ თქვენ გაქვთ ძალიან კარგი შანსი, რომ რაღაცნაირად გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან ჩვენი დახმარებით.
ზელენსკი: ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ჩვენს ქვეყანაში ვრჩებით, ვინარჩუნებთ ძალას. ომის დასაწყისიდანვე მარტონი ვიყავით და ჩვენ მადლიერები ვართ. ამ კაბინეტშიც ნათქვამი მაქვს მადლობა. მადლობა ვთქვი—
ტრამპი: თქვენ არ ყოფილხართ მარტო. თქვენ არ ყოფილხართ მარტო. ამ სულელმა პრეზიდენტმა (ბაიდენმა) 350 მილიარდი დოლარი მოგცათ—
ზელენსკი: თქვენ თავად აირჩიეთ თქვენი პრეზიდენტი.
ტრამპი: ჩვენ მოგაწოდეთ სამხედრო აღჭურვილობა, და თქვენი ჯარისკაცები მამაცები არიან, მაგრამ მათ ჩვენი სამხედრო ტექნიკა სჭირდებათ. რომ არ გქონოდათ ჩვენი აღჭურვილობა, ეს ომი ორ კვირაში დასრულდებოდა.
ზელენსკი: სამ დღეში, ეს პუტინის სიტყვებია, სამ დღეში—
ტრამპი: შეიძლება უფრო ნაკლებ დროში.
ზელენსკი: ორ კვირაში, რა თქმა უნდა —
ტრამპი: ასეთ სიტუაციაში მოლაპარაკება ძალიან რთული იქნება, გეუბნებით.
ვენსი: უბრალოდ თქვით მადლობა.
ზელენსკი: ბევრჯერ მითქვამს მადლობა ამერიკელი ხალხისთვის—
ვენსი: შევთანხმდეთ, რომ უთანხმოებები არსებობს და ვეცადოთ ამ უთანხმოებების გვერდზე გადადებას ნაცვლად ამერიკული მედიის წინაშე კამათისას, როცა აშკარად ცდებით. ჩვენ ვიცით, რომ ცდებით.
ტრამპი: იცით რა, მე ვფიქრობ, რომ კარგია, თუ ამერიკელი ხალხი ნახავს, რა ხდება. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია და ამიტომაც გავაგრძელე ეს შეხვედრა ამდენ ხანს. თქვენ მადლიერი უნდა იყოთ..
ზელენსკი: მადლიერი ვარ—
ტრამპი: არ გიჭირავთ კარგი კარტები. თქვენ იქ დამარხული ხართ, თქვენი ხალხი იხოცება, ჯარისკაცების რაოდენობა გეწურებათ — მისმინეთ. ჯარისკაცები აღარ გყავთ და ჩვენ ძალიან კარგ რამეს გეუბნებით. შემდეგ კი თქვენ გვპასუხობთ: “მე არ მინდა ზავი, არ მინდა ზავი, მე მინდა იქ წავიდე.. ეს მინდა”. მისმინეთ, ამ წამსვე რომ შეიძლებოდეს ზავის მიღწევა, გეტყოდით, რომ დათანხმდეთ, რათა ტყვიების წვიმა შეწყდეს და ადამიანები აღარ იხოცებოდნენ”.
ზელენსკი: რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, გვინდა ომის შეჩერება.
ტრამპი: მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ არ გინდათ ზავი—
ზელენსკი: მე რაც გითხარით—
ტრამპი: მე ზავი მინდა. რადგან ზავის მიღება შეთანხმებაზე უფრო სწრაფად შეგიძლიათ.
ზელენსკი: გარანტიებით. ჰკითხეთ ჩვენს ხალხს, რას ფიქრობენ ზავზე. თქვენთვის სულ ერთი არ უნდა იყოს—
ტრამპი: ეს მე არ მეხება.
[CROSSTALK]
ტრამპი: ეს ბაიდენის დროს იყო, რომელიც ჭკვიანი კაცი არ არის —ეს ობამას პერიოდში იყო.
ზელენსკი: კი მაგრამ, თქვენი პრეზიდენტი იყო.
ტრამპი: უკაცრავად, ობამას დროს იყო, რომელმაც თქვენ მხოლოდ ზეწრები მოგცათ, მე კი
ჯაველინები მოგაწოდეთ.
ზელენსკი: დიახ.
ტრამპი: მე მოგეცით ჯაველინები, რომ ყველა ეს ტანკი გაგენადგურებინათ. ობამამ კი თქვენ მხოლოდ ზეწრები მოგცათ. ფაქტია: ობამამ ზეწრები მოგცათ, მე კი ჯაველინები. თქვენ უფრო მადლიერი უნდა იყოთ, რადგან სადავეები არ გაქვთ. ჩვენთან ერთად თქვენ კარგი კარტები გიჭირავთ, უჩვენოდ კი — არაფერი.
ჟურნალისტი: კიდევ ერთი კითხვა…
ტრამპი: მოლაპარაკება ძალიან რთული იქნება, რადგან დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.
ჟურნალისტი: თუ რუსეთი ზავს დაარღვევს, რა მოხდება?
ტრამპი: რას გულისხმობთ?
ვენსი: ის გეკითხებათ, “თუ რუსეთი ზავს დაარღვევს?“
ტრამპი: და “მერე ის რომ მოხდეს”.. და “მერე მათ რომ..” და პირდაპირ ბომბი რომ დაგეცეთ თავზე ახლა? კარგი? რუსეთმა ზავი დაარღვია? არ ვიცი. მათ ბაიდენს დაურღვიეს ზავი, რადგან დიდად პატივს არ სცემდნენ. ასევე პატივს არ სცემდნენ ობამას. ისინი მე პატივს მცემენ. ნება მომეცით, გითხრათ. პუტინმა დიდი სირთულეები გაიარა ჩემ გამო (ჩემთან ერთად). მასზე ფაქტობრივად ნადირობა იყო გამოცხადებული, როცა ის და რუსეთი… რუსეთი… რუსეთი… გსმენიათ ამის შესახებ? ეს ნამდვილი სიყალბე იყო ჰანტერ ბაიდენის მონაწილეობით, ჯო ბაიდენის სქემა. ჰილარი კლინტონი, ის მატყუარა ადამ შიფი — ყველაფერი დემოკრატების მოგონილი იყო და მას ამის გავლა მოუწია. მან ეს გაიარა და როგორღაც ომში არ აღმოვჩენილვართ. მას ყველაფერ ამაში ბრალს დებდნენ და არაფერ შუაში იყო! ყველაფერი ჰანტერ ბაიდენის სააბაზანოდან მოდიოდა. ჰანტერ ბაიდენის საძინებელი ოთახიდან მოდიოდა. ეს გულისამრევი იყო.. მერე კი თქვეს “ოჰოჰ, ის ჯოჯოხეთური ლეპტოპი რუსეთის შექმნილი იყო”. 51 აგენტი — მთელი ამბავი მოგონილი იყო და მას ამასთან გამკლავება მოუწია. ამაში ადანაშაულებდნენ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა: მან შეიძლება დაურღვია შეთანხმება ობამასა და ბუშს, შეიძლება დაურღვია ბაიდენს. შეიძლება კი, შეიძლება არა — არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ჯერ ჩემთვის შეთანხმება არ დაურღვევია. მას უნდა, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ. არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია.
ტრამპი: პრობლემა ისაა, რომ მე გაგაძლიერეთ (უყურებს ზელენსკის), რომ სიმტკიცე გამოგეჩინათ. არ მგონია, რომ აშშ-ის გარეშე ასეთი ძლიერი იქნებოდით. და თქვენი ხალხი ძალიან მამაცია.
ზელენსკი: გმადლობთ.
ტრამპი: მაგრამ ახლა ან შევთანხმდებით, ან ჩვენ ამ ყველაფრიდან გავდივართ. თუ ჩვენ გავალთ, თქვენ მარტოს მოგიწევთ ბრძოლა. არ მგონია, ლამაზი სანახავი იყოს. თქვენ კარტები არ გიჭირავთ ხელში. მაგრამ თუ შეთანხმება შედგება, ბევრად ბევრად უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდებით. მაგრამ თქვენ საერთოდ არ გამოხატავთ მადლიერებას და ეს არ არის სასიამოვნო. გულწრფელად გეტყვით, ეს არ არის სასიამოვნო.
ტრამპი: კარგი, ვფიქრობ, საკმარისი ვნახეთ, რას ფიქრობთ? შემიძლია ის ვთქვა, რომ ნამდვილად კარგი სატელევიზიო სანახაობა იყო.