გლობალური დიალოგი თბილისში — რა ხდებოდა Forbes Georgia-სა და Global Tech Weekend-ის ერთობლივ ღონისძიებაზე

2026 წლის 19–21 ივნისს თბილისმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას, Global Tech Weekend-ს უმასპინძლა. სამი დღის განმავლობაში ფესტივალმა 10,000-ზე მეტი მონაწილე, 150-ზე მეტი ბრენდი და 200-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი გააერთიანა. ღონისძიებების სერიამ სტარტი 19 ივნისს Forbes Georgia-სა და Global Tech Weekend-ის ერთობლივი საღამოთი აიღო.

Stamba Rooftop-ზე შეკრებილ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური ეკოსისტემის წარმომადგენლები, ინვესტორები, მეწარმეები, კორპორაციული ლიდერები და სტარტაპების დამფუძნებლები. საღამომ მონაწილეებს იდეების გაცვლის, ახალი პროფესიული კავშირებისა და მომავალი თანამშრომლობების დაწყების შესაძლებლობა მისცა.

ღონისძიება ოფიციალურად  Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, შოთა დიღმელაშვილმა, და Global Tech Weekend-ის თანადამფუძნებელმა, გური ქოიავამ გახსნეს. მათ ფესტივალის წლევანდელ მასშტაბზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თბილისი რეგიონის უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ცენტრად ყალიბდება.

საღამოს მთავარი ნაწილი იყო დისკუსია The California Edge.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

  • ჯონათან ლიტმანი (Jonathan Littman) — ავტორი და JonClubSF-ის დამფუძნებელი;
  • ფრენკ ვილარეალი (Frank Villarreal) — US Capital Global-ის მმართველი დირექტორი და პარტნიორი.

სპიკერებმა ინოვაციების მართვის, სტარტაპების განვითარების, კაპიტალის მოზიდვისა და იმ კრიტერიუმების შესახებ ისაუბრეს, რომლებითაც საერთაშორისო ინვესტორები პერსპექტიულ კომპანიებს აფასებენ.

საღამოს მეორე ნაწილი ინტერაქციულ Ask Me Anything ფორმატს დაეთმო, რომლის მოდერატორიც Forbes Georgia-ს საოპერაციო დირექტორი ანინა ტეფნაძე იყო.

ამ სექციაში მონაწილეობდნენ:

  • მარკო ტომბოლინი (Marco Tombollini) — Dolce & Gabbana Beauty-ის ბიზნესანალიზის გლობალური ხელმძღვანელი;
  • ჰუგო ბარბერა (Hugo Barbera) — AI დირექტორი და HumAIn-ის თანადამფუძნებელი;
  • ენრიკო ფანტაგუცი (Enrico Fantaguzzi) — Digital Fashion Academy-ის პრეზიდენტი და Gucci-ს, Tod’s-ის, YOOX-ისა და Walt Disney-ის ყოფილი სტრატეგიული მრჩეველი;
  • ურანიკ ბეგუ (Uranik Begu) — Plug and Play-ის მმართველი დირექტორი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

საუბრის მთავარი თემა იყო ტექნოლოგიების გავლენა სხვადასხვა ინდუსტრიაზე. სპიკერები შეთანხმდნენ, რომ ტექნოლოგიები დიდი ხანია გასცდა ცალკეული სექტორის ჩარჩოებს; ხელოვნური ინტელექტი ყველა სფეროს ცვლის და კოლაბორაციის სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

ოფიციალური პროგრამის დასრულების შემდეგ სცენაზე დაწყებული მნიშვნელოვანი დისკუსიები ინვესტორებს, მეწარმეებსა და ტექ-ეკოსისტემის ლიდერებს შორის ცოცხალ დიალოგში გადაიზარდა. Forbes Georgia-სა და Global Tech Weekend-ის ერთობლივმა საღამომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თბილისი სწორედ ის მიზიდულობის ცენტრია, სადაც საერთაშორისო ტექნოლოგიური სამყარო ახალი იდეების გარშემო ერთიანდება.