ენერგეტიკის გლობალური ინდუსტრიის განვითარების მთავარი ტენდენციები

ენერგეტიკის გლობალური ინდუსტრიის განვითარების მთავარი ტენდენციები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ტერმინი „ბუნებრივი წიაღისეული“ ადრეული ინდუსტრიალიზაციის პარადიგმას უკავშირდება – ის სამყაროს განვითარების აწ უკვე მოძველებულ მოდელს გულისხმობს, რომელიც დედამიწას საგრძნობლად აზიანებს. თუმცა საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს გლობალური საზოგადოების სხვადასხვა ფენაში ერთგვარი კონსენსუსი გაჩნდა: მეცნიერები, ანტრეპრენიორები, სოციალური აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები თანხმდებიან, რომ ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მრავალსაუკუნოვანმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ გლობალური პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია პოლიტიკური დისკურსის პრაქტიკაში გადმოტანა და ამ პროცესში საზოგადოების ყველა ფენის ჩართვა, მათ შორის – ფინანსური და პოლიტიკური წახალისების მრავალმხრივი მოდელების გამოყენებით. სასიხარულოა, რომ მწვანე ენერგიასთან დაკავშირებით მსოფლიოში დადებითი ტრენდი შეინიშნება – მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის გლობალური ბაზარი $2 ტრილიონამდე გაიზრდება[1].

საინტერესოა ისიც, რომ 2010-2019 წლებში განახლებადი ენერგიის ბაზრის სუბიექტებმა $2.6 ტრილიონის ინვესტიცია მოიზიდეს, რომლის წყალობით დღეს დედამიწის ქვეყნების ორ მესამედში ქარისა და მზის ენერგიის გამომმუშავებელი საწარმოების გამართვა ანალოგიური გამომუშავების მქონე ქვანახშირისა ან გაზის საწარმოების აშენებაზე უფრო იაფი ჯდება[2]. სწორედ ამ ტრენდის დამსახურებაა, რომ 2020 წელს მზის, ქარის, ჰიდრო- და გეოთერმული ენერგიის წილმა ენერგიის გლობალური გამომუშავების მაჩვენებლის 38% შეადგინა – მუდმივი ინვესტირების შემთხვევაში, 2030 წლისთვის ამ წილის – 55%-მდე, ხოლო 2050 წლისთვის 74%-მდე ზრდა არის მოსალოდნელი[3].

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მზარდია არა მხოლოდ ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების მაჩვენებელი, არამედ მათზე გადასვლის ტრენდის სისწრაფეც. S&P Global Market Intelligence-ის შეფასებით, ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 2022 წელს ზრდის რეკორდულად მაღალი ტემპი არის მოსალოდნელი[4]. ექსპერტები ვარაუდობენ იმასაც, რომ სწორედ ეს არის ის წელი, როცა განახლებადი ენერგიის ახალი წყაროები სამეცნიერო ლაბორატორიების ფარგლებს გასცდება და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება[5].

ენერგეტიკის გლობალურ სფეროში მიმდინარე საფუძვლიანი ძვრების ფონზე განსაკუთრებით საინტერესო და საყურადღებოა მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის დეკარბონიზაცია, ენერგეტიკული დეცენტრალიზაცია და გაციფრულება, რომლებზეც ამ ინდუსტრიის მომავალი არის დამოკიდებული. ამ სტატიაში სწორედ ამ ტრენდებს მოვუყარეთ თავი და უპრიანი იქნება, თუ თითოეულ მათგანს დეტალურად ჩავუღრმავდებით.

დეკარბონიზაცია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ენერგეტიკის გლობალური ინდუსტრიის მომავლის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტრენდი როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში – დეკარბონიზაციაა, რომელიც ბუნებრივი წიაღისეულის მწვანე ენერგიით ჩანაცვლებას და ჩვენი პლანეტისთვის უნახშირბადო მომავლის შექმნას გულისხმობს[6]. თავისთავად დეკარბონიზაცია საკმაოდ ფართო ტერმინია, რომელიც გულისხმობს როგორც ელექტრიფიკაციას, ასევე ენერგიის ალტერნატიული წყაროებისა და ტექნოლოგიების აღმოჩენასა და პრაქტიკაში გამოყენებას.

დედამიწის ნახშირორჟანგისგან გათავისუფლებაზე რომ ჩამოვარდება ხოლმე სიტყვა, ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ერთ-ერთ გზად ხშირად ელექტრიფიკაცია სახელდება. თავისთავად ელექტრიფიკაცია ენერგიის წყაროების განახლებას, მათ ელექტროენერგიაზე გადაყვანას გულისხმობს. ამ ტრენდის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ელექტრომობილების წარმოებაა, რომელიც დროსთან ერთად გაცილებით უფრო პოპულარული ხდება.

მოულოდნელი არ არის, რომ ელექტრიფიკაციის საჭიროებას დედამიწის მოსახლეობის ბუნებრივ წიაღისეულზე დამოკიდებულება იწვევს – ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად, ბუნებრივ წიაღისეულზე ელექტროენერგიის წარმოების 60.3% მოდის[7]. მსგავსი მდგომარეობაა ევროკავშირშიც, სადაც ენერგიის განახლებად წყაროებზე წარმოებული ენერგიის მხოლოდ 17.4% მოდის[8]. სავალალო მდგომარეობაა გლობალურადაც: Morgan Stanley-ის დათვლებით, ნახშირორჟანგის ყოველწლიურმა ემისიებმა 53.5 გიგატონა შეადგინა, რაც ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია[9].

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დედამიწის დეკარბონიზაციის მიზანს არამხოლოდ ბუნების გადარჩენა და კლიმატის ცვლილების ტემპის შენელება წარმოადგენს – საქმე ისაა, რომ ქარისა და მზის ენერგიასა და სხვადასხვა ტიპის ბიოსაწვავებზე გადასვლით, ყოველწლიურად შვიდი მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი[10]. თუმცა ამ შედეგის მისაღწევად დეკარბონიზაციაში კოლოსალური მოცულობის ინვესტიციაა განსახორციელებელი: Morgan Stanley-ის დათვლებით, ნულოვანი გლობალური ემისიის მისაღწევად $50 ტრილიონის ინვესტიცია არის საჭირო[11].

უნახშირორჟანგო დედამიწის შექმნის პერსპექტივა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რაც უმეტესწილად იმითაა განპირობებული, რომ მზისა და ქარის ენერგიის წარმოება 24-საათიან რეჟიმში შეუძლებელია, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების დიდი ნაწილი სეზონურად მუშაობს და რიგ ბუნებრივ მოვლენებზე არის დამოკიდებული. ამგვარად, ინვესტიციის დიდი წილი მოდის განახლებადი ენერგიის დასაწყობებისთვის საჭირო ტექნოლოგიების განვითარებაზე. თუმცა ეს ერთადერთი გამოსავალი არ არის, რადგან განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებასთან ერთად საჭიროა ისეთი სუფთა ალტერნატივების შექმნა, რომლე­ბიც განახლებადი ენერგიის სეზონურ ნაკლოვანებებს ამოავსებენ.

განახლებადი ენერგიის წყაროების ერთ-ერთ ჯანსაღ ალტერნატივად ბირთვული ენერგია განიხილება, რომელიც საზოგადოებაში არცთუ ისე პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ ენერგიის წარმოების ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და სუფთა გზას წარმოადგენს. ცნობისთვის გეტყვით, რომ ბირთვული ენერგიის წარმოებით გამოწვეული სიკვდილიანობა 99.7%-ით ნაკლებია ქვანახშირის წარმოების შედეგებთან შედარებით და თან გასათვალისწინებელია, რომ ეს სტატისტიკა ფუკუშიმას და ჩერნობილის კატასტროფების შედაგად მიღებულ მსხვერპლსაც მოიაზრებს[12].

მწვანე წყალბადი

ისე კი, განახლებად და ბირთვულ ენერგიასთან ერთად, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ენერგიის კიდევ ერთი ალტერნატიული წყარო გაჩნდა – მწვანე წყალბადი, ანუ წყალბადი, რომელიც განახლებადი ენერგიისა ან დაბალემისიური ენერგიის წყაროს გამოყენებით იქმნება. მწვანე წყალბადის ტექნოლოგია განსაკუთრებით იმითაა მიმზიდველი, რომ წყალბადი დედამიწაზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქიმიური ელემენტია, რომლის წვისას არ წარმოიქმნება სითბური ეფექტის მქონე გამონაბოლქვი[13]. ამასთანავე, წყალბადი კარგი საშუალებაა როგორც გადამუშავებადი წყაროების მიერ წარმოქმნილი ენერგიის შესანახად, ასევე მისი ტრანსპორტირებისთვის[14].

თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული სირთულეები წყალბადსაც ახასიათებს – საქმე ისაა, რომ ტრადიციულად, წყალბადის იმგვარად გარდაქმნა, რომ მისი გამოყენება საწვავის სახით იყოს შესაძლებელი, ბუნებრივი წიაღისეულის გამოყენებას და, შესაბამისად, გამონაბოლქვის წარმოქმნას საჭიროებს. ყავისფერი წყალბადი, მაგალითად, – ქვანახშირის, ხოლო ნაცრისფერი წყალბადი ბუნებრივი აირის გამოყენებით წარმოიქმნება. აი, სწორედ აქ ჩნდება მწვანე წყალბადის უპირატესობა – ის წყალში მიმდინარე ელექტროლიზის პროცესის დახმარებით წარმოიქმნება, რომელიც, თავის წილ, განახლებადი ენერგიის ხელშეწყობით მიმდინარეობს.

მწვანე წყალბადი იმდენად კარგი ალტერნატიული ენერგიის წყაროა, რომ მისი წარმოებით არაერთი ევროპული ენერგოგიგანტი დაინტერესდა: Shell-მა და RWE-მ განაცხადეს, რომ მსხვილ მილსადენს მოაწყობენ, რომლითაც ევროპას ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე ქარის სადგურებიდან წარმოქმნილი მწვანე წყალბადით მოამარაგებენ[15]. აქვე უნდა ითქვას, რომ მსგავს, მაგრამ გაცილებით უფრო მცირე მასშტაბის პროექტებზე ევროკავშირიც მუშაობს – ორგანიზაციას სურს, რომ 2035 წლისთვის მწვანე წყალბადის წარმოებისთვის 40 გიგავატი გადამუშავებადი ენერგია ჰქონდეს[16]. საინტერესოა, რომ პარალელურად მწვანე წყალბადის განვითარების სტრატეგიაზე ევროკომისიაც მუშაობს[17].

სახელმწიფოებისა და კორპორაციების მხრიდან ამგვარი დაინტერესება ნიშნავს იმას, რომ ინოვაციების განვითარებაში კერძო სექტორი უფრო აქტიურად ჩაერთვება, – ასე ფიქრობს ავტორიტეტული ბიზნესექსპერტი, ბერნარდ მარი. ამ ტრენდის მაგალითად მას წყალბადზე მომუშავე ელექტროველოსიპედი მოჰყავს, რომელიც ნიდერლანდურმა Studio MOM-მა და ავსტრალიურმა LAVO-მ შექმნეს[18].

აქვე ორიოდ სიტყვით უნდა ვახსენოთ დეკარბონიზაციისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ენერგიის წყარო – მაგმური ენერგია, რომლის წარმოსაქმნელად დედამიწის შიგნით არსებული მაგმის ცხელი ოხშივარი გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ენერგიის წარმოქმნის ეს გზა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის, ისლანდიაში უკვე არსებობს ელექტროსადგური, რომელშიც ელექტროენერგიის წარმოსაქმნელად მაგმით გაძლიერებულ გეოთერმულ სისტემებს იყენებს[19].

კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ეფექტიანობის გაზრდის უკიდეგანო პოტენციალი აქვს – ბიომასისა და ბიოსაწვავის წვის შედეგად მიღებული ენერგიაა, რომელიც თერმული, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების გააქტიურებით წარმოიქმნება. ბიომასას შორის ვხვდებით ხის მასალას, შაქრის ლერწმის მსგავს კულტურებსა და ნარჩენებს, რომელთა ფერმენტაციისას ბიოეთანოლი და ბიოდიზელი წარმოიქმნება[20]. ბიოენერგიის გამოყენების ტრენდის ზრდა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ International Energy Agency-ის შეფასებით, 2023 წლისთვის, ის განახლებადი ენერგიის წარმოების 30%-ს შეადგენს[21].

დეცენტრალიზაცია

რაც უნდა უცნაური და მოულოდნელი იყოს, ენერგეტიკის სფეროს მომავალზე განსაკუთრებულ გავლენას დეცენტრალიზაციაც მოახდენს, რომელიც, რეალურად, ტრადიციული მონოპოლიური ენერგეტიკული ქსელების ჩანაცვლებას გულისხმობს ელექტროენერგიის წარმოქმნის ფართოდ გავრცელებული სისტემების შექმნით. დეცენტრალიზაცია სწორედ ისაა, როცა ინდივიდუალური მოხმარებისთვის საჭირო ელექტროენერგიას მოქალაქეები თავად გამოიმუშავებენ სახლის სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელებითა თუ მცირე ზომის ქარის ელექტროსადგურებით.

თუმცა ენერგეტიკული ქსელის დეცენტრალიზაცია, როგორც ტენდენციური მოვლენა, გაცილებით უფრო ფართო მასშტაბისაა და გულისხმობს არა მხოლოდ ინდივიდუალური მომხმარებლების საჭიროებებს, არამედ მთელი ქალაქის ელექტროენერგიით მომარაგებასაც. ამ ტენდენციის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად შოტლანდიის დედაქალაქი გლაზგო შეგვიძლია მივიჩნიოთ, სადაც ადგილობრივი მოხმარების ელექტროენერგიის ლოკალურად გამომუშავებული წილი მუდმივად იზრდება[22]. საინტერესო კი ისაა, რომ ამ მიდგომას მხარს უჭერს ადგილობრივი ხელისუფლებაც, რომელიც დეველოპერებს მოუწოდებს, ენერგიის წყაროები ისე მოაწყონ, რომ მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კორპუსების ნაცვლად უბნებს ეყოთ[23].

გაციფრულება

კიდევ ერთი ტრენდი, რომელიც ბოლო ათწლეულში, უფრო აქტიურად კი ბოლო რამდენიმე წელიწადში ლამის ყველა ინდუსტრიას მოედო – გაციფრულებაა, რომელიც, თავისი არსით, დეკარბონიზაციისა და დეცენტრალიზაციის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. ბიზნესექსპერტი ბერნარდ მარი ფიქრობს, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, მწვანე ენერგიასთან დაკავშირებული გადაწყვეტები სულ უფრო და უფრო კომპლექსური იქნება – ანალოგიური მდგომარეობა შეიქმნება დეცენტრალიზებული ენერგეტიკული ქსელების კუთხითაც.

ბერნარდ მარის აზრით, გაციფრულების შედეგად ენერგეტიკის სფეროში ისეთი ტექნოლოგიები შემოვა, რომლებიც ამ სფეროსთვის უცხოა, მაგრამ სხვა ინდუსტრიებში აქტიურად გამოიყენება, მათ შორის ბლოკჩეინი, ციფრული ასლები, ხელოვნური ინტელექტი და ყველაფრის ინტერნეტი (IoT).

ბლოკჩეინზე დაშენებული სმარტ-კონტრაქტების წყალობით, მომხმარებლებს დანამდვილებით ეცოდინებათ, თუ საიდან მოდის ის ელექტროენერგია, რომელსაც მოიხმარენ. ციფრული ასლების დახმარებით, ელექტროენერგიის პროვაიდერები ადამიანური შეცდომების რიცხვს შეამცირებენ და გაცილებით უფრო ეფექტიანები გახდებიან. ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ელექტროენერგიის მოთხოვნისა და მიწოდების დასაბალანსებლად, ხოლო ყველაფრის ინტერნეტი მომხმარებლების სახლებსა და ოფისებში არსებული მოწყობილობების ეფექტიანობას გაზრდის.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს არა მხოლოდ მომავალში, არამედ ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლის პერიოდშიც და ამ პროცესს უმტკივნეულოს გახდის[24]. დღეს ხელოვნური ინტელექტი, უმეტესწილად, ელექტროენერგიის მოთხოვნის წინასწარი პროგნოზის შესადგენად და რესურსების გადასანაწილებლად გამოიყენება, რათა ელექტროენერგია ხელმისაწვდომი იყოს იქ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა, მინიმალური დანახარჯებით. ხელოვნური ინტელექტის ამგვარი ეფექტიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის წყაროების შემთხვევაში, რადგან ამგვარი გზით წარმოებული ელექტროენერგიის დიდი ხნით შენახვა შეუძლებელია.

ასე და ამგვარად, ბუნებრივი წიაღისეულის ჩანაცვლება განახლებადი ენერგიის წყაროებით – უკვე დაწყებულია. თანაც ამ პროცესში ჩართულნი არიან როგორც მეცნიერები და ანტრეპრენიორები, ასევე სოციალური აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები. ეს ტრენდი მომავალი ათწლეულების განმავლობაში გაძლიერდება, ხოლო პროცესში გამოყენებული ტექნოლოგია დაიხვეწება, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, ენერგეტიკის გლობალური ინდუსტრიის მთავარ ტრენდებად სწორედ დეკარბონიზაცია, დეცენტრალიზაცია და გაციფრულება იქნება მოაზრებული.

 

ლიტერატურა და კომენტარები:

[1] Chidanand, Mittal, N., & Prasad, E. (2021). Renewable Energy Market by Type (Hydroelectric Power, Wind Power, Bioenergy, Solar Energy, and Geothermal Energy) and End Use (Residential, Commercial, Industrial, and Others): Global Opportunity Analysis and Industry Forecast, 2021–2030. Allied Market Research.

[2] BloombergNEF. (2022). Renewable Investment.

[3] BloombergNEF. (2022). Renewable Investment.

[4] Stevens, P. (2021, November 10). 2022 will be a record year for wind and solar, new report finds. CNBC.

[5] Marr, B. (2022, March 15). The Five Biggest New Energy Trends In 2022.

[6] Marr, B. (2022). The 3 Biggest Future Trends (And Challenges) In The Energy Sector.

[7] U.S. Energy Information Administration. (2022, February). What is U.S. electricity generation by energy source?

[8] Eurostat. (2022, February). Energy statistics – an overview.

[9] Morgan Stanley. (2019, November 25). Decarbonization: The Race to Zero Emissions.

[10] Wood, J. (2020, February 28). Renewable energy could power the world by 2050. Here’s what that future might look like.

[11] Morgan Stanley. (2019, November 25). Decarbonization: The Race to Zero Emissions.

[12] Ritchie, H. (2020). What are the safest and cleanest sources of energy? Our World in Data.

[13] Marr, B. (2022, March 15). The Five Biggest New Energy Trends In 2022.

[14] Chugh, A. (2021). What is green hydrogen and why do we need it? An expert explains. World Economic Forum.

[15] Nhede, N. (2021, May 4). EU companies commit to continental green hydrogen pipeline. Power Engineering International.

[16] Marr, B. (2022, March 15). The Five Biggest New Energy Trends In 2022.

[17] Marr, B. (2022). The 3 Biggest Future Trends (And Challenges) In The Energy Sector.

[18] Frearson, A. (2021, November 17). This hydrogen-powered e-bike is the first of its kind. World Economic Forum.

[19] IDDP. (2022). IDDP – About.

[20] Chidanand, Mittal, N., & Prasad, E. (2021). Renewable Energy Market by Type (Hydroelectric Power, Wind Power, Bioenergy, Solar Energy, and Geothermal Energy) and End Use (Residential, Commercial, Industrial, and Others): Global Opportunity Analysis and Industry Forecast, 2021–2030. Allied Market Research.

[21] აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბიოენერგიის განახლებადი ენერგიის კატეგორიაში შეყვანაზე ექსპერტები ჯერ კიდევ კამათობენ.

[22] Glasgow City Council. (2015). Energy and Carbon Masterplan: Sustainable Glasgow. Glasgow City Council.

[23] Marr, B. (2022). The 3 Biggest Future Trends (And Challenges) In The Energy Sector.

[24] Mehlum, E., Hischier, D., & Caine, M. (2021, September 01). This is how AI will accelerate the energy transition. World Economic Forum

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *