ენერგეტიკული სექტორის გამჭვირვალობის რეიტინგი გამოქვეყნდა | როგორი შედეგი აქვს საქართველოს?

ენერგეტიკული სექტორის გამჭვირვალობის რეიტინგი გამოქვეყნდა | როგორი შედეგი აქვს საქართველოს?

ანალიტიკური ორგანიზაცია Dixi და World Experience for Georgia ენერგეტიკული სექტორის გამჭვირვალობის 2021 წლის ინდექსის შედეგებს აქვეყნებენ.

ინდექსი საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და რუმინეთის ენერგეტიკის სექტორების გამჭვირვალობას აფასებს. შედეგების მიხედვით, აღნიშნული ქვეყნების ენერგეტიკის სექტორები საშუალო ან კარგი გამჭვირვალობით ხასიათდებიან.

პირველ ადგილზეა რუმინეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა (80/100 ქულა, B+) შემდეგ მოდის უკრაინა (69, C+), საქართველო (61, C საშუალო გამჭვირვალობა), და მოლდოვა (55, C-). აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, გამჭვირვალობა მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდა (2-დან 9 ქულამდე).

ინდექსი გამჭვირვალობის დონეს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით აფასებს: ენერგეტიკული ბალანსები, ბუნებრივი მონოპოლიების საქმიანობა, ენერგიის მიწოდებისა და მოხმარების საკითხების გამჭვირვალობა, ანგარიშგების, პოლიტიკის შემუშავების პროცესისა და საჯარო უწყებათა საქმიანობების გამჭვირვალობა.

საქართველოში გამჭვირვალობის კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ენერგეტიკული სტატისტიკის გამოქვეყნებას აქვს.

ანგარიშის თანახმად, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ პრობლემურია ენერგეტიკული ბაზრების გახსნის საკითხები – ელექტროენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება რამდენიმეჯერ გადაიდო, გაზის ბაზრის ჩამოყალიბება კი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. გარდა ამისა, მოსახლეობას არ აქვს ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის არჩევის შესაძლებლობა, ენერგეტიკული კომპანიების ანგარიშები ხშირად არ არის ხელმისაწვდომი, პრობლემურია კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზის ფასების დადგენის გამჭვირვალობის საკითხიც.

მკვლევრების განმარტებით, პოლიტიკის დაგეგმვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხები გაუმჯობესებას საჭიროებს. არ მიმდინარეობს ენერგეტიკის პოლიტიკისა და სტრატეგიული დოკუმენტების მონიტორინგი და შესრულების ანგარიშების წარმოება. არ არსებობს სახელმწიფო დახმარების მიმღები პროექტების რეგისტრი და არ ქვეყნდება წლიური ანგარიშები.

WEG-ის შეფასებით, ენერგეტიკა კომპლექსური დარგია, სადაც პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები იკვეთება. გამჭვირვალობის, მკაცრი რეგულირებისა და კონტროლის გარეშე, ენერგეტიკის სექტორი შეიძლება გახდეს მოწყვლადი გარე საფრთხეების მიმართ. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთთან არიან დაკავშირებული ენერგეტიკული პროექტებითა თუ ვაჭრობით და მუდმივად აქვთ კორუფციული გარიგებების საფრთხე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *