დრაგის გადადგომის შემდგომ, იტალიის პრეზიდენტმა, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, პარლამენტი დაითხოვა

დრაგის გადადგომის შემდგომ, იტალიის პრეზიდენტმა, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, პარლამენტი დაითხოვა

იტალიის პრემიერ მარიო დრაგის რიგით მეორე მოთხოვნა თანამდებობის დატოვების შესახებ პრეზიდენტმა დააკმაყოფილა. დრაგის გადადგომის შემდგომ, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

კოალიციაში შექმნილი უთანხმოების გამო, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ თანამდებობა ჯერ კიდევ გასულ კვირას დატოვა. კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში სიდიდით მეორე პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ იტალიელების ინფლაციისგან დაცვისთვის შექმნილ €26-მილიარდიან პაკეტს ბოიკოტი გამოუცხადა. „ხუთი ვარსკვლავის“ ლიდერმა ჯუზეპე კონტემ მთავრობა იმ ოჯახების არასაკმარის დახმარებაში დაადანაშაულა, რომლებიც ენერგიისა და საკვების მზარდი ფასებით განსაკუთრებით დაზარალდნენ.

მიუხედავად დახმარების პაკეტის დამტკიცებისა, დრაგიმ ადრეც აღნიშნა, რომ მხოლოდ ეროვნული ერთიანობის მთავრობას უხელმძღვანელებდა და შესაბამისად, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ მხარდაჭერის გარეშე თანამდებობის შენარჩუნებაზე უარი განაცხადა. მაშინ იტალიის პრეზიდენტმა დრაგის მოთხოვნა არ მიიღო და პრემიერს მისი მთავრობისადმი მხარდაჭერის შეფასების მიზნით, პარლამენტისთვის მიმართვა სთხოვა. თუმცა სამი პარტიის მიერ კენჭისყრაზე უარის თქმის შემდგომ, პრეზიდენტს დრაგის გადადგომის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწია.

იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის ოფიციალურად დატოვებას დრაგი არჩევნების ჩატარებამდე ვერ შეძლებს. პოლიტიკური კრიზისის წინაშე იტალია განსაკუთრებით რთულ პერიოდში აღმოჩნდა, რადგან ქვეყანა ინფლაციას, ენერგოფასების ზრდას, უკრაინის ომთან დაკავშირებულ პრობლემებს, პანდემიასა და გვალვას ერთდროულად ებრძვის.

ვადამდელ არჩევნებში გასამარჯვებლად, როგორც ჩანს, იტალიის მემარჯვენე პარტიების ძლიერი კოალიცია ემზადება. კოალიცია შემდეგი პარტიებითაა დაკომპლექტებული: „ულტრამემარჯვენე პარტია“ მატეო სალვინის ხელმძღვანელობით, ნეოფაშისტური ფესვების მქონე პარტია „იტალიის ძმები“ ჯორჯია მელონის ლიდერობით და ყოფილი პრემიერის სილვიო ბერლუსკონის „Forza Italia“. Financial Times-ის მონაცემებით, გამოკითხვებით, 22.5%-ით „იტალიის ძმები“ ლიდერობენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *