სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე ენერგოუსაფრთხოების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან. სემეკის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ასახელებს, იმ მარეგულირებელ ინსტრუმენტებს, რომელთა დანერგვა და განხორციელება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის უმნიშვნელოვანესი პირობაა.
ნუგზარ ბერიძე ამბობს, რომ ენერგოუსაფრთხოება არის ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი საფუძველი. იმპორტირებულ ნახშირწყალბადოვან რესურსებზე დრამატული დამოკიდებულება (არანაკლებ 80%-ისა) და საგარეო პოლიტიკური და ქვეყნის შიგნით არსებული არასტაბილური სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობა, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევებს განსაკუთრებულად წარმოაჩენს და მათი დროული და ადექვატური შეფასება და შერბილების ღონისძიებების შემუშავება აქტუალურია.
იგი განმარტავს, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება გულისხმობს ენერგომომარაგების უწყვეტობასა და ხარისხს ხელმისაწვდომ ფასად, როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიანი პერსპექტივაში, რაც მოთხოვნის ზრდის პირობებში, გულისხმობს ახალი წყაროების განვითარებას, იმპორტის ხელმისაწვდომობას, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ოპტიმალური ფასების უზრუნველყოფას.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განხორციელებისას საქართველოს მთავრობა სემეკთან და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით იღებს ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო და საიმედო მიწოდება; ელექტროენერგეტიკული საქმიანობის გამჭვირვალე და სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეთა მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციებითა და პასუხისმგებლობებით. ელექტროენერგიით შიდა საბითუმო და საცალო ვაჭრობის ლიკვიდურობა, აგრეთვე ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე შეუზღუდავი დაშვება; ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების სათანადო მდგომარეობის შესანარჩუნებლად მათი სათანადო მოვლა-პატრონობა და საჭიროების შემთხვევაში განახლება; განახლებადი ენერგიის წყაროების, აგრეთვე ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოების მეშვეობით მიღებული ელექტროენერგიის ხელშეწყობა; ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილური ოპერირებისთვის გადაცემისა და წარმოების საკმარისი სარეზერვო სიმძლავრის არსებობა; ელექტროენერგიაზე მოთხოვნასა და წარმოების სიმძლავრეების ხელმისაწვდომობას შორის ბალანსი; ენერგოეფექტურობისა და ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, მოთხოვნის მართვის, განახლებადი ენერგიისა და „ჭკვიანი“ აღრიცხვის ტექნოლოგიების და ელექტროენერგიის განაწილებული წარმოების დანერგვის წახალისება, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის რეალურ დროში სამართავად; ენერგიის დამზოგავი ღონისძიებების ხელშეწყობა; ელექტროენერგიის წარმოების ახალ სიმძლავრეზე დასაშვებად ელექტროენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ხელშემშლელი ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრა და ადმინისტრაციული პროცედურების მინიმუმამდე შემცირება,“ – განმარტავს ნუგზარ ბერიძე.
მისივე თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოების მარეგულირებელი მხარდაჭერის საკითხებზე კვლევები ცოტაა და ჩანასახოვან ეტაპზეა, რაც ენერგეტიკის სტრატეგიული და პოლიტიკური დოკუმენტების და შესაბამისი გადაწყვეტილებების ხარისხზე უარყოფითად აისახება. ენერგეტიკული უსაფრთხოების მარეგულირებელი მხარდაჭერის ძირითადი მექანიზმებია :
- ენერგეტიკული საქმიანობის ავტორიზაცია და საქმიანობის პირობების შესრულების მონიტორინგი, რაშიც პირველ რიგში იგულისხმება ენერგეტიკული ბაზრის საკვანძო სუბიექტების – ტექნიკური და კომერციული ოპერატორების და საშუალო და მსხვილი მწარმოებლების ლიცენზირება, რაც პირველ რიგში მოიცავს მათი შესაძლებლობების სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას და ასევე ოპერირების პერიოდში უწყვეტ მონიტორინგს და კონტროლს;
- ენერგეტიკულ ბაზრებზე ვაჭრობის თანამედროვე მექანიზმების და უბალანსობაზე პასუხისმგებლობის მექანიზმების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს დადებით საინვესტიციო სიგნალებს;
- ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგსა, რაც გულისხმობს ბაზარზე გამჭვირვალე, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ბაზრის ლიკვიდურობის ზრდას, საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენციულ აღკვეთას;
- მიწოდების უწყვეტობის ინდიკატორების დამუშავება, მათი ზღვრების დაწესება, შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება და მაჩვენებლების გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
- გონივრულ-მიზანშეწონილ ხარჯებზე დაფუძნებული წამახალისებელი სატარიფო რეგულირება, რომელიც გულისხმობს ქსელში ინვესტიციების წახალისებას და იმავდროულად მათი განხორციელების მკაცრ კონტროლს რეგულატორული აუდიტის მეთოდების გამოყენებით;
- საქსელო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმების ყოველწლიური შეთანხმება ენერგეტიკული უსაფრთხოების, ქსელში განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის, გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილების გათვალისწინებით;
- ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარების მარეგულირებელი მხარდაჭერა, მათ შორის „ნეტო – აღრიცხვის“, მოხმარების მხრიდან დატვირთვის რეგულირების, ქსელზე პრიორიტეტული დაშვების, წამახალისებელი ტარიფების და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით.
ნუგზარ ბერიძე მიიჩნევს, რომ მარეგულირებელი ინსტრუმენტების დანერგვა განხორციელება უმნიშვნელოვანესი პირობებია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, რაც მოითხოვს როგორს ენერგეტიკული ბაზრის მოთამაშეების, ასევე მომხმარებლების აქტიურ ჩართულობას და რისთვისაც საჭიროა მათი პერმანენტული სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ამოქმედება. აღნიშნული მიზნით სემეკის მიერ დაფუძნდა ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, რომელმაც უკვე დაიწყო აქტიური მოქმედება.