ენერგიის ფასი

ენერგიის ფასი

საქართველოს ენერგოსექტორში არსებული სატარიფო პოლიტიკა არაერთი პოლიტიკური სპეკულაციისა თუ სოციალური წნეხის ქარცეცხლში გადის. სემეკის მიერ ენერგოტარიფების განსაზღვრა მარტივი პროცესი არ არის და მთელ რიგ ფაქტორებსა და მოვლენებზეა დამოკიდებული.

სატარიფო მეთოდოლოგია, რომლითაც უკვე სამი წელია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ხელმძღვანელობს, ამ დარგში ჩახედული ადამიანებისა და თავად კომისიის შეფასებით თანამედროვე საზოგადოებისა თუ ბიზნესის ინტერესებზეა მორგებული. სემეკში ამბობენ, რომ სამწლიანმა პრაქტიკამ უკვე ცხადყო, თუ რამდენად ეფექტიანი გამოდგა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე შემუშავებული მეთოდოლოგია. დღეს ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ე.წ. “წამახალისებელი” სატარიფო მეთოდოლოგიები მოქმედებს, რომლებიც ასევე “RPI-X” რეგულირების სახელითაა ცნობილი, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში – ე.წ. “დანახარჯები პლუს” მეთოდოლოგია გამოიყენება.

ენერგეტიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი Forbes-სთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტარიფების დათვლის პროცესში თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც მოსახლეობის, ასევე კომპანიების ინტერესები და რომ ტარიფების მხოლოდ სოციალური პრიზმიდან შეფასება სწორი მიდგომა არ არის.

ანდრია გვიდიანი: ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების ტარიფში ასახვის საკითხი. ხაზგასასმელია, რომ კომპანიების მხრიდან საკმაოდ მოცულობითი ინვესტიციები ხორციელდება და, რა თქმა უნდა, აღნიშნული ინვესტიციები ტარიფში უნდა აისახოს. მაგალითისთვის, გასულ წელს ელექტროენერგეტიკულ სექტორში სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატების მიერ ფაქტობრივად განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამში 280.3 მლნ ლარი შეადგინა. ცხადია, აღნიშნული ინვესტიციები ქსელის გამართულად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და, აქედან გამომდინარე, კომპანიებს უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, რომ ქსელის განვითარებაში ფული დახარჯონ. რა თქმა უნდა, აღნიშნული ისახება კომპანიების სხვადასხვა ტექნიკურ მაჩვენებელზე და მაგალითისთვის მოვიყვან “თელასის” ნორმატიულ დანაკარგებს, რომლებიც 12.4%-იდან 5.34%-მდე შემცირდა.

სემეკში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ინვესტორებისთვის მაქსიმალურად მოქნილი და მიმზიდველი პირობებია შექმნილი. თუნდაც ის, რომ ინვესტორს საშუალება ეძლევა, წინასწარ ასახოს ტარიფში ინვესტიციები მომდევნო წლის- თვის. სემეკის მიერ შემუშავებული სატარიფო მეთოდოლოგიები სრულად ითვალისწინებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას, რომლითაც სემეკი უკვე სამი წელია, ხელმძღვანელობს. უწყების განმარტებით, კომპანიისთვის ტარიფის დადგენისას ისინი ბიზნესსუბიექტის საინვესტიციო გეგმებს მომდევნო წლისთვის განიხილავენ და, შეთანხმების შემთხვევაში, ეს ინვესტიციები ტარიფში აუცილებლად აისახება. ბუნებრივია, ტარიფში წინასწარ ასახულ ინვესტიციებზე მთელი რეგულირების პერიოდში კომისია მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს – იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტარიფში წინასწარ ასახულ ინვესტიციას არ განახორციელებს, მომდევნო რეგულირების პერიოდისათვის ხდება კომპანიის შემოსავლების და, შესაბამისად, ტარიფის კორექტირება.

ფასწარმოქმნის სპეციფიკასა და მისი ეფექტიანობის საკითხზე Forbes-სთან “აისეტის” მკვლევარი ლევან ფავლენიშვილიც საუბრობს, რომელიც მიიჩნევს, რომ, არსებული ბაზრის სტრუქტურიდან გამომდინარე, ამჟამინდელი ფასწარმოქმნის მეთოდი აბსოლუტურად რეალობასთან შესაბამისი და თანამედროვეა. სულ სხვა სურათი გვექნებოდა ზოგად ჭრილში ენერგოგანვითარების კუთხით უფრო სახეშეცვლილი ბაზრის სტრუქტურა რომ გვქონდეს, რაც, ერთი მხრივ, მოკლევადიან პერსპექტივაში ფინანსური თვალსაზრისით მოსახლეობას სასიკეთოს არაფერს უქადის, აი, გრძელვადიან პერიოდში კი მსუყე ფინანსურ- ეკონომიკური ბენეფიტების გარანტიას იძლევა.

ლევან ფავლენიშვილი: “მას შემდეგ, რაც ბაზრის ლიბერალიზაციას მოვახდენთ და მოხმარების ტარიფებს ასეთ მკაცრ რეგულირებას აღარ დავუქვემდებარებთ, არამედ შევეცდებით, რომ განვაცალკევოთ წარმოება და დისტრიბუცია, დისტრიბუციას ეყოლება ადგილობრივი მონოპოლია, რომელიც უბრალოდ სადისტრიბუციო ქსელის ფუნქციას შეასრულებს და გამყიდველი ბევრი იქნება. ზემოჩამოთვლილ პირობებში, ცხადია, დროის რაღაც პერიოდში ტარიფები გაიზრდება და ეს აუცილებლად მოხდება, რაც აბსოლუტურად ნორმალური იქნება. ეს ამავდროულად გამოიწვევს მწარმოებლების რაოდენობის ზრდასაც ანუ გაიზრდება გენერაციის რაოდენობა, იმიტომ რომ ქვეყანაში დაფიქსირდება მაღალი ფასი (ამ სექტორში ფულის ჩადება მოგებიანი იქნება), ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ფასები კვლავ შემცირდება და დასტაბილურდება. ანუ გამოდის, რომ ჩვენ რაღაც პერიოდით უნდა ვთქვათ თანხმობა ფასების ზრდაზე იმისთვის, რომ მომავალში დაბალი ფასები გვქონდეს”.

ლევან ფავლენიშვილი არ ყოფილა პირველი, ვინც ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციაზე დასვა აქცენტები. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესები 2019 წლიდან უნდა დაიწყოს. რაც შეეხება მარეგულირებელი კომისიის როლს ამ პროცესებში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნები განსაკუთრებულ ყურადღებას მარეგულირებელ ინსტიტუტზე ამახვილებს და სწორედ კომისიაა ერთ-ერთი საკვანძო ორგანიზაცია, რომელმაც ახალი ბაზრის სუბიექტები უნდა განსაზღვროს და მათ რეგულაციები დაუწესოს.

ლიბერალიზაციასა და თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობაზე საუბრისას თავისთავად ერთ-ერთი მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი ანუ ტარიფების განსაზღვრის

სეზონური მეთოდოლოგია და ეგრეთ წოდებული დღისა და ღამის ტარიფები მახსენდება, რაზეც სხვათა შორის პროფესიულ წრეებშიც ხშირად მსჯელობენ ბოლო დროს. ეგრეთ წოდებულ “ერთი დღით ადრე” ვაჭრობას მარეგულირებელ კომისიაში პოზიტიურად უყურებენ და მეტიც, აღნიშნავენ, რომ გარდა “ერთი დღით ადრე ბაზრისა”, განვითარებულ სისტემებში ისეთი ორგანიზებული ბაზრების ჩამოყალიბებაც უნდა მოხდეს, როგორიცაა საბალანსო ბაზარი, დამხმარე (სასისტემო) მომსახურებების ბაზარი, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი და ა.შ. რაც შეეხება უშუალოდ “ერთი დღით ადრე” ბაზრის ჩამოყალიბებას, კომისიაში ამბობენ, რომ პირველ რიგში, აუცილებელია შესაბამისი სავაჭრო პლატფორმის შექმნა და ვაჭრობის ორგანიზებაზე უფლებამოსილი სუბიექტის განსაზღვრა.

ლევან ფავლენიშვილი: “ცხადია, ეკონომიკური ინტუიციით რომ შევხედოთ, სეზონური ტარიფები რომ იყოს, ან დღე და ღამის ტარიფი რომ იყოს, უკეთესი იქნება სარგებლის თვალსაზრისით, მაგრამ ამ დღე და ღამის ტარიფს აღრიცხვის წარმოებისთვის აუცილებლად სჭირდება დიდი ახალი ინფრასტრუქტურა. მარტივად რომ ვთქვა, ელემენტარული ახალი მრიცხველები სჭირდება, ამისთვის კი დიდი ინვესტიციაა საჭირო. ეს კი, საბოლოო ჯამში, თავისთავად ტარიფზე აისახება. შედეგად, მოკლე ვადაში ფასი მაინც გაგვეზრდება”.

ტარიფებზე საუბრისას, ცხადია, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მათი შემუშავებისა და ფორმირების პროცესების გამჭვირვალობის ასპექტიც, რაც, შეიძლება ითქვას, საქართველოს შემთხვევაში ნაკლებად პრობლემატური საკითხია.

ანდრია გვიდიანი: როგორც იცით, სემეკის სატარიფო მეთოდოლოგია ტარიფების გადახედვას ყოველწლიურად ითვალისწინებს. შესაბამისად, ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე არსებობდა და წლების განმავლობაში არ ხდებოდა ტარიფების ნორმალური გადათვლა, აღარ გრძელდება. აქედან გამომდინარე, დინამიკურად ხდება კომპანიების მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმების, შემოსავლებისა და ხარჯების სამართლიანად ასახვა ტარიფში. რასაკვირველია, სწორედ აღნიშნული მეთოდოლოგია უზრუნველყოფს სამართლიანი ტარიფების ფორმირებას. აქვე, როდესაც ტარიფების გამჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა მოვიშველიო მსოფლიო ბანკის მონაცემები. Doing Business-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ტარიფების გამჭვირვალობის კუთხით. კერძოდ, 2015 წლიდან ტარიფების დათვლის გამჭვირვალობის თვალსაზრისით საქართველოს პოზიციები ორჯერ გაუმჯობესდა და ამ კომპონენტში 8-ბალიანი სისტემიდან 6 ქულა გვაქვს”.

ტარიფების ყოველწლიური დადგენის საფუძველზე კომისიაში შეიქმნა ე.წ. “საბაზო ისტორიები” – კომპანიების ფინანსური თუ ტექნიკური მონაცემებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ამან განაპირობა სიახლე სატარიფო რეგულირებაში, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება. კერძოდ, მომავალი წლიდან ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფები სამი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

მიმდინარე წელს სატარიფო მეთოდოლოგიებში შესული ცვლილებების მიხედვით, წყალმომარაგების, ელექტროენერგიის წარმოებისა (ჰიდროგენერაცია) და გადაცემის ლიცენზიატებს ტარიფები დაუდგინდებათ 2018 წლის პირველი იანვრიდან სამწლიან პერიოდზე. რეგულირების პერიოდის დასრულებამდე, კომისია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გადახედავს ტარიფებს და მოახდენს კორექტირებას. აღნიშნულ კომპანიებს მისცემს საშუალებას, გრძელვადიან პერიოდზე გათვალონ განსახორციელებელი ინვესტიციები, რაც წარმოადგენს მყარ გარანტიას ბაზარზე დღეს არსებული კომპანიებისათვის, ასევე, აღნიშნული ცვლილება უფრო მეტ მოტივაციას აძლევს პოტენციურ ინვესტორებს ბაზარზე შემოსასვლელად. მეორე მხრივ, გრძელვადიანი ტარიფები იცავს მომხმარებელს ტარიფების ყოველწლიური ცვლილებებისაგან. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *