ENERGO-PRO ჯგუფმა, რომელშიც სს ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი შედის, €300,000,000-ის ღირებულების არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ობლიგაციების ვადა 12 წელია, მისი სრულად დაფარვა კი 2035 წლის 27 ივლისს მოხდება. ასევე ცნობილია, რომ ობლიგაციის წლიური ფიქსირებული განაკვეთი 4.3 %-ს შეადგენს.
კომპანიის განცხადებით, ეს ემისია პირველად არის გარანტირებული წამყვანი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის, DFC-ის მიერ. მისივე ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც DFC-ის გარანტირებული აქვს მსგავსი ტრანზაქცია ევროპაში.
„ეს არის მართლაც პრინციპულად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გარიგება ENERGO-PRO-სთვის, რისი საშუალებითაც ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, ცვალებადი საერთაშორისო კაპიტალური ბაზრის პირობებში მივაღწიოთ გრძელვადიან დაფინანსებას უაღრესად მიმზიდველი ფასით. ჩვენთვის დიდი პატივია, გვქონდეს ნდობა ისეთი აღიარებული პარტნიორისგან როგორიცაა DFC, მოუთმენლად ველით მათთან მუშაობას ჩვენი აქტივებისა და ბიზნესის გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა ENERGO-PRO ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, პეტრ მილევმა.
„ჯგუფი განაგრძობს წარმატებულ განვითარებას სხვადასხვა ქვეყანაში, ხდება ახალი ბაზრების, შესაძლებლობების გაანალიზება და ჯგუფის გეოგრაფიის გაფართოება. მიუხედავად ბევრი პრობლემისა და სამწუხარო დაბრკოლებებისა, ვამაყობთ, რომ კვლავ ვინარჩუნებთ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის პოზიციას საქართველოშიც. დარწმუნებული ვარ, რომ გავუმკლავდებით ყველა იმ გამოწვევას, რომლებიც ენერგო-პრო ჯორჯიას მენეჯმენტის დიდი მონდომების მიუხედავად, კვლავ არსებობს. საბოლოო მიზნებად კი კვლავ რჩება, ერთი მხრივ, მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამისთვის საჭირო შესაბამისი პირობების მიღწევა, ხოლო, მეორე მხრივ, თბო და ჰიდროსადგურების შეუფერხებელი, უდანაკარგო ოპერირება“- განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ბოცვაძემ.