როგორ ხვდება დასავლური ჩიპები რუსულ სამხედრო ინდუსტრიაში?

როგორ ხვდება დასავლური ჩიპები რუსულ სამხედრო ინდუსტრიაში?

CNBC-ის ინფორმაციით, კიევის ეკონომიკური სკოლის კვლევაზე დაყრდნობით, ბოლო დროს მოპოვებული რუსული შეიარაღება 1,000-ზე მეტი უცხოური კომპონენტისაგან შედგება. მათი უმეტესობა დასავლურ სახელმწიფოებში წარმოებული ნახევარგამტარებია. ომის დაწყებიდან მალევე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, დასავლური ჩიპები იქ სხვა ქვეყნების დახმარებით მაინც აღწევს.

2022 წელს რუსეთმა $2.5 მილიარდის ღირებულების ნახევარგამტარების იმპორტი განახორციელა. მოგეხსენებათ, ნახევარგამტარები და მიკროჩიპები თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებში წამყვან როლს თამაშობს. დრონების, რადიოელექტრონული სისტემების, რადარების, რაკეტებისა თუ ჯავშანტრანსპორტიორების ფუნქციონირებისათვის ისინი უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს.

კიევის ეკონომიკური სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩენილი კომპონენტების უმეტესობა ექსპორტის კონტროლსა და აკრძალვებს ექვემდებარება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტრანზიტული სახელმწიფოების დახმარებით, ისინი ჩინეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სომხეთიდან, საქართველოდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან, რუსეთში მაინც ხვდება.

აკრძალული ტექნოლოგიების გარდა არსებობს ისეთი პროდუქციაც, რომელიც სანქციების სიაში ვერ მოხვდა. ასეთი ტექნოლოგია ძირითადად ორმაგი დანიშნულების, ორმაგი გამოყენების პროდუქციაა, რომელიც სურვილის შემთხვევაში როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება. მაგალითისათვის, ერთი და იგივე მიკროჩიპი შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც სარეცხის მანქანაში, ისე დრონში.

კიევის ეკონომიკური სკოლის კვლევის თანახმად, რუსულ შეიარაღებაში აღმოჩენილი უცხოური კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების 2/3-ის სათავო ოფისები სწორედ აშშ-ში მდებარეობს, დანარჩენი 1/3-ის კი, ძირითადად, იაპონიასა და გერმანიაშია განლაგებული.

დასავლური მიკროჩიპები და ნახევარგამტარები რუსეთში ჩასვლამდე დიდ გზას გადის. გლობალური ვაჭრობა ხშირ შემთხვევაში პროდუქციის რამდენჯერმე გადაყიდვას ითვალისწინებს ლეგიტიმური ბიზნესების ხელით მანამ, სანამ ისეთი ბიზნესის მფლობელობაში არ აღმოჩნდება, ვისაც რუსეთთან ვაჭრობის შესაძლებლობა აქვს. მოგეხსენებათ, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს მრავალი ქვეყანა არ მიუერთდა, რომელთა შორის საქართველოც გვხვდება.

რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი ჩინეთი გახლავთ, საიდანაც 2022 წლის მეოთხე კვარტალში იქ ნახევარგამტარების ექსპორტის 87% განხორციელდა. ჩინეთთან ერთად ამავე სისტემაში სომხეთი, საქართველო, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები არიან ჩართულნი.

საქართველოდან, სომხეთიდან და ყირგიზეთიდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი 2022 წელს საგრძნობლად გაიზარდა. ამის პარალელურად, გაზრდილია ამავე ქვეყნებში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტიც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საყოფაცხოვრებო ტექნიკაში გამოყენებული მიკროჩიპები ორმაგი დანიშნულებისაა.

აღნიშნული სისტემის გამოაშკარავების შემდეგ, აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს. 2023 წლის ივნისში მიღებული სანქციათა ახალი პაკეტის შესაბამისად, რუსეთში კონკრეტული სანქცირებული პროდუქციის გაყიდვა, მიწოდება, ტრანზიტი და ექსპორტი მესამე ქვეყნების გავლითაც იკრძალება. სანქციათა ახალ პაკეტში სომხეთში, ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული 87 კომპანია მოხვდა, რომელთაც რუსეთის არმიისათვის 15 აკრძალული ტექნოლოგიის მიწოდებაში ედებათ ბრალი.