2022 წელს საქართველოში 34 ჰიდროპროექტის კვლევის ეტაპი დასრულდება და სამშენებლო ეტაპზე გადავა. მათი ჯამური სიმძლავრე 143 მგვტ-ია. დაიწყება სამი მზის პროექტის მშენებლობა, ჯამური სიმძლავრით 77 მგვტ. უკვე მშენებლობის ნებართვის ეტაპზეა 8 მგვტ ქარის ელექტროსადგური. „ჩვენ ერთი წამითაც არ გვაქვს მოდუნების უფლება, რადგან ყოველი პროექტის შეფერხება ზრდის მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულებას“ – ამბობს რომეო მიქაუტაძე Forbes Infrastructure-თან ინტერვიუში.
„თანამედროვე გამოწვევებმა ნათლად დაგვანახა ენერგოდამოუკიდებლობის საჭიროება. მიმდინარე წლის 24 თებერვლის მოვლენებმა აღნიშნული პროცესი დააჩქარა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ნათლად წარმოჩინა ის პრობლემები და გამოწვევები, რაც თან ახლავს სხვა სახელმწიფოზე ენერგოდამოკიდებულებას. საქართველოს აქვს ის პოტენციალი, რომ არა მხოლოდ აითვისოს საკუთარი ენერგორესურსები და დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, არამედ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელოს“, – აცხადებს რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
მიმდინარე წელს ქვეყანაში უკვე შევიდა ექსპლუატაციაში: „ჩორდულა ჰესი“, სიმძლავრე – 1,97 მგვტ, გამომუშავება 9,27 მლნ.კვტ.სთ, რომლის ინვესტიციაც US$ 3,54 მლნ-ია; „ბერალი ჰესი“, სიმძლავრე – 0,9 მგვტ, გამომუშავება 5,3 მლნ.კვტ.სთ, ინვესტიცია US$ 1,1 მლნ და „ახატანი ჰესი“, სიმძლავრე – 0,55 მგვტ, გამომუშავება 2,8 მლნ.კვტ. სთ, ინვესტიცია US$ 0,6 მლნ.
რაც შეეხება წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში ჩასაშვებ პროექტებს, მათი ჩამონათვალია: „როშკა 1 ჰესი“, სიმძლავრე – 1,03მგვტ, გამომუშავება 5,2 მლნ.კვტ.სთ, ინვესტიცია US$ 1,31 მლნ; „როშკა 2 ჰესი“, სიმძლავრე – 1,99 მგვტ, გამომუშავება 9,41 მლნ.კვტ.სთ, ინვესტიცია US$ 2,08 მლნ; „როშკა 3 ჰესი“, სიმძლავრე – 1 მგვტ, გამომუშავება 6,48 მლნ.კვტ.სთ, ინვესტიცია US$ 1,2 მლნ; „კირნათი ჰესი“, დარჩენილი 23,7 მგვტ; „ჯაღორ-ნაშუმი ჰესი“, სიმძლავრე – 1,8 მგვტ, გამომუშავება 8,8 მლნ.კვტ.სთ, ინვესტიცია US$ 2,4 მლნ; „ნაცეშარი ჰესი“, სიმძლავრე – 1,93 მგვტ, გამომუშავება 8,5 მლნ.კვტ.სთ, ინვესტიცია US$ 2,6 მლნ და „შაქშაქეთი 2 ჰესი“, სიმძლავრე – 0,251 მგვტ, გამომუშავება 1,75 მლნ.კვტ.სთ, ინვესტიცია US$ 0,17 მლნ.
ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, გარდამტეხი პროექტები, ნამახვანის გაკვეთილი – ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა ჩვენთან მიქაუტაძემ, რომელსაც ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. 2009-2019 წლებში იგი ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა საჯარო უწყებებსა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ენერგოკომპანიებში. 2018–2019 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი, შემდეგ შპს „ენერგოტრანსის“ ხელმძღვანელი. მიქაუტაძეს ასევე ნამუშევარი აქვს სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიაში, მათ შორის, ისეთ ჰიდროელექტროსადგურებში, როგორიცაა „ვარციხე ჰესების კასკადი“, „ზაჰესი“, „ხრამჰესები“ „ჩხოროწყუჰესი“.
რა ნიშნულს მიაღწევს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა 2025 და 2030 წელს და რომ მოგვიყვეთ იმ პროექტებზე, რომლებიც ამ პერიოდებისთვის არის დაგეგმილი.
2025 – 2030 წლები ის გარდამტეხი პერიოდია, როდესაც საქართველოში აშენდება და ექსპლუატაციაში შევა უმეტესი იმ პროექტებისა, რომელთა განხორციელებაზეც უკვე გაფორმებულია ინვესტორებთან ხელშეკრულება/მემორანდუმები. ეს საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ დამოკიდებულება იმპორტზე და ქვეყანა თითქმის მთელი წლის განმავლობაში მოიხმარდეს ადგილობრივ ბაზარზე გამომუშავებულ ელექტროენერგიას. ინვესტიციების მოცულობები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად დასრულდება პროექტების მშენებლობა და რამდენად მიმზიდველი იქნება ადგილობრივი ბაზარი უცხოელი ინვესტორებისთვის. 2030 წლისთვის ექსპლუატაციაში იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამი ძირითადი ჰიდროობიექტი: ნამახვანი, ხუდონი და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურები.
რა პროცენტს დაიკავებს ქვეყნის ენერგეტიკაში მზისა და ქარის ენერგია 2025/2030 წლისთვის?
განახლებადი ენერგიები, ისეთი როგორიცაა მზე და ქარი, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ინვესტორებისთვის და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იხვეწება მათი გამომუშავების მეთოდები. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში გვაქვს მხოლოდ ერთი ქარის ელექტროსადგური. კვლევა მიმდინარეობს 15-მდე პროექტზე და 1 პროექტი სამშენებლო ეტაპზეა. 2025/2030 წლებისთვის ექსპლუატაციაში იქნება, სავარაუდოდ, 1390 მეგავატი სიმძლავრის მზისა და ქარის ელექტროსადგურები, რაც დაახლოებით 15 %-მდე იქნება ჯამური დადგმული სიმძლავრის.
ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს თუ შევხედავთ, რომლებიც 2007 წლიდან აღირიცხება, ყველაზე მაღალი მოცულობა, 331.6 მილიონი აშშ დოლარი 2007 წელს განხორციელდა და ამის შემდეგ გვაქვს მუდმივი კლება. რა არის ამის მიზეზი და როგორია წლევანდელი მოლოდინი?
„საქსტატის“ მონაცემებს თუ უფრო დეტალურად განვიხილავთ, იმის თქმა, რომ 2007 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მუდმივი კლება გვაქვს, არ იქნება მართებული: მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულად რჩება, წლების განმავლობაში ეს ინდიკატორი ცვალებადია.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაანგარიშება სხვადასხვა კომპონენტს ეფუძნება. ამდენად, ის, რომ 2007 წელს გვქონდა მაქსიმალური ოდენობა, არ ნიშნავს, რომ შემცირდა უცხოური კაპიტალის ინტერესი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მიმართ.
როგორც წესი, მსხვილი ინვესტიციების შემოდინება ხდებოდა მსხვილი ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზაციის დროს. გარდა ამისა, ხდება ქვეყნიდან უცხოური კაპიტალის გატანაც, რაც ჩვეულებრივი პროცესია და უკავშირდება დივიდენდების გატანას, წილის გასხვისებას და ა.შ., ასევე, შესაძლებელია, მოხდეს არარეზიდენტი პირის რეზიდენტად გადაკვალიფიცირება.
აქვე აღვნიშნავ, რომ 2007 წლის მე-4 კვარტალში განხორციელდა მსხვილი უცხოური ინვესტიცია, თუმცა მიმდინარე წლის 1-ელი კვარტალის მაჩვენებელი 39%-ით აღემატება და ასეთი რეკორდულად მაღალი ინვესტიცია წინა არცერთ კვარტალში არ გვქონია.
რაც შეეხება მომავლის მოლოდინს, ამჟამად არსებული მემორანდუმების თანახმად, უახლოეს წლებში 7 მლრდ აშშ დოლარზე მეტ ინვესტიციას ველოდებით. საუბარია არა მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებზე.
ოც წელიწადზე მეტია, წამყვანი პოზიციები გიკავიათ კერძო თუ სახელმწიფო სექტორში, უშუალოდ ენერგეტიკის მიმართულებით. ბოლო ათი წლის განმავლობაში რომელ პროექტ(ებ)ს გამოარჩევდით ყველაზე გარდამტეხად ქართულ ენერგოსექტორში?
გამიჭირდება რომელიმე პროექტის ან პროექტების დასახელება. ჩვენ ჯერ კიდევ დეფიციტური ქვეყანა ვართ ზამთრის თვეებში ელექტროენერგიის გენერაციით, რადგან შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად ადგილობრივი სიმძლავრეები არ გვყოფნის. ამ დანაკლისს ყოველწლიურად იმპორტირებული ელექტროენერგიით ვავსებთ და ასევე იმპორტირებული გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების გენერაციით. ჩვენ ერთი წამითაც არ გვაქვს მოდუნების უფლება, რადგან ყოველი პროექტის შეფერხება ზრდის მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულებას და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სარგებლის მომტანი არ არის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.
გარდამტეხი მომენტი დადგება მაშინ, როდესაც ჩვენ შევძლებთ ელექტროენერგიის წლიური მოხმარების დაკმაყოფილებას მთლიანად შიდა გენერაციით და გავხდებით ნეტ-ექსპორტიორი ქვეყანა. სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება გენერაციის ობიექტების მშენებლობის ხელშეწყობა. არ უნდა ვთქვათ, რომ გვაქვს საკმარისი ელექტროენერგია და აღარ გვჭირდება დამატებითი სადგურების აშენება.
ჩვენ ზაფხულის თვეებში გაგვაქვს ელენერგია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში, მაგრამ როდესაც შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტი ამოქმედდება, დიდი პოტენციალი გვეძლევა, გავყიდოთ ჩვენი ელექტროენერგია ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე. დამეთანხმებით, რომ მსგავსი ტიპის საექსპორტო პოტენციალი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი.
პირადად ჩემი ოცზე მეტი წლის ენერგეტიკის დარგში საქმიანობის განმავლობაში, ერთ-ერთ პროექტს გამოვყოფ – ეს არის 110 კვ. სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი ჯახუნდერი-მესტიის მშენებლობა, რომელშიც პირადად ვიყავი ჩართული და ადგილზე ვხელმძღვანელობდი მთლიან პროცესს. საკმაოდ რთულ კლიმატურ პირობებში მოგვიწია აღნიშნული ხაზის მშენებლობა და ალბათ ეს გახდა მიზეზი, მიმეღო ღირსების ორდენი ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტისათვის, რითაც ძალიან ვამაყობ.
2022 წელს საქართველოში აქტიურად იგეგმებოდა ენერგოეფექტიანი მიდგომების დანერგვა. რას გულისხმობს აღნიშნული “მიდგომები” და აქვე რომ გვითხრათ, რომელი სახელმწიფო შენობებია დღეს ენერგოეფექტიანი?
საქართველოში მნიშვნელოვანი გარდატეხა ენერგოეფექტიანი მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის კუთხით აქტიურად დაიწყო 2019-2020 წლიდან. 2019 წელს ქვეყანამ მიიღო ენერგოეფექტიანობის პირველი სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყანაში შესაბამისი ღონისძიებების სამომავლო დანერგვის საფუძვლად იქცა. ამასთანავე, პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის მაისში დამტკიცდა ორი მნიშვნელოვანი კანონი – „ენერგოეფექტიანობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“, რამაც შექმნა საქართველოში ენერგოეფექტიანობის წახალისების საკანონმდებლო საფუძველი. ამ პროცესის ერთ-ერთი შედეგი იყო, მაგალითად, სახელმწიფო შენობებისათვის ყოველწლიურად საერთო სასარგებლო ფართობის 1%-ის განახლება.
2022 წელს იგეგმება და ნაწილობრივ განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ენერგოეფექტიანობის კუთხით. წელს უკვე დამტკიცდა ოთხი კანონქვემდებარე აქტი, რომელიც გამომდინარეობს „ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონიდან. ამასთანავე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს სხვა აქტების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრეთვე აქტიურად მუშაობს საქართველოს „ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმასა“ და „სახელმწიფოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე“, რომელთა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებასაც ენერგოეფექტიანობა წარმოადგენს.
რაც შეეხება პრაქტიკულ პროექტებს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს არაერთი პროექტი საჯარო შენობების – განსაკუთრებით სასკოლო შენობების განახლების კუთხით. თუმცა აღსანიშნავია, რომ საჯარო შენობების ენერგოეფექტიანობის სრულყოფილი შეფასება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი ტექნიკური საფუძვლის შემუშავების შემთხვევაში – მათ შორის სერტიფიცირებული აუდიტორებისა და ენერგოაუდიტების ჩატარების მექანიზმის არსებობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან თანამშრომლობით უკვე შემუშავებული და აქტიურია მონიტორინგისა და ვერიფიკაციის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი ენერგოეფექტიანი პროექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასებას.
რა ძირითადი გაკვეთილები გვასწავლა ნამახვანმა?
ნამახვანი არის ის დიდი და საჭირო პროექტი, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მთავარი საყრდენი უნდა გამხდარიყო, თუმცა მიმდინარე პროცესებმა პროექტის განხორციელება დროებით შეაჩერა.
ნამახვანმა გვასწავლა ის, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის სწორი კომუნიკაცია. მოსახლეობამ და ადგილობრივმა მკვიდრებმა გაიგონ და სწორად მოხდეს მათთვის ინფორმაციის მიწოდება – ელექტროსადგური შესაძლოა აშენდეს და გაეშვას ექსპლუატაციაში ისე, რომ არც ბუნება დაზიანდეს და არც რომელიმე მოქალაქის ინტერესები შეილახოს.
სამინისტრო და პირადად მე, როგორც ენერგეტიკის სფეროს კურატორი ხელმძღვანელი, ვაპირებ, უფრო აქტიურად ვიყო ჩართული მოსახლეობასთან ურთიერთობაში. მათ უფრო ღრმად და დეტალურად უნდა გავაცნოთ, თუ რა კეთდება, როგორ კეთდება და რაც მთავარია, რა სარგებელსა და სიკეთეს მოუტანს როგორც მთელ ქვეყანას, ისე თითოეულ მოქალაქეს.