ენერგოპროექტები საქართველოს ბანკის პორტფელში | ინტერვიუ ოთარ სვანიძესთან

ენერგოპროექტები საქართველოს ბანკის პორტფელში | ინტერვიუ ოთარ სვანიძესთან

საქართველოს ბანკი ენერგოპროექტების დაფინანსებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სექტორის წასახალისებლად საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფინანსურმა ინსტიტუტმა დაფინანსება უფრო ხელმისაწვდომი გახადა. ენერგოსექტორის განვითარების კუთხით საქართველოს ბანკის ხედვაზე კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოთარ სვანიძე Forbes Georgia-ს ესაუბრა.

ბატონო ოთარ, 2021 წლის ბოლოს თქვენი საკრედიტო პორტფელის 7.5% ელექტროენერგიაზე, გაზისა და წყალმომარაგების სექტორზე მოდიოდა. რამდენად მზარდია ენერგოპროექტების დაფინანსებაზე მოთხოვნა?

ბიზნესის მხრიდან ენერგოპროექტების განხორციელებაზე მოთხოვნა მზარდია, განსაკუთრებით – ბოლო წლების განმავლობაში. ეს ლოგიკურია. ელექტროენერგიის მოხმარების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალო ზრდა 4,5% იყო, რაც ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კორელაციაშია. როცა მოხმარება გამომუშავებას აჭარბებს, სხვაობა იმპორტით ბალანსდება, ამიტომ აუცილებელია, ბიზნესის დაინტერესება რეალობად ვაქციოთ და ელექტროსადგურების მშენებლობას ხელი შევუწყოთ.

გასათვალისწინებელია, რომ ენერგოპროექტები საკმაოდ კომპლექსური და სპეციფიკურია. მათ დაგეგმვას და შემდეგ დასრულებას დიდი დრო სჭირდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, სამომავლო პროექტების განხორციელება რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ.

გარდა ამისა, საინტერესო ტენდენციაა ის, რომ ფინანსურ რესურსზე მოთხოვნა არა მხოლოდ განახლებადი ენერგიის მიმართულებით მომუშავე კომპანიების მხრიდან იზრდება, არამედ სხვადასხვა ბიზნესით დაკავებული საწარმოების მხრიდანაც, რომლებიც ჰესის აშენებას ან შესყიდვას ცდილობენ. მიზანი ერთია: საკუთარი მოხმარების დაკმაყოფილება და ხარჯების დაზოგვა.

გამომდინარე იქიდან, რომ ენერგეტიკა კომპლექსური სფეროა, თქვენ, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, რა გამოწვევებს ხედავთ ენერგოპროექტების დაფინანსებისას?

ენერგოპროექტები ტექნიკურად საკმაოდ რთულად განსახორციელებელია, რაც დიდ გამოცდილებას და ცოდნას მოითხოვს. დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ამას ყურადღებას ვაქცევთ. ამას გარდა, მნიშვნელოვანია სოციალური და გარემოს დაცვის ასპექტი. პროექტის განხორციელებამდე აუცილებლად უნდა შეფასდეს რისკები და მაქსიმალურად მოხდეს მათი მიტიგაცია ისე, რომ ზიანი არ მიადგეს ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს. როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, ეკონომიკური მოდელის გარდა, დაფინანსების წინაპირობად გარემოსა და სოციალურ ზემოქმედებაზე შეფასების დოკუმენტების წარმოდგენა გვაქვს.

სხვა ბიზნესებთან საზიარო ზოგად გამოწვევებს რაც შეეხება, გამოვყოფდი ინფლაციურ გარემოს. სამშენებლო მასალების გაძვირება პროექტის ღირებულებას ზრდის, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებზეც აისახება.

ენერგოპროექტების დაფინანსებისას ალბათ განსხვავებული მიდგომაც გაქვთ…

დიახ, 2021 წლიდან განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსების კუთხით მიდგომა შევცვალეთ. ინვესტორის კაპიტალის პროპორციას ჯამურ ღირებულებაში გადავხედეთ და დაფინანსება უფრო მეტად მოქნილი გავხადეთ. ჩვენს კლიენტებს ფულად რესურსს ვთავაზობთ 15 წლამდე ვადითა და მოქნილი დაფარვის გრაფიკით, რომელიც პროექტის მიერ შესაბამისი მოგების დაგენერირების შესაძლებლობაზეა მორგებული. შევცვალეთ ასევე მიდგომა გარანტირებული შესყიდვის პირობასთან დაკავშირებით. თუ ეს მანამდე აუცილებელი წინაპირობა იყო მცირე და საშუალო ჰესებთან მიმართებით, ახლა ეს მოთხოვნა არ გვაქვს. მცირე და საშუალო ჰესების დაფინანსებას დამოუკიდებლად უზრუნველვყოფთ, ხოლო დიდი ჰესების პროექტებზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ან ადგილობრივ ბანკებთან ერთად ვმუშაობთ. ამგვარად ვცდილობთ, ყველანაირ მოთხოვნას მოვერგოთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ენერგორესურსი დაგვჭირდება.

საინტერესოა ასევე მწვანე ენერგოპროექტებიც… გასულ წელს მზის პანელების შესაძენად სპეციალური სასესხო პაკეტიც შექმენით. დიდია მოთხოვნა?

მოთხოვნა ამ კუთხითაც მზარდია, ჩვენ არაერთი კომპანია დავაფინანსეთ, რათა საწარმოებში მზის პანელები დაემონტაჟებინათ. საკმაოდ წარმატებული მაგალითები გვაქვს, მაგალითად KTW ჯგუფი, „მეტეხი კერამიკა”, კომპანია „კაია“. დასავლურ განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია, მზის ენერგიის გამოყენების ტენდენცია შეინიშნება, სასიხარულოა, რომ ინტერესი საქართველოშიც გაჩნდა. ზოგადად ძალიან საინტერესო და პერსპექტიული მიმართულებაა, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად საწყისი ინვესტიციის მოცულობა შემცირდება და მომავალში უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება.

ცნობილია, რომ საქართველოს ბანკი კლიენტებისთვის ე.წ. მწვანე დაფინანსების უზრუნველყოფის თვალსაზრისით თანამშრომლობს ისეთ დონორებთან, როგორიცაა მწვანე ზრდის ფონდი (GGF) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. რას უზრუნველყოფს ეს თანამშრომლობა თქვენი კლიენტებისთვის?

საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. მათ შორის, მაგალითად, იაფი დაფინანსების, რითაც ბანკს შეუძლია, ბიზნესს უფრო შეღავათიანი სესხი შესთავაზოს პროექტის განსახორციელებლად. გარდა ამისა, მაგალითად, კონკრეტული პროექტები ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს აფინანსებს იმ კომპანიებისთვის, რომელთაც პროექტის განხორციელება სურთ. საერთო ჯამში მსესხებელს ეს ყველაფერი ხარჯებს უმცირებს და საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებს. მსგავსი პროექტი აქამდეც გვქონდა და სამომავლოდ უფრო გააქტიურებას ვაპირებთ. ჩვენი მიზანია, ბიზნესს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და საქართველოში ენერგოპროექტების განხორციელებას ბიძგი მივცეთ.

გამომდინარე იქიდან, რომ ენერგოპროექტების დაფინანსების კუთხით დიდი გამოცდილება გაქვთ, თქვენი აზრით, რა პოტენციალი აქვს ქვეყანას ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით?

საქართველო განვითარებადი ეკონომიკაა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. ეკონომიკის ზრდასთან ერთად ენერგორესურსების მოხმარებაც გაიზრდება. ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსებით, რომლებიც დღეს სრულად ათვისებული არ არის. ასევე დიდ პოტენციალს ვხედავ მზისა და ქარის ენერგიის ათვისების მიმართულებით. სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდში ინვესტორების მხრიდან ინტერესი ასეთ პროექტებზეც გაზრდილია. აღსანიშნავია, რომ ქარისა და მზის სადგურები ნაკლებად სტაბილური წყაროებია და აუცილებელია, გამომუშავება ჰიდრორესურსით დაბალანსდეს. რეგიონის გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, განახლებადი ენერგიის განვითარება და ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. სწორი სოციალური და გარემოსდაცვითი პოლიტიკით, მთავრობის, ბიზნესისა და მოსახლეობის ერთად მუშაობის შედეგად, დარწმუნებული ვარ, ენერგოუსაფრთხოებას მივაღწევთ.

ინტერვიუს ბოლოსკენ საქართველოს ბანკის კორპორაციული მიმართულების შედეგები რომ შევაჯამოთ… როგორი მოლოდინი გაქვთ 2022 წლის ბოლომდე?

ბოლო რამდენიმე წელი ქართული ბიზნესისთვის გამოწვევებით სავსე, საკმაოდ რთული პერიოდი იყო. ჯერ იყო კოვიდპანდემია და მისი შედეგები, რასაც უკრაინაში მიმდინარე ომი დაემატა. ამ ფაქტორებმა, ცხადია, ბიზნესგადაწყვეტილებებზე იმოქმედა და მსხვილი კორპორაციული ბიზნესებისგან დაკრედიტების მოთხოვნაზე აისახა. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც ქვეყანამ და საბანკო სისტემამ, ბიზნესმაც ამ შოკების მიმართ მდგრადობა და სტაბილურობა გამოავლინა. რაც შეეხება უშუალოდ განახლებადი ენერგიის მიმართულებით ჩვენს შედეგებს, საქართველოს ბანკმა ბოლო წელიწად-ნახევარში 85 მეგავატი დადგმული სიმძლავრის სადგურის დაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე დაგეგმვის ეტაპზე მყოფი პროექტებიც აქტიურ ფაზაში გადავა. რაც შეეხება ზოგადად საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, ექვსი თვის შედეგები ოპტიმიზმის საფუძველია, სადაც ჯანსაღი, ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა. ვფიქრობ, წლის ბოლომდე, ინფლაციური გარემოს მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება. მაგალითისთვის, წლიურ ჭრილში, Galt & Taggart-ის პროგნოზით, ზრდა 10%-ის ფარგლებში იქნება.

დაბოლოს, კორპორაციულ საბანკო პორტფელში სექტორების გადანაწილებაზეც რომ ვისაუბროთ, საიდან იზრდება მოთხოვნა და რაზე მცირდება? და ასევე, რა გეგმები გაქვთ პორტფელის გადახალისების მიმართულებით?

ჩვენი პორტფელის გადანაწილება ძალიან ახლოს არის ქვეყნის მშპ-ის სექტორულ გადანაწილებასთან. რაც შეეხება ცვლილებებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ენერგეტიკა იყო სექტორი, სადაც ბოლო დროს შევცვალეთ მიდგომები, ვინაიდან განვითარების შესაძლებლობას ვხედავთ. პროცესი ასე მიმდინარეობს: ვაკვირდებით ბაზარს, რომ გავიგოთ, სად არის პოტენციალი, სად არის საჭიროება და შემდეგ ამ ყველაფერს ჩვენ, როგორც ფინანსურმა ინსტიტუტმა, ფეხი ავუწყოთ. ენერგეტიკის გარდა, ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობა არის პერსპექტიული სექტორი, სადაც განვითარების დიდი სივრცეა. ჯანდაცვისა და განათლების სექტორებსაც რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს. ვაკვირდებით ტენდენციებს და სადაც საჭიროება იქნება, ჩვენც იქ ვიქნებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *