გლობალური რეცესიის რისკები მცირდება, მოსალოდნელია საფონდო ბირჟების აღმასვლა - JPMorgan

გლობალური რეცესიის რისკები მცირდება, მოსალოდნელია საფონდო ბირჟების აღმასვლა - JPMorgan

მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, JPMorgan Chase-ის ანალიტიკოსების შეფასებით, გლობალური რეცესიის განვითარების რიკები მცირდება და მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის “რბილი დაშვების” სტრატეგიამ გაამართლოს.

ანალიტიკოსების პროგნოზს ამყარებს ინფლაციური მონაცემები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკასა და ევროპაში, სავარაუდოდ, ინფლაციამ მაქსიმალურ ნიშნულს უკვე მიაღწია, მომავალში კი სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენციის შემცირებაა მოსალოდნელი.

ხაზგასასმელია, რომ წლის დასაწყისში JPMorgan-ის გუნდი არ იზიარებდა FED-ის მოლოდინებს და მიიჩნევდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია არ იქნებოდა საკმარისი ინფლაციური წნეხის შესამცირებლად.

უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო ბანკის ახალი პროგნოზი ეყრდნობა იმ დაშვებას, რომ ცენტრალური ბანკების აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, გლობალური ინვესტორები შედარებით ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ და ბაზრიდან სრულად გასვლისგან თავს იკავებენ, რაც სწორედ იმითაა განპირობებული, ინვესტორები მწვავე, მრავალწლიანი რეცესიის განვითარებას არ პროგნოზირებენ.

მართალია, FED და ECB მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას განაგრძობენ, თუმცა დასავლეთის მასშტაბით მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების მაჩვენებლის შემცირების მკვეთრი ტენდენცია ჯერაც არ შეიმჩნევა, რაც, თავის მხრივ, ცენტრალურ ბანკებს განაკვეთის უფრო მეტად გაზრდის საშუალებას აძლევს.

JPMorgan-ის შეფასებით, რეცესიის თავიდან არიდებისა და მშპ-ის მაჩვენებლის მხოლოდ ნომინალურად შემცირების შემთხვევაში, ინვესტორების ინტერესი სარისკო აქტივების მიმართ გაიზრდება, გლობალურ საფონდო ბირჟაზე კი აღმასვლის ტენდენცია დაბრუნდება, რაც, ბუნებრივია, პოზიტიურად აისახება კომპანიების აქციებსა და ზოგად საფონდო ინდექსებზე (S&P 500, Nasdaq, Dow Jones).

ზემოხსენებულ მოსაზრებას იზიარებს Oreana Financial Services-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცერიც. ისააკ პოულის შეფასებით, კომპანიების პოზიტიური კვარტალური შედეგები და უმუშევრობის დონის შემცირების სტატისტიკა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ FED-ის სტრატეგია ამართლებს, აშშ-ის ეკონომიკა კი რეცესიის თავიდან არიდებას შეძლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *