გასული წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რასაც წინ უძღოდა ევროპული კომისიის შეფასება და მომდევნო ეტაპამდე შესასრულებელი რეკომენდაციები. ასეთ რეკომენდაციებს შორის მონეტარული ხელისუფლების საკითხიც მოხვდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნება. კომისია მიუთითებს, რომ „სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და უზრუნველყოს მომდევნო მმართველის მოწესრიგებული დანიშვნა“.
თუმცა ევროპული კომისია ცდება, რადგან არარსებულის შენარჩუნება შეუძლებელია. ასეთი რამ რომ შენარჩუნდეს, ამისთვის ჯერ ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მეორე მხრივ, არც მმართველის მოწესრიგებული დანიშვნა უზრუნველყოფს ბანკის დამოუკიდებლობას, რადგან თავად მმართველობითი სტრუქტურა ნაკლებად ქმნის ამისათვის პირობებს.
ეროვნული ბანკის მმართველი – პრეზიდენტი – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ამავე დროს ამ საბჭოს თავმჯდომარეა. საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი და პარლამენტის უმრავლესობით არჩეული წევრებისგან შედგება. ბანკის პრეზიდენტს კი საბჭოს წევრებიდან საბჭოსავე წარდგინებით ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს. ამდენად, ევროპული კომისიის რეკომენდაციის მეორე ნაწილის შესრულება პრეზიდენტსა და ბანკის საბჭოზეა დამოკიდებული. კონკრეტულად კი რეკომენდაციის შესრულება საბჭოსგან კანდიდატის წარდგენას და ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ამ უკანასკნელის დანიშვნას გულისხმობს.
ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის როლი კი განსაკუთრებულია, რადგან უმეტეს მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების ერთპიროვნული მიღების უფლებამოსილება სწორედ მასზეა დელეგირებული. ამასთან, ბანკის პრეზიდენტზეა დამოკიდებული საბჭოს ფუნქციონირება, რადგან საბჭოს სხდომა არაუფლებამოსილია, თუ მას ბანკის მმართველი არ ესწრება. აქედან გამომდინარე, ბანკის უმაღლესი ორგანო – საბჭო – არა კოლეგიურ, არამედ ბანკის მმართველთან არსებულ სათათბირო ერთეულად არის ქცეული.
კონსტიტუციით ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია, მაგრამ რეალობა განსხვავებულია. ბანკის არსებული ინსტიტუციური მოწყობა რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად არახელსაყრელია. ასეთ პირობებში პოლიტიკური ხელისუფლების მიერ ამ უკანასკნელზე კონტროლისთვის არა მთლიანად საბჭოზე გავლენა, არამედ მხოლოდ პრეზიდენტზეც სავსებით საკმარისია. ამდენად, არსებული მდგომარეობა ძირითადი სამართლებრივ-პოლიტიკური დოკუმენტის სულისკვეთებას აცდენილია. ბოლო პერიოდში ამის დამადასტურებელი რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ უამისობა არც ადრეულ წლებში შეიმჩნეოდა.
მაგალითად, 2007 წელი, როცა ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ვადაზე ადრე გადადგა, ხოლო მომდევნო ორი წელი ცენტრალურ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მართავდა. გოცირიძის გადადგომის შემდეგ ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ალექსი ალექსიშვილის კანდიდატურა დასახელდა, მაგრამ მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, ის დამოუკიდებლობის ნაკლებობის მოტივით დაიწუნა. ბურჯანაძე ამბობდა, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობის წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზე მთავრობისგან დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა. ამ პერიოდში ბანკის სტრუქტურაში რადიკალური ცვლილებები განხორციელდა, რითაც ერთპიროვნული მმართველობა ჩამოყალიბდა. მოგვიანებით კი მმართველად გიორგი ქადაგიძე დაინიშნა.
ასეთი რამ 2023 წელსაც განმეორდა. ამ წლის მარტიდან ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას იმ დროისთვის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებდა, მაგრამ საკანონმდებლო ჩარევით, მოვალეობის შემსრულებელი შეიცვალა. თუმცა ეროვნული ბანკი არც ამ ჩარევამდე ყოფილა დამოუკიდებელი, რაზეც ბოლო წლების რამდენიმე გარემოება მიუთითებდა. ასეთებს შორის იყო პანდემიის პერიოდის მონეტარული პოლიტიკა და სავალუტო ინტერვენციები, სადაც პრემიერ-მინისტრის გავლენა იკვეთებოდა.
ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური ხელისუფლების გავლენების კიდევ ერთი გამოვლინება გასული წლის სექტემბერში იყო, როცა აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორისთვის დაწესებულ სანქციებს ეროვნულმა ბანკმა მისთვის „აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულებაზე“ შეზღუდვით უპასუხა. ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის თავმჯდომარის მუქარანარევი კრიტიკა და ქმედების არაკონსტიტუციურად შეფასება მოჰყვა. ამ განცხადების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დაუყოვნებლივ, იმავე დღეს, შეცვალა მის მიერ 2023 წლის აგვისტოში გაცემული ბრძანება.
ამრიგად, რიგი გამოცდილება მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებლობის ნაკლებობით გამოირჩევა. დამოუკიდებლობა არსებითია, რადგან ცენტრალური ბანკის უფლებამოსილების განხორციელება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დისტანცირებას მოითხოვს. ამ ინსტიტუტის ძალაუფლების მასშტაბურობა უპირველეს ყოვლის ფულის ემისიისა და მასზე მონოპოლიის ფლობაში გამოიხატება, რადგან ამით ეროვნული ბანკი ყველა იმ ადამიანზე ახდენს გავლენას, ვინც გაცვლაში ეროვნულ ვალუტას იყენებს. აღნიშნული გამომდინარეობს იქიდან, რომ ცენტრალური ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
თუმცა ბანკის ძალაუფლება ამით არ ამოიწურება. ცენტრალური ბანკი ფინანსური ინსტიტუტების (კომერციული ბანკები, მიკრობანკები, საბროკერო კომპანიები, საფონდო ბირჟები, საინვესტიციო ფონდები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო პროვაიდერები და სხვა) ლიცენზირების, სანქციების, მმართველობაში ჩარევის და სხვა მარეგულირებელ და საზედამხედველო ძალაუფლებას ფლობს. ამდენად, ეროვნული ბანკი ის ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც არსებითად აკონტროლებს საფინანსო სისტემას. ეს კი საფინანსო სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის ფუნქციიდან გამომდინარეობს.
ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის ფარგლებში მთავრობისგან დამოუკიდებელ მოქმედებას გულისხმობს. მთავრობებს, მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა დასაქმების დონის ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტის ინფლაციური დაფინანსება და დაბალი საპროცენტო განაკვეთები, ახასიათებს ინფლაციური მიკერძოება – მონეტარული გაფართოება. შედეგად, ფასების საერთო დონის ზრდის ტემპი არაოპტიმალურია. აქედან გამომდინარე, საჭიროა ცენტრალური ბანკის მთავრობისგან დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. სწორედ ამ თეორიულ მსჯელობაზე დგას დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკის იდეა.
დაბოლოს, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა პირველ რიგში სათანადო ინსტიტუციური და მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს, სადაც მთავრობის სურვილს – აკონტროლოს მონეტარული პოლიტიკა – გასაქანი არ დარჩება.