საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვებაზე მუშაობს. რა ეტაპზეა პროცესი და რას უნდა ველოდოთ ციფრული ლარისგან? საკითხზე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ გადაცემა Forbes Talks-ში დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, ციფრული ეროვნული ვალუტა გადახდის სწრაფი, მარტივი და თანამედროვე ფორმა იქნება, რომელიც მსოფლიოს ტექნოლოგიურ განვითარებას ფეხს აუწყობს.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში ცენტრალური ბანკების 85% უკვე მუშაობს ციფრულ ვალუტაზე, ზოგი კვლევით ეტაპზეა, ზოგი ტესტავს, ზოგმა უკვე დანერგა კიდეც, მათ შორის ჩინეთმა და ბაჰამამ. „ჩვენც გვინდა, რომ ამ ტრენდის მოწინავეთა რიგებში ვიყოთ“, – აღნიშნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ციფრულ ლარს მხოლოდ ეროვნული ბანკი გამოუშვებს. პაპუნა ლეჟავას თქმით, დიდი ალბათობით, ელექტრონული ფული ბლოკჩეინის ტექნოლოგიას დაეფუძნება, რომელსაც დღეს არაერთი კრიპტოვალუტა იყენებს. ციფრულ ლარსა და კრიპტოვალუტას შორის იქნება მსგავსებებიც და განსხვავებებიც.
„ბევრი მსგავსებაა, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ ჭრილში. ესეც დიდი ალბათობით ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული, ასევე იქნება სწრაფი, იაფი გადახდის საშუალება. თუმცა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, არ მოხდება ე.წ. მაინინგი. ციფრულმა ლარმა რაღაც სერვისებში შეიძლება კონკურენცია გაუწიოს კრიპტოვალუტებს, თუმცა მას არ ექნება სპეკულაციური დაგროვების ხასიათი, როგორც კრიპტოვალუტებს აქვთ“, – აღნიშნა ლეჟავამ.
აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ციფრული ლარის ფინანსური სპეკულაციებისთვის გამოყენება ვერ მოხდება, ვინაიდან ის ე.წ. მაინინგზე არ იქნება დამოკიდებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრონული ფულით სარგებლობა მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტად იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მის განკარგვას ინტერნეტის გარეშეც შეძლებთ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება იმ რისკებზე გაამახვილა, რომლებიც, შესაძლოა, მიმოქცევაში ციფრული ლარის ჩაშვებას მოჰყვეს. მაგალითად, იმისთვის, რომ გადახდის ახალი ფორმის დანერგვამ ბანკებიდან სტანდარტული ფულის გადინება არ გამოიწვიოს, ელექტრონულ საფულეებში მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ციფრული ვალუტის შენახვა იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეროვნული ბანკის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ ციფრული ლარი არათუ გადახდის რისკისშემცველი ფორმა, არამედ კიბერდანაშაულთან ბრძოლის ახალი ინსტრუმენტი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ ციფრული ლარის მფლობელთა მონაცემები მხოლოდ იმ ელექტრონულ საფულეში იქნება თავმოყრილი, სადაც მომხმარებელი ციფრულ ვალუტას შეინახავს. როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნულ ბანკს მის მესაკუთრესთან უშუალო შეხება არ ექნება და, შესაბამისად, მსგავს ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება.
პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ელექტრონული ვალუტის საპილოტე ვერსია მოხმარებაში მომავალი წლის განმავლობაში ჩაეშვება. მისი ინფორმაციით, ციფრული ლარის გამოყენება საწყის ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, საცალო ვაჭრობის ბაზარზე იქნება შესაძლებელი. იმისთვის, რომ ციფრული ლარი გადახდის ლეგალურ საშუალებად იქცეს, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საჭიროდ საკანონმდებლო ცვლილებებს მიიჩნევს.