“მედიაში დღეს გავრცელებული აუდიტორული კომპანია “დელოიტის” წერილი ეხება სს “თიბისი ბანკის” მიერ სს “პროგრეს ბანკის” აქტივებისა და ვალდებულებების შეძენასთან დაკავშირებული გარიგების მომენტში ხელმომწერი პირის უფლებამოსილების საკითხს და არანაირი კავშირი არ აქვს “პროგრეს ბანკის” გადარიცხვებთან დაკავშირებულ რაიმე დასკვნასთან.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მედიაში გავრცელებული ე.წ. დოკუმენტი, რომელიც ვითომდა ფულის გათეთრების თემას უკავშირდება, საქართველოს ეროვნული ბანკს არ აქვს. ჩვენ მივმართეთ “თიბისი ბანკს”, თუკი მათთან არსებობდა მსგავსი დოკუმენტი დაუყოვნებლივ გადაეცათ პროკურატურისათვის და მოეწოდებინათ ეროვნული ბანკისათვის. თუმცა, “თიბისი ბანკმა” დაადასტურა, რომ მედიაში გავრცელებული შინაარსის მქონე აუდიტორული დასკვნა “თიბისი ბანკს” არ მიუღია და, შესაბამისად, არც გააჩნია.
ეროვნული ბანკისა და საფინანსო სისტემის მისამართით გამოთქმული მსგავსი უპასუხისმგებლო და მიზანმიმართულად არასწორი განცხადებები წარმოადგენს საფინანსო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობას და მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის იმიჯს”.