ერთ თვეში მასკის ქონება $50 მილიარდით შემცირდა, თუმცა SpaceX-ის CEO ტრილიონერობას უახლოვდება

ერთ თვეში მასკის ქონება $50 მილიარდით შემცირდა, თუმცა SpaceX-ის CEO ტრილიონერობას უახლოვდება

ფოტო: Andrew Harnik/Getty Images

 

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით $51.5 მილიარდით შემცირდა, რაც Tesla-ს აქციების მკვეთრ კლებას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, SpaceX-ის მოახლოებულმა IPO-მ მასკი შესაძლოა ამ კვირაშივე ისტორიაში პირველ ტრილიონერად აქციოს.

Tesla-ს აქციების ფასი, რომელმაც 13 მაისს პიკურ მაჩვენებელს, $453.40-ს მიაღწია, ოთხშაბათს სავაჭრო დღის დასრულებისას $381.59-მდე დაეცა. კომპანიის საბაზრო ღირებულების კლებამ ილონ მასკის ქონება დაახლოებით $782 მილიარდამდე შეამცირა.

Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, მასკი კვლავაც მნიშვნელოვნად უსწრებს მსოფლიოს დანარჩენ მილიარდერებს. შედარებისთვის, მეორე და მესამე ადგილებზე მყოფი Google-ის თანადამფუძნებლების, ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის ქონება, შესაბამისად, $290.9 მილიარდსა და $268.3 მილიარდს შეადგენს.

მიუხედავად Tesla-ს აქციების ვარდნისა, ზოგიერთი ანალიტიკოსი კომპანიის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. მაგალითად, JPMorgan-მა Tesla-ს აქციების სამიზნე ფასი $475-მდე გაზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანია ავტონომიური მართვისა და რობოტიკის მიმართულებით ლიდერის პოზიციას იკავებს და „ფიზიკური AI-ის“ განვითარების წინა ხაზზეა.

მასკისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენა SpaceX-ის ბირჟაზე გასვლაა. კომპანია IPO-ს საბოლოო ფასს, დღეს, ხუთშაბათს განსაზღვრავს. არსებული გეგმის მიხედვით, SpaceX-ი დაახლოებით 555.6 მილიონი აქციის $135-ად გაყიდვას გეგმავს, რაც $75 მილიარდის მოზიდვისა და კომპანიის $1.77 ტრილიონად შეფასების შესაძლებლობას შექმნის.

Forbes-ის შეფასებით, მასკი SpaceX-ის დაახლოებით 42%-ს ფლობს. თუ IPO-ზე ერთი აქციის ფასი მართლაც $135 იქნება, მისი წილის ღირებულება დაახლოებით $688 მილიარდს მიაღწევს, რაც მის მთლიან ქონებას ტრილიონ დოლარზე მაღლა აიყვანს. ეს ყველაფერი კი მასკს მსოფლიოს პირველ ტრილიონერად აქცევს.

ამასთან ერთად, ბირჟაზე SpaceX-ის წარმატებული დებიუტის შემთხვევაში, მასკი პირველი ადამიანი გახდება, რომელიც ერთდროულად ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ორი კომპანიის – Tesla-სა და SpaceX-ის – აღმასრულებელი დირექტორია.

თუმცა ოპტიმიზმს ყველა ანალიტიკოსი არ იზიარებს. საინვესტიციო კომპანია Morningstar-ი მიიჩნევს, რომ SpaceX-ის სამართლიანი ფასი ერთ აქციაზე დაახლოებით $63 უნდა იყოს, ხოლო ცნობილი ინვესტორი მაიკლ ბარი აცხადებს, რომ კომპანიის საჯარო დოკუმენტებში არ არსებობს საფუძველი, რომელიც SpaceX-ის $1 ტრილიონზე, მით უმეტეს $2 ტრილიონზე მეტ შეფასებას გაამართლებდა.