ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „როსკოსმოსთან“ ერთად მიმდინარე წელს დაგეგმილი მისია ExoMars-ი განხორციელდეს. ორგანიზაციები აღნიშნული მისიის ფარგლებში მარსზე როვერის, Rosalind Franklin-ის გაგზავნას აპირებდნენ, რომელიც ბრიტანელი ქიმიკოსის სახელს ატარებს.
ExoMars-ის სავარაუდო გადადების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო თავდასხმა და ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ დაწესებული მკაცრი სანქციებია. ცნობისთვის, მისიის ფარგლებში მარსმავლის დახმარებით წითელ პლანეტაზე სიცოცხლისა და წყლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიება, ასევე ციური სხეულის ატმოსფეროს გამოკვლევა იგეგმება.
ESA და „როსკოსმოსი“ ერთობლივ პროგრამაზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში მუშაობდნენ. ინიციატივის ფარგლებში კოსმოსურმა სააგენტოებმა 2016 წელს მისიის პირველი ეტაპი განახორციელეს და მარსისკენ ხომალდი და სატესტო დასაჯდომი მოდული გაუშვეს. ხომალდმა მარსის ორბიტაზე შესვლა წარმატებით შეძლო, თუმცა საცდელი ლენდერი ციურ სხეულზე დაშვებისას პროგრამული ხარვეზის გამო ჩამოვარდა.
ცნობისთვის, მარსმავალი Rosalind Franklin-ი ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების მიერ არის შექმნილი. რაც შეეხება რუსეთის კოსმოსურ სააგენტოს, „როსკოსმოსს“, ის ციურ სხეულზე დასაჯდომ მოდულსა და ზოგიერთ ხელსაწყოზეა პასუხისმგებელი, რომლითაც მარსმავალი იქნება აღჭურვილი.