გასული შაბათ-კვირის შედეგები რუსულ ბაზრებზე

გასული შაბათ-კვირის შედეგები რუსულ ბაზრებზე

მას მერე, რაც გასულ კვირას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის ბირთვული ძალები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა, აგრესორი ქვეყნისადმი დაწესებული სანქციების პაკეტი კიდევ უფრო გაფართოვდა, რამაც კატასტროფულად უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა როგორც რუსული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციაზე, ასევე რუსულ რუბლზე.

რთული შაბათ-კვირის შემდეგ და მოსალოდნელი ფინანსური კოლაფსის გამო, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ორშაბათს მოსკოვის საფონდო ბირჟა არ გახსნა – ცნობისთვის, გასულ კვირას მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი (MOEX) 1000 პუნქტით დაეცა, რაც დაახლოებით 30%-იან კლებას ნიშნავს. ისე კი, კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის გარდა, უცხოურ ვალუტებთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა რუსული რუბლიც, რის გამოც, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 20%-მდე აწევის გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ რუბლის გაუფასურებისა და რუსული ფულის ბიტკოინში მატერიალიზაციის მოლოდინის ფონზე, ბოლო 24 საათში ბიტკოინის ფასმა 13%-ით იმატა, ხოლო კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ $821 მილიარდი შეადგინა, რაც გაცილებით მეტია რუსული რუბლის ფულის მასაზე, რომელმაც 1-ლი თებერვლის მონაცემებით, 65.3 ტრილიონი რუბლი, ანუ დაახლოებით $638 მილიარდი შეადგინა.

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები ნედლი ნავთობის ფასებზეც აისახა – ორშაბათის წინასაბაზრო ვაჭრობაში ნედლი ნავთობის ფასი 9%-ზე მეტად იყო გაზრდილი, მაგრამ ვაჭრობის გახსნის შემდეგ 4.18%-იან ნიშნულზე დასტაბილურდა. ამასთანავე, საგრძნობლად გაიზარდა საბაზრო ვოლატილობის Cboe ინდექსი (VIX), რომელიც ბაზრის გახსნამდე 18%-ით გაიზარდა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს მიერ გამოთქმული მყარი პოზიციის შემდეგ, 9%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ომის ფონზე, კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსულ ნავთობს ემბარგო დაადო. „გვსურს განვაცხადოთ, რომ სრულად ვკრძალავთ რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტს – ინდუსტრიიდან, რომელმაც პრეზიდენტ პუტინს და მის ოლიგარქებს მეტად მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას რუსული ნავთობის გარიგებების ფინანსირება ჩინეთის ბანკმაც შეწყვიტა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.