EU-დან და ბრიტანეთიდან საქართველოში მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

EU-დან და ბრიტანეთიდან საქართველოში მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ფოტო: euneighbourseast.eu

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი რაოდენობის საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა. მისივე ცნობით, წლის პირველ ნახევარში აღნიშნული ბაზრებიდან ქვეყანაში 249,201 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.4%-ით მეტია.

ადმინისტრაციის ანგარიშის თანახმად, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა მეორე კვარტალშიც. აპრილ-ივნისის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 152,975 ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.4%-იან ზრდას წარმოადგენს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ში გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა სლოვაკეთიდან (+51.2%), ფინეთიდან (+50.3%), ხორვატიიდან (+46.5%), მალტიდან (+42.1%) და სლოვენიიდან (+41.1%).

ანგარიშის თანახმად, ზრდის ტენდენცია ასევე დაფიქსირდა ესპანეთიდან (+35.7%), ნიდერლანდებიდან (+35.5%), ლიეტუვიდან (+35.2%), შვედეთიდან (+32.9%), რუმინეთიდან (+32.2%), კვიპროსიდან (+30.8%), ავსტრიიდან (+29.3%), საფრანგეთიდან (+28.0%), უნგრეთიდან (+26.3%), პორტუგალიიდან (+26.2%) და იტალიიდან (+24.1%).

როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, ევროპული ბაზრებიდან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა ასევე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2026 წლის იანვარ-ივნისში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიღებულმა შემოსავალმა 335.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58.6 მილიონი დოლარით მეტია. ეს 21.2%-იან ზრდას გულისხმობს.

მეორე კვარტალში აღნიშნული ბაზრებიდან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 194.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.1 მილიონი დოლარით მეტია და 12.1%-იან ზრდას წარმოადგენს.