ფოტო: Boris Stroujko/Shutterstock
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.
მისივე ინფორმაციით, წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანაში 2,272,964 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,601 ვიზიტით, ანუ 0.1%-ით მეტია.
ამავე პერიოდში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ 3,050,173 შეადგინა, რაც 2025 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 103,568 ვიზიტით, ანუ 3.3%-ით ნაკლებია.
მხოლოდ მეორე კვარტალში, აპრილ-ივნისის პერიოდში, საქართველოში 1,275,435 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35,981 ვიზიტით (2.7%-ით) ნაკლებია. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა ამავე პერიოდში 1,749,668 იყო, რაც წლიურად 89,245 ვიზიტით, ანუ 4.9%-ით შემცირდა. მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით ნაკლებია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებით, კლების ძირითადი მიზეზი რეგიონულ კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ ავიამიმოსვლის შეზღუდვებს უკავშირდება, რამაც ცალკეული ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების შემცირება გამოიწვია. უწყების განმარტებით, დივერსიფიკაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ბაზრებზე განხორციელებული აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად, მოსალოდნელი უარყოფითი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა და ზრდა სხვა სამიზნე ბაზრებიდან დაფიქსირდა.
ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდული 249,201 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 23.4%-იანი ზრდაა. მეორე კვარტალშიც დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი, 152,975 ვიზიტი, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.4%-ით მეტია.
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იანვარ-ივნისში რეკორდულ 335.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58.6 მილიონი დოლარით, ანუ 21.2%-ით მეტია. მეორე კვარტალში ამ ბაზრებიდან მიღებულმა შემოსავალმა 194.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 12.1%-იანი ზრდაა.
ზრდა ფიქსირდება სხვა დივერსიფიცირებულ ბაზრებზეც. კერძოდ, 2026 წლის პირველ ნახევარში ჩინეთიდან საქართველოში 54,554 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 16.7%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. მეორე კვარტალში ზრდამ 3.2% შეადგინა. შუა აზიის ქვეყნებიდან იანვარ-ივნისში 115,416 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 3.1%-იანი ზრდაა, ხოლო მეორე კვარტალში ზრდამ 6.9% შეადგინა.
ცნობისთვის, გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია 2026 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ზრდის ტემპის 3-4%-ით შენელებას პროგნოზირებს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს რეგიონული კონფლიქტების ხანგრძლივობასა და მათი გავლენის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული.











